logo_geo
ივანე მაჭავარიანი: შპს „ოჯითის“ მიერ წარმოდგენილი ვალის დაფარვის გრაფიკი სცილდება ნებისმიერ საღ აზრს
- +

24 ნოემბერი. 2018. 02:00

 

„შპს „ოჯითის“ მიერ წარმოდგენილი ვალის დაფარვის გრაფიკი სცილდება ნებისმიერ საღ აზრს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა შპს „ოჯითის“ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე და იმ წინადადებაზე, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტრომ შესთავაზა.

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ბიუჯეტში ერთი მლნ ლარი გადაიხადა, შპს-მ მიიღო მისი ადეკვატური აქციზური მარკები.

 

„შესაბამისად, ჩვენ მოვხსენით ყადაღა საბრუნავ საშუალებებს და ვთხოვეთ, კომპანიას წარმოედგინა წინადადებები ვალის შემცირების თაობაზე. ამის შემდეგ იწყება ისევ ტყუილების კორიანტელი. მათ განცხადებაში წავიკითხე – ფინანსთა მინისტრმა შემოგვთავაზა მორიგებაო მაშინ, როდესაც თავად მოიტანეს ფურცელზე დაწერილი გრაფიკი, სადაც ეწერა: 52 მილიონი ლარიდან 42 მილიონამდე ჩამოგვაწერეთ, 10 მლნ ლარზე მეტი ორი წლით გაგვიყინეთ და ორი წლის შემდეგ თანხას ნაწილ-ნაწილ გადავიხდითო. ჩვენ ვუთხარით, მოგვეცით, ვნახავთ ამ წინადადებას. მე იმავე შეხვედრაზე ვუთხარი, არ მიგაჩნიათ, რომ თუკი ვალის შემცირების გრაფიკს შემოგვთავაზებთ, შანსები, რომ ჩვენ ამ წინადადებას დავთანხმდეთ უფრო მაღალია? ვუთხარით, წაბრძანდით, გადახედეთ და ვთხოვეთ ხელახლა მობრძანებულიყვნენ. იმედი მაქვს, ესეც ჩაწერილი ექნებათ რამენაირად და გამოიტანენ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

მისი თქმით, მას სურდა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელიც დასწრებოდა.

 

„მინდოდა, ამ შეხვედრას დასწრებოდნენ საელჩოდან, რადგან გამოცდილება მქონდა, როცა აბსოლუტურად სხვა რამეზე იყო საუბარი შეხვედრებზე და სხვა რამეს ამბობდნენ ტელევიზიით. მაგალითად, ჩემთან პირველ შეხვედრაზე თქვეს, ფინანსთა მინისტრმა დაგვიბარაო, მაშინ, როდესაც ერთი კვირა თავად ითხოვდნენ ჩემთან შეხვედრას. თუმცა, საელჩოს წარმომადგენელმა ვერ შეძლო შეხვედრაზე დასწრება, თუმცა შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ და დარწმუნებული ვარ, დაადასტურებენ ამას საელჩოში, რომ ჩვენგან ასეთი წინადადება ნამდვილად იყო. როგორ დამთავრდა შეხვედრა? გითხარით, რომ ვთხოვეთ, ვალის შემცირების რეალური გრაფიკი წარმოედგინათ. ახლა მათი მოტანილი შეთანხმება, რომელიც იყო აბსურდული „გასაღებულია“, თითქოს ჩვენ შევთავაზეთ კომპანიას ეს წინადადება და ახლა არ ვასრულებთ პირობებს. ეს, კიდევ ვიმეორებ, სცდება ნებისმიერ საღ აზრს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

 

big_banner
არქივი