logo_geo
„მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით“... - აფხაზეთის ომის გმირი ირაკლი ამირეჯიბი
- +

22 ნოემბერი. 2018. 18:04

აფხაზეთის ომის გმირი ირაკლი ამირეჯიბი დაიბადა ქ. თბილისში 1963 წლის 29 აპრილს და გარდაიცვალა 1992 წლის 17 ნოემბერს.

 

ირაკლი ჭაბუას ძე ამირეჯიბი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც აფხაზეთში აფხაზებს კი არა, იმ უგუნურებას ებრძოდა, რამაც ეს საზარელი, ძმათამკვლელი ომი გააჩაღა. ამის დასტურია ერთი საოცარი ეპიზოდი მისი საბრძოლო ცხოვრებიდან.

 

ამის შესახებ, სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური მიხო მორჩილაძე წერს:

 

„ერთხელ, დაზვერვაზე ყოფნისას თავისიანებს რაციით გამოძახებაზე პასუხობდა. ლაპარაკში მოწინააღმდეგის მზვერავიც ჩართულა, ალბათ, იმ სასწაულებრივი მიზეზით, რომ ორივეს მედესანტეების საველე მეტსახელი ჰქონდა. ირაკლის შეუთავაზებია, დილის ხუთ საათზე ტამიშის ხიდთან შევხვდეთო. პირველი თავად მისულა, მოვედიო, ხმამაღლა დაუძახია. ის მეომარიც გამოსულა საფარიდან. ერთმანეთს გადახვევიან და, ვინ იცის, რა ისაუბრეს – ეს შეხვედრა ხომ სიცოცხლისა და მშვიდობის სახელით მოხდა და არა მტრობის და სისხლისღვრის წყურვილით.

 

ირაკლის სულის სიღრმემდე გაცნობიერებული ჰქონდა, ვისი მოდგმისა იყო, ქვეცნობიერად გრძნობდა თავისი გმირი წინაპრების გენებს, რომელთა შორის აფხაზებიც იყვნენ!

 

ირაკლი 1992 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში დაზვერვის მეთაურის მოადგილედ. მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური ლიტვაში – სადესანტო ნაწილებში. სწორედ იქ ისწავლა უმძიმეს განსაცდელთან თვალის გასწორება, სამხედრო საქმის მრისხანე სიბრძნე და ვაჟკაცობის ფასი...

 

სადესანტო-სადივერსიო ბატალიონი, საგურამოში, ხანმოკლე საწვრთნელი შეკრების შემდეგ, სოხუმს გაფრინდა, საიდანაც ოჩამჩირეში გადაიგზავნა. აქ იყო მისი დისლოკაციის ადგილი.

 

ირაკლი თითქმის ყოველდღე გადიოდა მტრის ზურგში, აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს, იბრძოდა. მონაწილეობდა სოფელ ბესლახუბას გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მერკულას დაცვაში, სოფელ შრომის გათავისუფლებაში, ოხურეის დაცვაში, რევას აღებაში, ლაბრას დაცვაში, ოჩამჩირის დივერსიული ჯგუფის განიარაღება-დაკავებაში. 26 ოქტომბერს მტრის სადივერსიო ჯგუფთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია“.

 

ამ ბრძოლისათვის გამოუცხადეს მადლობა და სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს. სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური – მ. მორჩილაძე წერს:

 

„ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად იბრძოდა, თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში, ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი.

 

ირაკლი, ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული, მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე, მოკლე ხანში, გასაკვირველი სახელი დაიდო. ირაკლი განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა - ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი. ის, რაც ირაკლიმ გააკეთა – გმირობაა. მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით"…

 

ეს მოხდა ტამიშთან, 17 ნოემბერს.

 

საშინელი ბრძოლების შემდეგ, მხოლოდ 19-ში მოვახერხეთ მისი შტაბში გადმოყვანა – ჰყვებოდნენ თანამებრძოლები. ამ დროისთვის უკვე მოწინააღმდეგის ბანაკშიც იცოდნენ ირაკლის ამბავი...

 

შემოგვითვალეს - „შეიძლება მოვიდეთ და მიცვალებულს პატივი მივაგოთო?“

 

ჩვენ  დავთანხმდით.

 

თეთრი დროშებით მოვიდნენ, მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. ვაჟკაცური გულწრფელობით მოგვისამძიმრეს.

 

  8-10 ივნისი, 1998 წელი. ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან:

 

- ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ?

 

- არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო… ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე… დაიღუპა. მაშინ ჩვენები, თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები.

 

- როგორ მოკლეს?

- ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია".

 

„ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა“, - ამბობს სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის მეთაური მიხო მორჩილაძე.

 

ირაკლის სიკვდილმა მთელი საქართველო შესძრა.

 

ჭეშმარიტმა აფხაზებმა კი, იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად, მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს…

 

ხოლო იქ, სადაც ეს ულამაზესი ვაჟკაცი მიწას მიაბარეს – უფლის განგებით, თეთრი შროშნები ამოსულა...

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი