logo_geo
მეუფე სვიმეონი: დაუღალავად უნდა გასცე და მერე ღმერთი თვითონ მოგცემს იმ ძალას, რომ ამ ტვირთს გაუძლო
- +

5 დეკემბერი. 2018. 12:13

 

 

„ზოგადად, როცა ამ გზაზე დგახარ, შენი თავი ღვთისმსახურებისთვის გაქვს მიძღვნილი (შესაბამისად, ერისა და ქვეყნის მსახურებისთვის). განსხვავება ის არის, რომ ახლა უფრო მასშტაბური გახდა ეს საზრუნავი, ეს ფიქრი უფრო გაიზარდა. თავისთავად გაიზარდა პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები. თუმცა მაინც, წინა საფეხურთან შედარებით, ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე სვიმეონმა „ხაშური News“-თან საუბარში განაცხადა.

 

„ზოგადად, როცა ცხოვრობ, ყოველი დღე უკვე გამოცდილებაა, შესაბამისად, ტვირთიც იზრდება. ყოველი დღე მატებაა როგორც სიკეთის, ისე ტვირთის და ყოველდღე როგორც ქვეყანაზე იბადებიან და მიდიან ადამიანები, ზოგი პრობლემა ჩნდება, ზოგი კი ქრება და ა. შ. ფაქტია, როცა ამხელა პასუხისმგებლობას იღებ, შენს თავს აღარ ეკუთვნი. ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე, შენს თავს იმდენად მნიშვნელოვნად ვეღარ აღიქვამ, როგორც სხვა საქმეებს, თუმცა, თუ შენს თავს სწორად არ მართავ, სხვასაც ვერ გაუწევ მმართველობას. ასევე მნიშვნელოვანია ინიციატივების ქონა, რაც აუცილებელია ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ეპარქიის საკეთილდღეოდ. ადრეც მქონია ჩვენს მრევლთან და შემთხვევით შემხვედრ ადამიანებთან ურთიერთობა. მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, ზოგს – ოჯახური, ზოგს – მატერიალური, ზოგს – ფიზიკური და აქედან გამომდინარე, ყველანაირ თემაზე გიწევს მუშაობა და არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ამ ყოველივეს რეალობაში მოყვანა, თუ დახმარება შეგიძლია, უნდა დაეხმარო. ეს ზუსტად ეხმაურება ფრაზას, უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ გასცემდითო. დაუღალავად უნდა გასცე და მერე ღმერთი თვითონ მოგცემს იმ ძალას, რომ ამ ტვირთს გაუძლო, თორემ სხვანაირად გამორიცხულია. ისედაც გრძნობ, რომ ღმერთი ალაგებს ყველაფერს და შენ ხარ უბრალოდ სიწმინდის სახე და მაგალითი უნდა იყო, რომ ღვთის მსახური დაინახოს ადამიანმა და დაინახოს განსხვავება ჩვეულებრივი ადამიანისგან. განსხვავებაში იგულისხმება სიწმინდე, უბრალოება, სიყვარული ღმერთის, მოყვასის და ქვეყნის. მთავარია, ის დაინახოს ადამიანმა შენგან, რასაც ღმერთი მოითხოვს და დანარჩენს უფალი ყველა პირობას გილაგებს. რა თქმა უნდა, ყოველ დილას ხდება სასწაული, როდესაც თვალს ახელ და ახალი დღე იწყება. შესაბამისად, კითხვაზე „ახალი რა არის?“ ყოველთვის ვპასუხობ ხოლმე: „ახალი არის დღევანდელი დღე! დღევანდელ დღეს ბევრი საშუალება გაქვს იმის, რომ აკეთო სიკეთე, აკეთო ბევრი კარგი რამ“. შეიძლება, უკანასკნელიც იყოს ის დღე შენთვის, შესაბამისად, იმ დღეს თავისი ღირებულება უნდა მიანიჭო. მთავარია, შენთვის იყოს ის გათენებული დღე ძვირფასი და ღირებული. შენ თვითონ უნდა გახადო ის დღე სამოთხე ან ჯოჯოხეთი, შენზეა დამოკიდებული, შეიძლება, შენი გადაწყვეტილება უკანასკნელიც იყოს“, - განაცხადა მეუფე სვიმეონმა.

 

2014 წელი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი