logo_geo
„იმაზე ძნელი არაფერია, შვილს რომ მოგიკლავენ და მერე თვალებში ნაცარს გაყრიან“
- +

5 დეკემბერი. 2018. 03:24

 

3 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდების მხარის ექსპერტები დისტანციური წესით დაიკითხონ. მოსამართლემ პროცესი 18 დეკემბერს ჩანიშნა, ამის შემდეგ კი მხარეები დასკვნით სიტყვაზე გადავლენ. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე დაიღუპნენ "ნისან"-ში მსხდომი გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და ანი ჩხაიძე. BMW X5 -ში მორაგბეები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მძიმედ დაშავებული კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს და საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მერაბ კვირიკაშვილი ("მეკო) ნასვამი რომ არ იყო, უდაოდ სცნო, როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ. ეს დააადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ.

 

ექსპერტიზის დასკვნისა და დაცვის არგუმენტების არ სჯერათ გარდაცვლილი გიორგი პაპასკირისა და ნუცა კალანდარიას ახლობლებს:

 

მალხაზ პაპასკირი, გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამა:

 

- ყველა სასამართლოს ვესწრები და იქ ისეთები ხდება, გაგეცინებათ. სხვას შეიძლება დააჯერონ, მაგრამ მე ცხადად ვხედავ, რა უბედურებებს აკეთებენ ამ ადამიანის გადასარჩენად. ნეტა არ რცხვენიათ? ყველა ჩვენება და დოკუმენტი შეცვლილია და გადაკეთებული. მოწმეებმა პირდაპირ მითხრეს კვირიკაშვილზე, ეს კაცი მიფრინავდაო (ისინი არაოფიციალური მოწმეები არიან). ესენი გვარწმუნებენ, თითქოს მეკო 90კმსთ. სიჩქარით მიდიოდა, როგორ შეიძლება BMW-ს მარკის მანქანა ამ სიჩქარით მიდიოდეს, ძრავი მოსძვრეს და რამდენიმე მეტრში გადავარდეს? ამ სიჩქარით რომ ევლო, არაფერი მოხდებოდა, კვირიკაშვილი 200-ით მიდიოდა. მაქვს ჩემი ბიჭის მიერ გადაღებული გიორგის მანქანის სპიდომეტრი, რომელზეც ისარი 10კმ-ზეა გაჩერებული (ავარიის დროს ვნახეთ), კვირიკაშვილის სპიდომეტრზე კი 183 იყო დაფიქსირებული.

 

საერთოდ გამქრალია ეს მონაცემები საქმიდან. შეიძლება ყველაფერი "გააპრავო"? არ რცხვენიათ ამ დალოცვილებს?! ამოწყდა და განადგურდა ოჯახები. ლაპარაკი არაა იმაზე, ვინ დაისჯება და ვინ - არა. საკუთარ თავთან პასუხისმგებლობაც ხომ არსებობს? მეკო პირველად რომ ვნახე და მითხრა, არ ვარ დამნაშავეო, მაშინ ჩავთვალე, ფსიქოლოგიური ტრავმის ქვეშ იყო და ამიტომ მითხრა. თურმე ამათ ყველაფერი წინასწარ დალაგებული ჰქონიათ.

 

- დაცვის მხარის რწმუნებით, ექსპერტიზით დადგენილია, რომ მეკო ნასვამი არ ყოფილა და არც საგზაო წესების შესახებ კანონი დაურღვევია...

 

- ნასვამობა მაშინვე უნდა დადგენილიყო, მაგრამ იმ მომენტში და იმ მდგომარეობაში ვის მოუვიდოდა ეს აზრად? თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჭესთან მისი ცოლი იჯდა, 2-3 დღის მერე თქვეს, კვირიკაშვილიო. მაქვს ეჭვი, რომ მაშინვე რომ ჩატარებულიყო ალკოტესტი, მისი სიმთვრალე დადგინდებოდა. როგორ შეიძლება იოლად შეხედო იმას, რომ 4 ბავშვი უდედოდ დარჩა. სხვა ამბავია, როცა ადამიანი მოდის, შენდობას ითხოვს და ინანიებს, მაგრამ ეს გაურკვევლები და თავხედები ვინ არიან?! ცინიზმით გამაგიჟეს. ვგავარ იმ ადამიანს, თვალებში ნაცარი შემაყარონ? ყველაფერს აქვს საზღვარი!

 

- თუმცა ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ამბობენ, ემთხვევა დაცვის მხარისას...

 

- როცა ცხელ გულზე სამხარაულში პირველ ექსპერტთან ვიყავი მისული, რომელმაც კვირიკაშვილის გამამტყუნებელი დასკვნა დადო, მან მითხრა მეკოზე, ეს ადამიანი ასპროცენტიანი დამნაშავეა, მისი ბედი შენს ხელშიაო. მას მერე აბსოლუტურად ყველაფერი შეცვლილია, ვერ ვხვდები რატომ. გავიგე, რომ ამ ადამიანის არდაჭერა უნდათ, ჩვენთვის მისი ტრაგედია მძიმეა, მაგრამ ის მაინც ქენით, კვირიკაშვილმა დანაშაული აღიაროს და მერე გავუშვათ, რომ იცოდეს, რა დააშავა. პროკურორზე ვერაფერს ვიტყვი, წესიერი კაცია და მორალურად შეწუხებულია. ადვოკატსაც ვერ დავძრახავ, ის თავის მოვალეობას ასრულებს და კლიენტზე ზრუნავს. მე პრეტენზია სამხარაულის ბიუროსთან მაქვს. მაშინ ისინი არიან დასაჭერები, თუ პირველ ჯერზე მეკოს დასწამეს ცილი. ასე ყველაფერი როგორ შეცვალეს?! მეკო მაღალი სიჩქარითაა გადასული მეორე მხარეს და ჩაასაკლავა ყველა. ის თეთრი მანქანაც ბლეფია. პატრულმა პირდაპირ მითხრა, არ არსებობს ის მანქანა, მოგონილიაო. და თუ არსებობს, კეთილი ინებონ და მოძებნონ. ვიღაცაზე უნდოდათ "შეტენვა", მაგრამ არ გამოუვიდათ, ვერავინ მოძებნეს. გიორგის 1%-იც არ ჰქონდა გადარჩენის შანსი, ვინაიდან რკინის ბორდიული იყო, ვერსად გაექცა. გიორგი ნელა მიდიოდა, მეკო მიფრინავდა და მას ვერსად გაექცა. ის საცოდავი მისი ცოლიც ამიტომ დაიღუპა. ზუსტად ვიცი, იქ რა მოძრაობები გაკეთდა. პროცესი ყოველგვარი მორალის გარეშე მიდის.

 

- კვირიკაშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მეკო საბოლოოდ გამართლდება...

 

- ყველაფერს თუ იკადრებენ, რა თქმა უნდა, გაამართლებენ. ადვოკატის დამოკიდებულებაც მაკვირვებს, გასაგებია, ყველა ღონეს იხმარს და მის კლიენტს დაიცავს, აბა, მისი პროკურორი ხომ არ გახდება? მაგრამ ამის უკან რა მოძრაობაცაა, ესაა ჩემთვის გამაღიზიანებელი. როგორ შეიძლება ყველაფერი ასე რადიკალურად შეიცვალოს? საქმე ალბათ სააპელაციოში გადავა, მაგრამ ამას არ მოვეშვები. ქვეყანაში, სადაც ასეთი რაღაცეები პრავდება, შეუძლებელია რამე ნორმალური მოხდეს. ჩემთან მოვიდა მეკოს მეგობარი და ბოდიში მომიხადა, მე სხვა ინფორმაცია მქონდაო.

 

- ავარიის შედეგად პატარა კატო, თქვენი შვილიშვილი, მშობლების გარეშე დარჩა...

 

- საშინელებაა ჩვენი ყოფა. ლამისაა მე და ჩემს ცოლს გული გაგვისკდეს, ისეთ რაღაცეებს ამბობს კატო. ის მეხუთე წელშია და ძალიან ჭკვიანი ბავშვია, ულამაზესიც. ამასწინათ ამბობს - ბებიკო, დარეკე რა, ამ ზეცაში, დედიკო და მამიკო როდემდე უნდა იყვნენ იქ, ჩამოვიდნენ, მოვიწყინეო. ამას ხომ სმენა და გაძლება უნდა? ერთი ბედნიერი ოჯახი ვიყავით და გავნადგურდით. მე იმ კვირიკაშვილისაც მესმის, მაგრამ ეთქვა სიმართლე, მოენანიებინა და დამთავრდებოდა ყველაფერი, არავის დაჭერისა და დასჯის ინტერესი არ მაქვს, მაგრამ როცა დაგცინიან, გაუსაძლისია. 200 კმ/სთ სიჩქარით მიქრიხარ, დამაქციე, დამღუპე და აქეთ მემართლებით? იმაზე ძნელი არაფერია, შვილს რომ მოგიკლავენ და მერე თვალებში ნაცარს გაყრიან. ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ხანდახან ისეთი ცუდი აზრები მომდის, ღმერთმა დამიფაროს ამის გაკეთებისგან. მორალურ საკითხზე მაქვს საუბარი და პრეტენზია. ძალიან ბინძური გარემოა. ყველაფერი დამთავრდებოდა კაცურად ეთქვა, დაგღუპეთ, დაგაქციეთ, მაპატიეთო. არავინ კონტაქტზე არ გამოდის. გარდა ამისა, ისეთი სიბინძურეები გამივრცელეს და დამაბრალეს, ამას არ მოვყვები. პირად საუბარში მაინც მოიხადოს ბოდიში და ელემენტარული სინანული გამოთქვას, თორემ მათი არავის არაფერი სჭირდება.

თქვენ არ იცით, როგორი მამა მოუკლეს კატოს, რა ბიჭი იყო გიორგი, უნიჭიერესი არქიტექტორი, 24 წლის იყო და უკვე საკმაოდ წარმატებული, რძალიც შესანიშნავი გოგონა, ფსიქოლოგი. ჩემი მეუღლე მთლად განადგურებულია, მეც სულ სხვა ადამიანი ვარ, ცარიელი ადგილი დავრჩი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი