logo_geo
ანდერს ფოგ რასმუსენი: ეს საკითხი არ არის მოსკოვის გადასაწყვეტი
- +

21 ნოემბერი. 2018. 14:31

 

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პარიზში მშვიდობის ფორუმზე, „ომის და მშვიდობის ინსტიტუტისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის არმიცემის უარყოფით შედეგებზე ისაუბრა.

 

„კომუნიზმის კოლაფსისა და ბერლინის კედლის ჩამოშლის შემდეგ, ხელში ავიღეთ ინიციატივა და ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებს შესაძლებლობა მივეცით, NATO-სა და ევროკავშირის წევრები გამხდარიყვნენ. ეს სწორი გადაწყვეტილება გახლდათ და გავაფართოვეთ კიდეც NATO-ცა და ევროკავშირიც. შემდეგ, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინაც გახდებოდნენ NATO-ს წევრები. ვფიქრობ, ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის იქვე უნდა მიგვეცა მაპ-ი, მაგრამ ეს არ გავკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. მან ჩათვალა, ახლა მისი დრო იყო, შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და შედეგიც ვნახეთ - იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს.

 

ჩვენი პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სახელმწიფოს, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, უფლება აქვთ, თვითონ გადაწყვიტოს, რომელ ალიანსში გაწევრიანდება და ვისი მოკავშირე იქნება. სწორედ ამიტომ უნდა გვექცია რეალობად საქართველოს და უკრაინის ამბიცია მაშინ, ბუქარესტში. მათ მოითხოვეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ მოთხოვნასა და ზემოთ ხსენებულ ფუნდამეტურ პრინციპებს.

 

საქართველო და უკრაინა გახდებიან თუ არა წევრები, შეასრულებენ თუ არა სავარაუდო კრიტერიუმებს -  ეს სხვა საკითხია, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვთქვათ - არა, ეს ამბავი არ გამოვა, მოგიწევთ, ნეიტრალურ სივრცედ ან ბუფერულ ზონად იქცეთ NATO-სა და რუსეთს შორის! ჩვენთვის მიუღებელია ასეთი მიდგომა.

 

თუ საქართველო გადაწყვეტს, მოთხოვოს წევრობა ან იმუშაოს წევრობის მისაღწევად, ჩვენ ამ პროცესს NATO-ში ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტო საქართველოს გადასაწყვეტი - გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთო კონსენსუსით მიიღწევა.

 

ამ ეტაპზე საქართველო სამიდან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს; მესამე კი გახლავთ შემდეგი: გააძლიერებს თუ არა საქართველოს გაწევრიანება საერთო უსაფრთხოების ქოლგას? ეს დისკუსია, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბოლოო ბედთანაც, მაგრამ კიდევ ერთხელ გაზგასმით ვიტყვი, რომ ეს საკითხი საქართველოსა და NATO-ს შორის უნდა გადაწყდეს, ეს არ არის მოსკოვის გადასაწყვეტი“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი