logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: მაქსიმალური ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება გაამაგრებს სახელმწიფოს!
- +

20 ნოემბერი. 2018. 22:37

 

„ბზარი, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკე, ეს უნდა გამთლიანდეს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ქირაობს ხელისუფლებას და ემსახურება, მისი ყველა გაჭირვება იცის და თუ არ შეუძლია გაკეთება, უთანაგრძნოს მაინც, ეს დამოკიდებულება უნდა აღდგეს.

 

„მრავალჯერ მითქვამს, რომ რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა, ეს არ არის იოლი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაგრამ არავის არ უნდა გაუჩნდეს ცდუნება, რომ ეს მეთოდები შეიცვალოს. რთულია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაიცვა და ამ დროს ერთ-ერთი ძირითადი უფლება, რომ ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი და ღირსეული შემოსავალი, თანხვედრაში ვერ მოდიოდეს. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი რჩება ხელისუფლებასა და სახელმწიფოს – სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ძლიერი, მაგრამ ძლიერი უნდა იყოს არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხალხის ნდობაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, ხალხის მაქსიმალური ნდობა უნდა გააჩნდეს სახელმწიფო სტრუქტურებს, ხელისუფლებას, რომ შეძლოს ასეთ რთულ სიტუაციაში, ასეთი დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა.

 

„ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, ძლიერი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს საზოგადოებიდან. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო. ასეთი გვინდა, რომ ავაშენოთ და ამისთვის ვიღვწი მე. ოდნავი ეჭვის რესურსიც არ გააჩნია ხელისუფლებას, რომ საზოგადოებამ მათ დამოკიდებულებაში ეჭვი შეიტანოს. მაქსიმალური ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება გაამაგრებს სახელმწიფოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი