logo_geo
„ხელში ელექტროშოკერები ეჭირათ, დაგენ...ათ, ბადრის ლეკვებოო“ – „იმედი“, 2007 წლის 7 ნოემბერი
- +

8 ნოემბერი. 2018. 11:57

 

„ოთახი სავსე იყო სპეცრაზმელებით, ყველა მათგანს ნაქსოვი შავი ნიღაბი ეკეთა, შავი ქურთუკი ეცვა და ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ავტომატი. იატაკზე დაყრილი ხალხი პანიკაში იყო, სპეცრაზმელები ოთახში დააბოტებდნენ და ტელეფონებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ ჩვენი ხმა თავიანთი ღრიალით დაეფარათ. მაგიდაზე ხელკეტებს ურტყამდნენ და ოთახში შეყრილ გოგონებს „ბადრის მუტ…ს“ გვეძახდნენ. ტელევიზორში, რომელიც „ქრონიკის“ ოთახის კუთხეში იდგა, ჯერ კიდევ ჩანდა საინფორმაციო სტუდია, დაბნეული სპეცრაზმელები ღრიალებდნენ: „ესენი ისევ ეთერში არიან, ამათი დედა მოვტ...ო…“

 

ზედა სართული თითქმის დაცლილი იყო თანამშრომლებისგან. „ნიუს რუმში“ იარაღიანმა თავდამსხმელმა შემიყვანა, სადაც სკამებზე ისხდნენ საეთეროდან გამოყრილი ჩემი თანამშრომლები, მათ შორი იყო ჩემი ფეხმძიმე მეგობარი, დიანა ტრაპაიძე, რომელზეც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. მთელ შენობაში საშინელი პანიკა სუფევდა. გოგონები ტიროდნენ. ჩვენს გაჩუმებას ჩვენი თავდამსხმელები „ბადრის მონებოს“ ძახილით ცდილობდნენ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა...“, - ეს ახსნა-განმარტება თეა ადეიშვილმა ადვოკატებს შალვა შავგულიძეს და სოსო ბარათაშვილს პროკურატურაში წარსადგენად 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე მისცა.

 

2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წელი გავიდა…

 

თეა ადეიშვილთან ერთად, პროკურატურაში წარსადგენად 130 ჟურნალისტის ჩვენება იდო იმ საქმის მასალებში, რომელმაც დღის სინათლე ვერ იხილა.

 

ამ 130 ჟურნალისტიდან ევროსასამართლოში მხოლოდ 10 ჟურნალისტის საჩივარი შევიდა, ისიც 2010 წელს.

 

ტელეკომპანია „იმედის“ მაშინდელი ადვოკატი შალვა შავგულიძე ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ საქმე მთლიანად მზად იყო სტრასბურგში გასაგზავნად, მაგრამ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ საჩივარს ხელი არ მოაწერა.

 

უფრო მეტიც, ისინი ადვოკატებისგან მოითხოვდნენ, თავად მათ ეთქვათ უარი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე, რაზეც ადვოკატებისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

 

„მე და სოსო ბარათაშვილმა ვეებერთელა საჩივარი დავწერეთ, სადაც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის გარდა, საუბარი იყო უამრავ სხვა სამართალდარღვევაზეც. მოიცავდა ტელევიზიის მიმართ ადმინისტრაციულ დავებსაც.

 

საჩივარი ჩაბარდა ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც და სამეთვალყურეო საბჭოსაც. მაშინ უკვე ჯოზეფ კეი ხელმძღვანელობდა ტელევიზიას.

 

შემდეგ, როგორც ვიცი, ჟურნალისტების მხრიდან რაღაც ინდივიდუალური საჩივრები გაიგზავნა სტრასბურგში“.

 

ადგილობრივი სამართალწარმოებისთვის მაშინ არავის მიუმართავს. არც ადმინისტრაციული დავები გაუგრძელებია ვინმეს და არც პროკურატურაში გაუგრძელებია ვინმეს ჩივილი იმ მოტივით, რომ საქმე აღძრულიყო.

 

შალვა შავგულიძე: „ჩვენ მოვამზადეთ ერთიანი სარჩელი „იმედის“ სახელით, რომელსაც თან ახლდა ყველა ის 130 ახსნა-განმარტება, რომელიც ჩვენ ჟურნალისტებისგან მივიღეთ, სადაც აღწერდნენ, რა მოხდა იმ დღეს, 2007 წლის 7 ნოემბერს...“

 

ამ 130 ჟურნალისტს შორის იყო „დროების“ ჟურნალისტი მაია ასათიანი: „უეცრად გავიგონე ხმაური. პირველ სართულზე ასვლისთანავე დავინახე, რომ შენობის ფოიე შავ სამოსსა და ამავე ფერის ნიღბებში ჩაცმულ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ადამიანებს დაეკავებინათ. მივხვდი, რომ ზემოთ პირველ სართულზე ასვლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ ისევ უკან სასადილოში გამოვიქეცი. ასევე სირბილით ეგრეთწოდებული სპეცრაზმელები მომყვებოდნენ

 

კიბეებზე ასვლის დროს დავინახეთ, რომ შენობა შავებში ჩაცმულ შეიარაღებულ ნიღბოსნებს დაეკავებინათ. მათ კიბეებზე ჩამოყავდათ, ბადრი პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი პაატა ჩახნაშვილი, „იმედის“ საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი თარგამაძე, გადაცემა „დროების“ მთავარი პროდიუსერი ლევან ვეფხვაძე...“

 

ლევან ვეფხვაძე: „მესამე სართულის დერეფანში გაისმა შეძახილი „ყველანი ძირს“ და გამოვედი დერეფანში. დავინახე სამი ადამიანი სპეცრაზმელის შავ ფორმაში და სახეზე ნიღბით. მათ ეკიდათ ჩემთვის უცნობი ტიპის პატარა ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პირველი შეძახილი იყო „დროზე იატაკზე დაწექით“.

 

... მე დერეფნის გასწვრივ ვუყურებდი შავფორმიანების სართულზე მოძრაობას. მესამე სართულიდან ჩანს ნიუსის სტუდია და ისინი, როგორც ჩანს, უყურებდნენ თარგამაძეს. ჩემს გვერდით მდგომმა, ჩემზე დაბალი, თუმცა საკმაოდ ჩასხმული აღნაგობის შავნიღბიანმა მომცა შენიშვნა „ნუ იყურები!“ როცა ამ ბრძანებას არ დავემორჩილე, ჩემთან მოვიდა უფრო ასაკოვანი, დაახლოებით 45 წლის შავნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა ელექტროშოკერი და მითხრა: „ხომ იცი, რა არის საჭირო, რომ პრობლემები არ შეგექმნას? შეტრიალდი და არ მობრუნდე“.

 

ლევან ჯავახიშვილი: „დაახლოებით 15 ადამიანი საეთეროდან პირველ სართულზე ჩამოგვიყვანეს, სადაც უამრავი ადამიანი მიწაზე იყო დაწვენილი ისე, როგორც ეს მხატვრულ ფილმებშია. მათ თავზე ნიღბიანები ედგნენ და იარაღის ლულები ჰქონდათ მიშვერილი. ზოგიერთი სპეცრაზმელი გოგონებს აგინებდნენ თქვე „ბადრის პუტანკებოო“. მე ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა: „დაგენძრათ, ბადრის ლეკვებოო“, თან ავტომატის კონდახი მომიღერა.

 

…როდესაც ლუბლიანას ქუჩაზე გამოგვიყვანეს, კარები ჩაგვიკეტეს, უცებ გინება და სროლის ხმა გავიგე. ლუბლიანას ქუჩაზე სპეცრაზმი ე.წ. რობოტები იდგნენ და ჩვენს დასარბევად გამოემართნენ. მე გაქცევა ვერ მოვასწარი, ორი ტყვია (რეზინის) ფეხებში მომხვდა. როცა შემოვტრიალდი და გავიქეცი, ორი რეზინის ტყვია ზურგში მომარტყეს, თან გვაგინებდნენ. დაახლოებით 10-12 წუთი საავადმყოფოებამდე გვდიეს. თავს დიღმის მანქანის ბაზრობაზე გაქცევით ვუშველე…“

 

ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთ ჟურნალისტს არ გაუსაჩივრებია საქმე სტრასბურგში.

 

„იმედის“ მაშინდელი ადვოკატი, შალვა შავგულიძე ჩვენთან საუბრისას იხსენებდა, თუ როგორ სთხოვა მას ბადრი პატარკაციშვილმა, გაეკეთებინა ყველაფერი, მიემართა ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმისთვის, რათა ტელეკომპანია „იმედი“ გადარჩენილიყო.

 

2009 წლის დეკემბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ მოცემული საქმე ევროსასამართლოში წარადგინა. 2009 წლის 22 დეკემბერს ათივე მომჩივანმა საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას. 14 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ აცნობა მომჩივნებს, რომ მათი საჩივარი, მომდევნო ღონისძიებების გასატარებლად, გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის ოფისის საგამოძიებო ნაწილში.

 

2010 წლის 30 მარტსა და 15 აპრილს მომჩივნებმა საჩივრით მიმართეს ევროპულ სასამართლოს.

 

ევროსასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელე, რომელიც თავს მთავრობის მიერ განხორციელებული არაკანონიერი ქმედების მსხვერპლად მიიჩნევს, ვალდებულია, კონვენციის 35-ე მუხლის I პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, გამოავლინოს გულმოდგინება და ინიციატივა და გადადგას გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს საქმეზე წარმოებულ გამოძიებას ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გონივრულ ვადებში შეიტანოს სარჩელი. სარჩელის შეტანა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც პირმა იცის ან მისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ საქმეზე არ მიმდინარეობს ეფექტური გამოძიება.

 

როდესაც ევროსასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანაში გადამწყვეტ როლს თამაშობს დროის ფაქტორი, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოთხოვნა უფლებამოსილი ორგანოებისა და ევროსასამართლოს წინაშე გონივრულ ვადებში იყო წარდგენილი.

 

დროის გასვლასთან ერთად, მოწმეებს ავიწყდებათ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, არსებობს მოწმეების გარდაცვალების ან გაუჩინარების და საქმეზე არსებული მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ასეთ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კარგავს აქტუალურობას და ხდება გამოუსადეგარი და არაეფექტური.

 

სასამართლოს დასკვნით, მომჩივნებმა საქმეზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით თბილისის პროკურორს პირველად მხოლოდ 2009 წლის 4 და 22 დეკემბერს მიმართეს. აქედან გამომდინარე, 2 წელზე მეტ ხანს, მომჩივნებს არ გამოუვლენიათ მცირეოდენი ინტერესიც კი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

 

გარდა ამისა, თუ მომჩივნები დარწმუნებულები იყვნენ მთავრობის მიერ ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩატარების შეუძლებლობაში, მათ შეეძლოთ ევროსასამართლოსთვის მიემართათ „იმედის“ მიმართ დარბევის განხორციელებიდან ექვსთვიან პერიოდში, არა უგვიანეს 2008 წლის 7 მაისისა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნების მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მასალა ნათლად არ ასახავს უმოქმედობის მიზეზებს და იმას, თუ რატომ არ მიმართეს ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნების ორწლიანი უმოქმედობა და ინდიფერენტულობა საქმის გამოძიების მიმდინარეობის მიმართ, არ შეესაბამება კონვენციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტს.

 

აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს „იმედის“ საქმესთან დაკავშირებული 10 საჩივარი დაგვიანებით წარედგინა და სასამართლომ, კონვენციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების საფუძველზე, საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

 

2013 წლის 9 აპრილს ევროსასამართლომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე შეტანილი სარჩელი დაუშვებლად გამოაცხადა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი