logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: შევეცადეთ? ვიმუშავეთ? ბევრი დავხარჯეთ, ბევრი შრომა ჩაიდო, მაგრამ გამოვიდა!
- +

21 ნოემბერი. 2018. 00:48

 

„შავი სიის“ პროცესი გუშინ არ დასრულებულა, გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება უნდა შეეძლოს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანების განულებას გულისხმობს.

 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა არ უნდა ჩაითვალოს წინასაარჩევნოდ, რადგან შესაბამისი განცხადება მან ჯერ კიდევ მაისში გააკეთა.

 

„არ შევეცდები ამ სიტუაციის აღწერას, ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით რა მოხდა. თუ გახსოვთ, პრემიერზე ადრე მე მივეცი დაპირება, როდესაც კვირიკაშვილს საჯაროდ მივეცი შენიშვნა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კიდევ უფრო სიღარიბის ზღვარს მიღმა წავიდა და გაღარიბდა, ბევრმა ჭამის რაციონიც შეიცვალა. აქ იყო დაგვიანებული ქმედებები და დავპირდით, რომ წლის ბოლომდე საზოგადოების ამ ნაწილს დავეხმარებით. ამიტომ, წინასაარჩევნოდ ამას ნუ ჩათვლიან, რადგან ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მაისში გავაკეთე, რომ წლის ბოლომდე მათ დავეხმარებით. ეს არის კარგი მაგალითი იმის, თუ ცდილობ, შეიძლება გამოგივიდეს კიდეც.

 

ვარწმუნებ საზოგადოებას, მთავრობა, რომელიც დღეს უკვე ახალი სახით წარდგა, არის ზუსტად ის, რასაც მუნიციპალიტეტის დონეზე მოვახერხებთ, რომ ასეთივე ვერტიკალი გავამყაროთ. როგორიცაა დღევანდელი მთავრობა, ასეთივე იქნება ნებისმიერ მუნიციპალიტეტში მერი და საკრებულო. ასე იქნება მოწოდებული, რომ მაქსიმალური გააკეთოს და ხალხს ცხოვრება შეუმსუბუქოს. შევეცადეთ? ვიმუშავეთ? ბევრი დავხარჯეთ, ბევრი შრომა ჩაიდო, მაგრამ გამოვიდა.

 

პატარა მაგალითი – მცხეთელები რამდენი ხანია შფოთავენ, რომ იქ მშენებლობა პრაქტიკულად შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ UNESCO-ში მცხეთის შეტანასთან დაკავშირებით კითხვები იყო, ამიტომ, ბიუროკრატიამ ისევ ძალიან იოლად გადაჭრა ყველაფერი. ელემენტარულად რომ ვთქვათ, ხალხი პატარა მიშენებასაც ვერ გააკეთებს. სულ მოკლე დროში, ვიწვალეთ და გუშინ მგონი, ეს საკითხიც დაიძრა და გადაიჭრა. ასეთი დამოკიდებულება უნდა იყოს და ეს უნდა გაგრძელდეს. ეს იქნება მუდმივი პროცესი. „შავი სიის“ პროცესი გუშინ არ დასრულებულა, ეს გაგრძელდება და გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება უნდა შეეძლოს. შეუძლებელია, ეკონომიკა 30 და 50%-ით გავზარდოთ, რაც არ მომხდარა მთელ მსოფლიოში, ამის პრეტენზია არც ჩვენ გვაქვს – 5% და თუ გინდ 10%, რაც მართლა ხელგვეწიფება და გვაქვს იმედი, თუმცა ამის გარანტიებს ვერ მოგცემთ დღეს – ესეც ვერ იქნება საკმარისი, რომ სწრაფად მივიღოთ ევროპული დონის ცხოვრება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, დაახლოებით, ერთ წელიწადში ექნება საშუალება, ხალხს ესაუბროს ძლიერ სახელმწიფოზე.

 

„ვფიქრობ, უფრო ადრე, ვიდრე ერთი წელი, მექნება საშუალება, ვისაუბრო ხალხთან და ვნახოთ, რომ თურმე, გვაქვს დემოკრატიულად მართული ძლიერი სახელმწიფო, დემოკრატიული მეთოდებით ადამიანის ღირსებაზე მორგებული. ამავდროულად, იმის იმედიც ნუ ექნებათ, რომ ერთ ხელის მოქნევით, ჯადოსნური ჯოხით შვეიცარიის ეკონომიკა გვექნება. ეს რთულია, ამას დრო სჭირდება. 5 და 10 პროცენტიც კი ვერ შექმნის საშუალებას, რომ ამდენი გაჭირვებულის ყოფა ძალიან სწრაფად და პრინციპულად შეიცვალოს, მაგრამ უკეთესობისკენ წავიყვანთ. ტენდენციას ნახავენ.

 

და მთავარი, ჩემს თანაგუნდელებსაც მინდა შევახსენო, ჩვენ არ გვაქვს დამატებით არანაირი რესურსი, რომ საკუთარ თავსა და ნებივრობაზე ვიფიქროთ. ვისაც სურვილი აქვს და ხელეწიფება, რომ ხალხის სამსახურში ჩადგეს, კეთილი ინებონ და ახლავე განეწყონ. გუშინ შტაბის უფროსთან საინტერესო შეხვედრა მქონდა. იქვე შევახსენე, ეს არაფერი არაა-მეთქი, ამ რეჟიმში მოგიწევთ მუდმივად მუშაობა, საარჩევნო რაც არის-მეთქი. ვისაც გინდათ და თუ არ გინდათ, სხვა სამსახური ნახეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეხვდა და აღნიშნა, რომ კარგი გუნდია და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

„მინდა ვთქვა, რომ გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა პირველი ტურის შემდგომ და კარგი გუნდია. რაც აკლია, მე ვიცი. გადახალისება, მოტივაცია, პროფესიონალიზმის ამაღლება, პასუხისმგებლობის განცდის გაზრდა, ყოველდღიური მუშაობა, ის, რაც სჭირდება, ამას ყველაფერს მოვარგებთ და გავაკეთებთ, როგორც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი