logo_geo
სენსაციური აღმოჩენა - საქართველოში ანტიკური ხანის ნაქალაქარს მიაკვლიეს
- +

16 იანვარი. 2017. 21:57



ქართველმა არქეოლოგებმა ელდარისა და შირაქის დაბლობზე, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს. უნიკალური აღმოჩენა, ექსპერტების ვარაუდით, ისტორიაში ჰერეთის შესახებ არსებულ მწირ ინფორმაციას საგრძნობლად გაამდიდრებს და ბევრ არქეოლოგიურ სიურპრიზსაც შემოგვთავაზებს.


აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი, დიდი ალბათობით, ნაქალაქარია და უფრო კონკრეტულად კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ, ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, მისი ფართობი შეიცვალოს. ნაქალაქარი მიწისპირზეა, დანგრეულია და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება.


ობიექტიდან ამოღებულია არტეფაქტები, რომელზე დაყრდნობითაც ირკვევა, რომ ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ძლიერი ხანძრის კვალი ეტყობა. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირდა თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები.


აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მეტრი დიამეტრისა და დაახლოებით 20 მეტრი სიმაღლის ყორღანია. აქვე, შენიშვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დადასტურებით ვერ ამბობენ, რომ გორა ნამდვილად ყორღანია. ყველა კითხვას პასუხი მაშინ გაეცემა, როდესაც ობიექტზე მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყება. იქამდე კი გაზეთი „პრაიმტაიმი" ნაქალაქარის ერთ-ერთ აღმომჩენთან ქეთი დიღმელაშვილთან ერთად იმ გზაზე მოგიყვებათ, რომელიც არქეოლოგებმა უნიკალურ აღმოჩენამდე განვლეს და რომელმაც ისტორია შეიძლება შეცვალოს.


ქეთი დიღმელაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი:


- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოში მდებარე ძეგლებზე პერმანენტულად ახორციელებს მონიტორინგს. ერთ-ერთი ასეთი მონიტორინგი 2016 წლის მარტის დასაწყისში შირაქისა და ელდარის დაბლობებზე მდებარე არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ძეგლებზე დაიგეგმა. როდესაც იქ წასასვლელად ვემზადებოდით, ბუნებრივია, შევარჩიეთ მარშრუტი, რა შეიძლებოდა გვენახა და რუკაზეც ის ძეგლები მოვიძიეთ, რომლის მდგომარეობაც უნდა შეგვესწავლა. ამ ძიების პროცესში დავაკვირდით, რომ რუკაზე რამდენიმე ადგილას შეინიშნებოდა ისეთი ობიექტები, რომლებიც შეიძლებოდა, არქეოლოგიური თვალსაზრისით, საინტერესო გამომდგარიყო და ჩავსვით რამდენიმე მათგანი. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა სწორედ ის კომპლექსი-ნაქალაქარი, რომელმაც ასეთი დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ბუნებრივია, გვყავდა გამყოლი, იმიტომ რომ იქ მოძრაობა გამყოლის გარეშე, რომელმაც იცის გზები, ძალიან რთულია. გამყოლი იყო ადგილობრივი. შევამჩნიეთ ბუნებრივი გორა, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა. გამყოლმა გვითხრა, რომ ჩვენზე ადრე ეს გორა დაფიქსირებული ჰქონდა ვაჟა ვარაზაშვილს, რომელიც არქეოლოგი იყო და იმ ტერიტორიებს კარგად იცნობდა. უკან წამოსვლას ვაპირებდით, რადგან ბალახებში არაფერი ჩანდა. მოვინდომე, რომ ავსულიყავი გორაზე, ზემოთ და იქიდან გადმომეხედა. რუკაზე ნამდვილად ჩანდა რაღაც და შეუძლებელი იყო, არაფერი არ ყოფილიყო. გორაზე რომ ავედით, ანუ ე.წ. ყორღანზე, იქიდან უკვე ნამდვილად შევამჩნიეთ კვალი, რომელიც ჰგავდა იმას, რაც რუკაზე ვნახეთ. მაშინ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა კოლეგამ, რომ მეორედ წამოვსულიყავით და თავიდან დაგვეზვერა ეს ტერიტორია.

 

- თქვენ აღნიშნეთ, როცა რუკას შევხედეთ, იქ იყო ადგილები, სადაც შეიძლება რაღაც ყოფილიყოო? რით მიიქცია თქვენი ყურადღება, რა იყო ის რაღაც, რითაც იეჭვეთ, რომ შეიძლებოდა, რამე აღმოგეჩინათ?


- რუკაზე კარგად ჩანდა გეგმა, რომელიც ძალიან დიდ ფართობზე იშლებოდა და ეს ჩვეულებრივი რელიეფური ჩაღრმავებები არ იყო. ეს იყო კარგად დაგეგმარებული კონტურები, რომელიც ერთმანეთთან კარგად იკვრებოდა. ამით ვიეჭვეთ, რომ რაღაც ძალიან განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ ასე კარგად დაგეგმარებული ჯერ აქამდე არაფერი გვინახავს.


- რა გამოიკვეთა მეორე ვიზიტის დროს ისეთი, რასაც პირველ ვიზიტზე ვერ მიაკვლიეთ?


- ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, შირაქისა და ელდარის დაბლობებზე ზაფხულში მოძრაობა და მუშაობა შეუძლებელია. კლიმატის გამო, მეორე ვიზიტმა დეკემბერში გადაიწია. ჩვენდა სასიხარულოდ, ბუნებამ ხელი შეგვიწყო, ეტყობა, ნალექიანობა იყო და კონტურები კარგად მოიხაზა, კონტრასტიც გამოჩნდა. თან გვქონდა დრონი, რომელმაც ეს ყველაფერი დააფიქსირა. დრონი რომ არ გვქონოდა, შეიძლება ის ეფექტი არ მიგვეღო, რაც მივიღეთ.

 

- ანუ იყო რისკი, რომ ვერ აღმოაჩენდით?

 

- არა, ვნახავდით აუცილებლად, იმიტომ რომ პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, ბალახი არ იყო. კარგად გაირჩეოდა ერთმანეთისგან სველი და მშრალი მიწა და გორიდანაც დავინახავდით, მაგრამ კარგად მოხაზული კონტურების ეფექტი დრონის გარეშე არ იქნებოდა. როდესაც დაზვერვის მოსინჯვის შედეგად ალიზის კედლებზე ნახანძრალ კვალს წავაწყდით, ეს უკვე დასტური იყო, რომ არანაირ ბუნებრივ წარმონაქმთან საქმე არ გვქონდა და ეს იყო არქეოლოგიური ობიექტი. შემდეგ წავაწყდით არტეფაქტებსაც, რომელიც კარგად შემორჩა. ესენია სალესი ქვის ნატეხები, წითლად მოხატული კერამიკის ნატეხები, თიხის წიდები, რომელიც დამუშავების შემდეგ დარჩენილ ნარჩენებს წარმოადგენს. ეს უკვე უტყუარი დასტური იყო იმისა, რომ ეს ადამიანური მოღვაწეობის კვალია. პირველი ვიზიტისას, ანუ მარტში უკან რომ დავბრუნდით, დავიწყეთ ძიება, რათა გაგვეგო, ის, რაც შევამჩნიეთ, იყო თუ არა სხვის მიერ შემჩნეული. გამყოლმა მაშინ თქვა, რომ ჩვენთან ერთად პირველად ხედავდა ამ ძეგლს და როცა ბატონ ვაჟასთან ერთად აქ იმყოფებოდა, მათ ეს ვერ შენიშნეს, თუმცა გორა, ანუ ყორღანი, ნანახი ჰქონდათ. არც ბეჭდურ პუბლიკაციაში და არც სხვა ჩანაწერებში ასეთ ინფორმაციას ვერ წავაწყდით და დავრწმუნდით, რომ ეს იყო ახალი აღმოჩენა. უკვე ვმუშაობთ იმაზე, როდის დაიწყება არქეოლოგიური გათხრები. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებიც ჩაერთვებიან და დაინტერესება მაღალი იქნება.

 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ამოიღეთ არტეფაქტები. რა დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ეს არტეფაქტები ამ ნაქალაქარზე?


- არტეფაქტებზე დაყრდნობით, ეს კომპლექსი თუ ნაქალაქარი, ჯერ არ ვიცით, რა შეიძლება დაერქვას, ანტიკური პერიოდით უნდა დათარიღდეს. ალიზის ასეთი სისქის კედლებით სწორედ ანტიკურ პერიოდში შენდებოდა ნაგებობები. შეიძლება ეს პერიოდი მცირე ცვლილებებით დაზუსტდეს, თუმცა მაინც ანტიკურ პერიოდში ჩაჯდება. ეს გულისხმობს ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნის ნაგებობებს. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. სანამ გათხრები არ მოგვცემს შესაბამის მასალას, იქ არსებული საქმიანობის შესახებ ვერ ვისაუბრებთ. რატომ მიიქცია ამ ძეგლმა სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება? ერთი იმიტომ რომ ნაგებობა კომპლექსურია, ძალიან დიდია, კარგად არის შემორჩენილი და ნაგებობების კონტურები იკითხება და მესამე იმიტომ, რომ ელდარისა და შირაქის ველებზე, რომელიც თავის დროზე ისტორიული ჰერეთის სამთავროს ტერიტორია იყო, ძალიან მცირე რაოდენობითაა მიკვლეული ასეთი მასშტაბური არათუ ნაქალაქარები, არამედ ნაგებობებიცა და ნამოსახლარებიც, რომლებიც რაიმე ინფორმაციას მოგვცემდა სამთავროს ისტორიის შესახებ. ერთადერთი ქალაქი, რომელიც ჰერეთის ტერიტორიაზე ვიცით, ეს არის თვითონ ქალაქი ჰერეთი. სხვა ინფორმაცია აქ ქალაქების არსებობის შესახებ არ მოგვეპოვება. ამიტომ გართულებულია, იკვლიო ეს რეგიონი და ამ რეგიონის შესახებ ისტორია დაწერო. ეს ნაგებობა-კომპლექსი არის ერთ-ერთი გამონათება ამ თვალსაზრისით. ვნახოთ, რა შედეგზე გაგვიყვანს ეს აღმოჩენა.


- თქვენ თქვით გორა, ყორღანად წოდებულიო, ანუ ჯერ დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა ეს გორა ყორღანი?


- ჩვენ დაზუსტებით არ ვამბობთ, რომ ეს არის ყორღანი, სანამ არ გაითხრება. ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ ნაქალაქართან თუ კომპლექსთან გვერდით ასე გადაბმით იყოს ყორღანი. პირველი შემთხვევაა და არქეოლოგების ყურადღება ამითაც მიიქცია. რა კავშირია მათ შორის, ამას ამ ეტაპზე ვერც ერთი მეცნიერი ვერ გეტყვით. ვნახოთ, გათხრები რას გვიჩვენებს. ყორღანი აშკარად უფრო ადრეული პერიოდისაა და შემდგომ უკვე ანტიკური პერიოდისაა კომპლექსი.

 

- მაინტერესებს, რამდენად დაცულია ეს ტერიტორია შავი არქეოლოგიისგან? მოგეხსენებთ, კახეთი ამ მიმართულებით ცნობილია.


- ეს არის სასაზღვრო ზონა. აზერბაიჯანის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს ეს ობიექტი და ნებისმიერ ვარიანტში ადამიანს იქ შესვლა სასაზღვრო დეპარტამენტთან კონტროლის გავლის შემდეგ შეუძლია. ჩვენც კი ყოველ ჯერზე, როცა ჩავდივართ, ვიღებთ ნებართვებს და სპეციალურ საშვებს სასაზღვრო დეპარტამენტისგან. ჩვენთან ერთად გადაადგილდება სასაზღვრო პუნქტის პოლიციელი. ასე რომ, იქ სახელმწიფო სტრუქტურის კონტროლის გარეშე ვერავინ გადაადგილდება.

 

- ალბათ, მიმდინარეობს მსჯელობა არქეოლოგების წრეში ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით. რა ვარაუდებია, რა შეიძლება შეცვალოს ისტორიაშია ამ ნაგებობის გამოკვლევამ?


- საინტერესო ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი არის ის, რომ ჩვენ მივაგენით კიდევ ერთ დასახლებას, კიდევ ერთ სამოსახლოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიას მწირად აქვს წარმოდგენილი. ამ თვალსაზრისით ისტორიის ფურცლები გამდიდრდება. ვფიქრობთ, რომ ამ კომპლექსს რიგითი არქეოლოგიის სახე არ უჩანს. მომავალში კარგი აღმოჩენები იქნება.


P.S. საზოგადოება და არქეოლოგიური წრეები აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტის კვლევის დაწყებას ელოდებიან. სამუშაოებში უცხოელ არქეოლოგებთან ერთად ქართველებიც ჩაერთვებიან. სავარაუდოა, რომ ყველა კითხვას ადგილის გამოკლევის შემდეგ გაეცემა პასუხი, შეიძლება ახალი კითხვებიც კი გაჩნდეს. ვნახოთ, რას უმზადებს აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი ისტორიას.



 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი