logo_geo
ლევან იზორია: დარწმუნებული ვარ, დევი ჭანკოტაძე შეცდომაშია შეყვანილი
- +

17 ნოემბერი. 2018. 22:51

 

 

„დარწმუნებული ვარ, გენერალი დევი ჭანკოტაძე შეცდომაშია შეყვანილი“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც იგი ოპოზიციონერთა და ზოგიერთი ყოფილი სამხედროს განცხადებას გამოეხმაურა.

 

იზორიას თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ჰააგის ტრიბუნალი სამხედრო მოსამსახურეების გასამართლებას შეეცდება, აბსოლუტური ტყუილია.

 

იზორია დარწმუნებულია, რომ ჭანკოტაძე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ როგორც ინსტრუმენტი არის გამოყენებული.

 

„ამას მოწმობს მისი განცხადება, კერძოდ, იმასთან დაკავშირები, რომ ჰააგის ტრიბუნალი, როგორც მან ბრძანა, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გასამართლებას ეცდება, რაც აბსოლუტური ტყუილია. ჩვენ ვწუხვართ მის აქტიურობაზე. ის ბრძანებს, რომ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ყოფილი სამხედრო მოსამსახურე აქტიურობს. მოდით, გავმიჯნოთ პოლიტიკური ძალები და გავმიჯნოთ შეიარაღებული ძალები. პოლიტიკურ პროცესში ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დისკუსიები. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკური ინტერესები წარმოვადგინოთ, ორგანიზებული, პარტიული სახით, მაგრამ როდესაც მიუკერძოებულობაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ სახელმწიფო ინტერესისა და პარტიული ინტერესის გამიჯვნაზე. როდესაც ეს განცხადება ხდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რეკლამის საფუძველი, ცხადია, ეს ზღვარი დარღვეულია. მე დარწმუნებული ვარ, ის შეცდომაშია შეყვანილი“, – დასძინა იზორიამ.

 

შეგახსენებთ, რომ დევი ჭანკოტაძემ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, „საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი“.

 

 

 

 

big_banner
არქივი