logo_geo
ენგურსგაღმელის ჩანაწერები: გაწირული ხალიჩა
- +

21 ნოემბერი. 2018. 12:43

 

ბებიაჩემის ოთახი გამორჩეულად მიყვარდა. ხალიჩა ეკიდა იქ, ძალიან ლამაზი, ხელით ნაქსოვი.

 

სურათი ეკიდა ხალიჩის შუაში და ბებიაჩემი დაწოლამდე რაღაცას წაებურტყუნებოდა ხოლმე. სულ გამწყრალი კი იყო იმ ბერიკაცზე, მაგრამ მაინც სიყვარულით ებუზღუნებოდა. მერე ხელს გადაუსვამდა.

 

თითქოს ლამფა იყო ხალიჩა, დაძინებამდე ნელ-ნელა მინავლდებოდა და მიქრებოდა თვალებიდან.

 

ვეღარ ვიხსენებ – როგორ და რანაირად, თანაც, როცა მხოლოდ იმ ტანსაცმლით გამოვიქეცით, რაც გვეცვა, მაგრამ ხალიჩა ახალ საცხოვრისშიც გვქონდა. ოთახის იმ კედელზე ჩამოჰკიდა მამამ, საიდანაც ყველაზე მეტად გვეწიკვინებოდა ქარი და ის ხალიჩა რომ არა, ჩვენs ოთახსაც აიკლებდა.

 

სასტიკი ზამთარი კი გადაგვაგორებინა და...

 

მერე ტაძარში გადავიტანეთ. ჩემი ძმა ესვენა იმ ხალიჩაზე. ძმა სასაფლაოზე დავაბინავეთ. ხალიჩა - ტაძარში. შევწიროთო, დედაჩემმა.

 

გავწირეთ!

 

ბებიაჩემს სულ აღარ ახსოვდა თავისი ბერიკაცი და ყოველდღე მაიძულებდა, სასაფლაოზე წამეყვანა – ჩემი ძმის ყორღანზე ხელის გადასასმელად.

 

ჩვენs ოთახებში აღარ წიოკობდა ქარი.

მეტიც, ჩვენ ვაღიაღებდით ფანჯრებს და მაინც გვახრჩობდა უჰაერობა.

ხალიჩა კი ტაძრიდან გარეთ გამოეპინტრიშებინათ და ეზოში ეგდო წვიმასა თუ მზეში, ყინვასა თუ ქარში.

ჯიბრით ითოვა კიდეც იმ წელს.

აკი ვთქვი: გავწირეთ-მეთქი...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი