logo_geo
სოსო ოხანაშვილი: ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში - მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა...
- +

16 იანვარი. 2017. 13:39



პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ გახდა პატრიარქის პირადი მცველი.

 

„პატრიარქის სტიქაროსანი 2003 წლის 18 იანვარს გავხდი. „ფორმიანი" სტიქაროსანი რამდენიმე ვიყავით. 2003 წლის აგვისტოში ერაყში წავედი. ჩვენმა ნაწილმა - პირველმა სამხედრო ქვედანაყოფმა (სულ 34 წევრი - 7 სპეცდანიშნულების ოფიცერი და 27 ჯარისკაცი) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მიიღო მონაწილეობა... მეთაური იყო გელა ჭედია (დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს ომში).

 

ერაყში წასვლის წინ პატრიარქმა მითხრა, - აბა, შენ იცი, მშვიდობით მოიარე, ოღონდ შეეცადე, კაცი არ მოკლა და თუ ვინმეს ტყვედ ჩაიგდებთ, სიცოცხლე შეუნარჩუნეთო. პატრიარქის ეს სიტყვები სულ მახსოვდა. ერაყში მყოფი სხვა ქვეყნების ჯარისკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად ითხოვდნენ ტყვეების დასჯას - პასუხს ვერავინ გვაგებინებსო, ჩვენ ვცდილობდით, ისინი ცოცხლები დაგვეტოვებინა.

 

ერაყიდან დაბრუნებულს პატრიარქმა მოულოდნელად მკითხა, - არ გინდა, ჩემთან იყოო? სადაც წავალ, თან რომ მახლდე და ზოგადად ეს სამსახური ააწყოო. თავიდან არც დავიჯერე - ვყოფილიყავი პატრიარქის პირადი მცველი. ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო.

 

2004 წლის 12 მაისს პირველად გავყევი პატრიარქს პირადი მცველის რანგში და უკვე 13 წელია, გვერდიდან არ მოვშორებივარ", - იხსენებს სოსო ოხანაშვილი.


ოხანაშვილი აქვე ჰყვება, თუ რა ვითარება დახვდა საპატრიარქოში დაცვის კუთხით და რა პრობლემებს წააწყდა მუშაობისას.


„ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ დაცვის სამსახურს ბევრი წინააღმდეგობა შიგნითაც გვხვდებოდა, მაგალითად, მთელ ტერიტორიაზე დავაყენებინე სათვალთვალო კამერები, რამაც ზოგიერთი სასულიერო პირის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

ხშირად მესმოდა, - რამდენს ბედავენ, რას ჰგავს ეს - უშიშროების სამინისტრო ხომ არ არისო და ა.შ. ვერ ვხვდები, დღემდე რატომ აშინებს წესრიგი ხალხს.

 

არადა, ხშირი იყო საპატრიარქოში შემოღწევის ფაქტები, გალავანზე მოძვრებოდნენ, რომ პატრიარქამდე მიეღწიათ. დაახლოებით ერთი წლის წინ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, საპატრიარქოს შენობაში რომ შეეღწია. ასეთი შემთხვევები წელიწადში რამდენჯერმე არის ხოლმე", - იხსენებს დაცვის უფროსი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი