logo_geo
მამუკა ბახტაძე: თუ ადამიანს რამდენიმე სესხი აქვს აღებული, ყველა სესხს ეხება ეს...
- +

20 ნოემბერი. 2018. 02:46

 

„ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია მოუწოდებდა წინა მთავრობასაც და შემდგომაც, რომ არ შეიძლება ფინანსურ სექტორში ყოფილიყო არათანაბარი თამაშის წესები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არასაბანკო სექტორმა, რომელიც საერთოდ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის გარეშე იყო, ისე განაგრძო განვითარება, რომ ამან გამოიწვია ჭარბვალიანობის პრობლემა.

 

„როდესაც შენ გაქვს არათანაბარი თამაშის წესები ფინანსურ სექტორში, მარტივ ენაზე რომ ვთქვა, ეს იწვევს თაღლითური სქემების ალბათობას, როდესაც მოქალაქეები არიან დაუცველები და სამწუხაროდ, ჩვენ ეს მივიღეთ, შავი სია გაიზარდა. მომავალი წლის პირველი იანვრიდან შევძლებთ, რომ ე.წ. შავი სია იყოს ეროვნული ბანკის მმართველობის ქვეშ და მოიცავდეს როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორს. ამ საკითხის შინაარსობრივი ახსნა მომიწია, რათა კიდევ ერთხელ დავინახოთ, რა მასშტაბის პრობლემასთან გვქონდა საქმე, რომელიც ისტორიულად წლების განმავლობაში გროვდებოდა და ბუნებრივია, ერთი ნაბიჯით ჩვენ ამას ვერ გადავჭრიდით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, ჭარბვალიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. შავ სიაში მყოფი ადამიანებით, პრობლემა გაცილებით დიდია.

 

„როდესაც გაკეთდა ანალიზი, ჩვენ მოქალაქეების თითქმის 95%-ის სასესხო დავალიანების ძირი თანხა არ აღემატება ორი ათას ლარს. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, სადაც ერთ ადამიანს აქვს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სესხი აღებული და შემდეგ რომ ვერ გადაიხადა, მოხვდა შავ სიაში. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ეს ტვირთი, ხელბორკილები აღარ ჰქონდეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ეკონომიკურ-სოციალურ ცხოვრებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა ბევრი რეფორმა, რათა ეკონომიკა გამხდარიყო უფრო კონკურენტუნარიანი.

 

„ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი ქართული კომპანია იყოს წარმატებული. საერთაშორისო ბაზარზე ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები. იცით, რომ ექსპორტის ზრდამ 25% შეადგინა და ძალიან ბევრი ასეთ წარმატებაა. ვერასდროს შევძლებთ ასეთ პირობებში იმას, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს ყველა მოქალაქეზე, მაშინ, როდესაც შენი მოსახლეობის ორი მესამედი გყავს შავ სიაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, ვიყოთ დარწმუნებული, რომ რომელიმე მოქალაქე, ან რომელიმე კატეგორია ჩვენი საზოგადოების არ დარჩეს ამ განვითარების მიღმა. მთავრობა ვერანაირი რეფორმას ვერ გააკეთებს, რომ ყველას შეეხოს, იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ასეთი რაოდენობის ადამიანები გყავს შავ სიაში. შესაბამისად, მაღალი მოლოდინია, რომ მოქალაქეები, რომლებიც გათავისუფლდებიან ამ ტვირთისგან, შეძლებენ დაუბრუნდნენ ჯანსაღ ეკონომიკურ ცხოვრებას, შექმნან დოვლათი, გამოვიდნენ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან. უამრავი ადამიანია, რომელიც დამსაქმებელ სთხოვს, რომ თანხა ხელზე აიღოს. მთავარი კაპიტალი, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, ეს არის ადამიანური რესურსი. გამოდის, რომ ყველაზე დიდი რესურსს ვერ იყენებს ჩვენი ეკონომიკა. ადამიანური თვალსაზრისით ეს კიდევ უფრო მძიმეა. ადამიანების ნებისმიერი ინიციატივა წინასწარ აწყდება ბარიერს, რომ ვერ შეძლებს მის განვითარებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, ვალების განულების ინიციატივა არ არის მხოლოდ წარსული შეცდომების გასწორება, ეს არის ქართული ეკონომიკისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული.

 

ბახტაძის განმარტებით, ვალების განულების პროგრამა შეეხება ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე სესხი აქვთ აღებული და ამ სესხის რაოდენობა არ აღემატება ორი ათას ლარს.

 

„თუ ადამიანს რამდენიმე სესხი აქვს აღებული, ყველა სესხს ეხება ეს. ასეთი ადამიანების რაოდენობა 600 ათასზე მეტი. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთანაც და იმედი მაქვს, ამ სიას კიდევ ბევრი მოქალაქე შეემატება, რათა ჩვენ მივიღოთ ის ციფრი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ პრობლემას გადაჭრის. ეს არ არის საკმარისი ჭარბვალიანობის სრულად აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, ასევე მიდის მუშაობა, კერძო მევახშეებისგან დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 

„ამ ნაწილში სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო ქაოსური იყო, მაგრამ აქაც ჩვენ გვაქვს გარკვეული აქტივობები, არსებობს სია, არსებობს ბაზა, თუ წლების მიხედვით რამდენ მოქალაქეს შეეხო. გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და ფინანსურ სექტორთან ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან კომპლექსური პრობლემა გახლავთ, თუმცა მე მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ აქაც შევძლებთ პოზიტიური შედეგის მიღებას”, – განაცხადა ბახტაძემ.

big_banner
არქივი