logo_geo
ვინ არის გოგო, რომელიც შეიარაღებული თავდასხმის დროს პრეზიდენტის სიძესთან ერთად იმყოფებოდა?
- +

8 დეკემბერი. 2018. 22:06

 

 

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა სკანდალური კადრები, რომელიც 26 ნოემბერს სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას ასახავს. კადრებში პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ფიგურირებს, რომელიც სროლის დაწყებამდე კაფე „სტრადაში“ კიდევ ორ პირს ესაუბრება.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მინდია გოგოჭურის თანმხლები პირები მისი მეგობრები არიან, მათ შორის ახალგაზრდა გოგო ს.ჯ, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დროს კარისკენ გარბის. სავარაუდოდ მას ტყვია ბარძაყის არეში აქვს მოხვედრილი.

 

ბინა ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც მინდია გოგოჭური სპეცოპერაციის დროს დააკავეს, ს.ჯ-მ მეგობართან ერთად დაიქირავა, სახლის მეპატრონეს კი მათ ცოლ-ქმრად წარუდგინეს თავი.

 

„ერთი თვის წინ იქირავეს ბინა, ცოლ-ქმარი იყო. არაფერი საეჭვო ამ წყვილს არ ეტყობოდა“, - ყვება ბინის მეპატრონე.

 

ფაქტი კაფე „სტრადასთან“ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან ერთმანეთის მიმართ „სტრადაში“ ახლაგაზრდა მამაკაცები. სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ტყვია თავად მინდია გოგოჭურსაც მოხვდა, რომელსაც ბრონირებული ჟილეტი ეცვა, რაც სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს, რომ თავდასხმა პრეზიდენტის სიძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 

 

მინდია გოგოჭურს გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის დაფარვის ფაქტზე წარუდგინეს. 

 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა მინდია გოგოჭური 6 დეკემბერს, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს, სადაც გამოძიების ინფორმაციით, იგი იფარებდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს გ.რ.-ს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გოგოჭური და ბინაში მასთან ერთად მყოფი პირი შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს. ჩხრეკისას, სხვა მართლსაწინააღმდეგო ნივთებთან ერთად ამოღებულია ბრონირებული ჟილეტებიც.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტის სიძეს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ს.ჯ-მ, რომელმაც დეტალურად აღწერა 26 ნოემბერს განვითარებული მოვლენები. "პრაიმტაიმმა" სცადა მომხდარის შესახებ თავად ს.ჯ-სთან გასაუბრება, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

მინდია გოგოჭურის ადვოკატი შოთა მანელიძე კი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება ამაშუკელის ქუჩაზე ბინის დაქირავების ფაქტს, ადვოკატი ამბობს, რომ საცხოვრებელი ფართი თავად მინდია გოგოჭურმა პირადი საქმეებისთვის დაიქირავა.

 

„კადრები, რომელიც თქვენ გაავრცელეთ ჩემთვის სიახლეა. თქვენს საიტზე ვნახე პირველად. ეს მასალა არ დევს მინდია გოგოჭურის სისხლის სამართლის საქმეში და შესაბამისად, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. როგორც პოლიცია ამბობს, ამოღებულია იარაღი, რომელიც ფანჯრებიდან გადმოყარესო, მაგრამ ამას ამტკიცებენ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებაზე დაყრდნობით. რაც შეეხება ბინას, თავად მინდიაც არ უარყოფს რომ მან დაიქირავა. ეს წმინდა პირადული საკითხია. როგორც თავად ამბობს, სურდა გარკვეული პერიოდი მარტო ყოფილიყო“, - ამბობს ადვოკატი შოთა მანელიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი