logo_geo
„ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსე მთვარიან ღამეს თელავიდან ალაზნის ველს უნდა უყუროს...“
- +

10 დეკემბერი. 2018. 02:33

 

ლეგენდა თელავზე

 

„ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსემთვარიან ღამეს თელავიდან ალაზნის ველს უნდა უყუროს" - ასე შეამკო მე-19 საუკუნის გამოჩენილმა გერმანელმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ არტურ ლაისტმა კახეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთ უძველესი და ულამაზესი ქალაქი თელავი.

 

თელავისა და მისი არქიტექურული ძეგლების ისტორიის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ისტორიულ ამბავს მაინც გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

 

თელავი და მისი ისტორია

 

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქალაქის სახელწოდება ეტიმოლოგიურად უნდა უკავშირდებოდეს მცენარე თელას. პირველი დასახლება ბრინჯაოს ელინიტურ ხანში გვხვდება, ხოლო გვიან ანტიკურ ხანაში წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.

 

თელავი პირველად მოიხსენიება ბერძენი გეოგრაფის, პტოლიმეს კლავდიუსის ქრისტეშობიდან მეორე საუკუნის "გეოგრაფიაში" "ტელავდას" სახელით.

 

თელავის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფი ალ მუკადისი. ქართულ წყაროებში კი თელავი გვხვდება მე-11 საუკუნიდან, როცა იგი კახეთ-ჰერეთის სამთავრო ცენტრი გახდა.

 

მე-12 საუკუნეში თელავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობით და ხელოსნობით. მე-13 საუკუნის მეორე ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, იგი მონღოლთა მოხელის სადუნ განკაბერდელის საკუთრება გახდა. 1672 წელს კი კახეთის მეფემ არჩილმა გრემიდან თავისი რეზიდენცია თელავში გადმოიტანა.

 

თელავის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ერეკლე მეორის მეფობის ხანას ეკუთვნის, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ამ ქალაქში ცხოვრობდა და მისი აღორძინებისათვის იბრძოდა.

 

თელავი ოთხ გორაზეა აგებული, პირველი გორა ეკუთვნოდა ყორჩიბაშ რუსიშვილებს, სადაც მდგარა ღვთაების ეკლესია, დათარიღებული ჩვ.წ. მე-5 მე-6 საუკუნეებით. მეორე გორა არის კვირიაკე დიდის დროინდელი. აქ აგებული სასახლე და გალავანი, იწოდებოდა "ძველ გალავნად". ციხის შიგნით კი იდგა "გორიჯვარის" სახელით ცნობილი პატარა ეკლესია. მესამე გორაზე კი 1745 წელს ბაზიერთუხუცესმა ზაალ ვახვახიშვილმა ააგო ციხე.

 

"ბატონის ციხე"

 

"ბატონის ციხე" კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო არჩილ მეფის დროსაა აგებული. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში კი ერეკლე მეორემ სასახლეს დიდი გადავანი შემოავლო, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს.

 

მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელებიც ჰქონია, ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით.

 

მეფე ერეკლეს კარის ეკლესია კი აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა, იგი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონია სათოფურები.

 

ეკლესიიდან ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი, 14 მეტრის, რომლის მსგავსი საქართველოში არსადაა. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და მე-19 საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.

 

"ბატონის წყალი"

 

"ბატონის წყალი" ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილია თელავში. ამბობენ ეს წყალი ძალიან უყვარდა მეფე ერეკლეს. წყლის მარჯვენა მხარეს დგას 900-წლიანი ჭადარი, რომლის ქვეშ უშლიდნენ სუფრას ძველი თელაველები საპატიო სტუმრებს. ამ ჭადრის ქვეშ უქეიფია ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ვაჟა ფშაველას და ბევრ ქართველ საზოგადო მოღვაწეს.

 

ერეკლე მეფის დროს შეიქმნა თელავის თეატრი, სადაც იმართებოდა თეატრალური სანახაობები და კვირაში ორჯერ დასწრება აუცილებელი იყო. მის დროს გაიხსნა თელავის საფილოსოფოსო-საღვთიმეტყველო სასწავლებელი, ანტონ კათალიკოსის მესვეურობით, რომელიც შემდეგ სასულიერო სემინარიად გადაკეთდა და აქ ლექციებს კითხულობდნენ გაიოზ რექტორი და დავით რექტორი.

 

წიგნი - სიგელი

 

მე-18 საუკუნის ხელნაწერი წიგნი, რომელიც თელავის საკრებულოს ტაძრის წინაღმძღვარს, დეკანოზ ხელაშვილს ეკუთვნოდა, წარმოადგენს ერთგვარ სიგელს. როგორც წარწერა გვატყობინებს, ეს ყოფილა "ქორწინებისათვის და დადგინებითი გრამოტა", რომელიც მოიცავს 1723-1785 წლებში გამოცემულ "ბრძანებებს და წესებს".

 

წიგნი 62 ფურცლისგან შედგება, დაწერილია მხედრულით, წითელი მელნით. წიგნს ბოლოში აქვს წარწერა "წიგნი ესე, ქორწინებათათვის, ეკუთვნის თელავის სასულიერო სასწავლებლის "უჩიტელს" მიხაილ ხელაევს, არავინ იკადროს მოპარვა ამისა, ვინაიდან მერვე მცნება იტყვის, არა "იპარო".

 

წიგნი ანტონ კათალიკოსისადმი მიძღვნით იწყება "უნეტარესსა და უწმინდეს პატრიარქსა ყოვლისასა, ქართულოისასა მეფის ძიეს ანტონის, უუმონებრესი მოხსენებაი". ამ წიგნში მოღემული ცნობები ანტონ კათალისკოსისათვის იმიტომ იქნებოდა საინტერესო, რომ იგი მეფე ერეკლეს დროინდელი მოღვაწე იყო და სახელმწიფო ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობადა.

 

წიგნში დაცულია დოკუმენტები, რომელიც ეხება სასულიერო პირების დანიშვნის წესს და ვალდებულებებს. მას თან დართული აქვს ლესქიკონი "განმარტება უცხო ენის ლექსთა ამას რეღლამენტთა შინა ხმარებელთა" "რეღლამენტი- ლათინთ კანონისდება". ასევე "ქორწინებისა თვისათვის", რომელიც ბერძნულიდან უთარგმნია იოანე ხუცესს.

 

ლეგენდა შუამთაზე

 

ძველი შუამთის ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის: მე-5 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ნიმუში. მეორე ეკლესია მე-7 საუკუნეს მიეკუთვნება, მესამე მცირე ეკლესიაც ამავე საუკუნეშია აგებული.

 

ახალი შუამთის მონასტერი მე-16 საუკუნეში, კახეთის მეფე ლევან მეორის მეუღლემ, თავად გურიელის ქალიშვილმა თინათინ დედოფალმა ააგო. ლეგენდის თანახმად, თინათინს სიზმრად უნახავს უფლისწული, რომელზეც გათხოვდებოდა და მის მამულში იპოვიდა თეთრ შინდის ხეს, სადაც ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია უნდა აეშენებინა.

 

მართლაც, თინათინი ცოლად გაჰყვა კახეთის მეფეს, ლევან მეორეს, როდესაც ისინი გურიიდან ბრუნდებოდნენ გრემში, თან მოაბრძანებდნენ ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს. გზად შემოაღამდათ შუამთაში, სადაც ღამის გათევა მოუწიათ. ხატი იმ თეთრი შინდის ხესთან დააბრძანეს, რომელიც თინათინმა სიზმარში ნახა.

 

დილით მეფე-დედოფალი სასწაულის მომსწრენი გახდნენ, ხატი ხის ნაწილი გამხდარიყო. დედოფალმა გასცა ბრძანება ამ ადგილას მონასტერი აეგოთ. სწორედ ამ მონასტერში აღიკვეცა წლების შემდეგ თინათინ დედოფალი მონაზვნად და აქვე იქნა დაკრძალული.

 

მე-16 საუკუნეში დედოფლის ასულმა თეკლამ მონასტერს მთავარანგელოზთა ეკვდერი მიაშენა და ბევრი შეწირულობაც უბოძა. მოგვიანებით მეფე თეიმურაზ პირველს 1637 წლის სიგელით მონასტრისათვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გაივლიდნენ.

 

ეკლესიის აღორძინება კი ალავერდის ეპისკოპოსს, შემდეგ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის სახელს უკავშირდება, სწორედ მისი ღვაწლით განახლდა 1899 წელს შუამთის ახალი მონასტერი.

 

მე-19 საუკუნეში შუამთის მონასტრის მთავარი ტაძარი ჭავჭავაძეთა განსასვენებელი იყო. ამ ტაძარში ასევე არის სხვა საგვარეულო საფლავებიც, მაყაშვილების, ანდრონიკაშვილების და ყარალაშვილების, რომლებმაც მონასტერს მიწები შესწირეს.

 

იყალთოს აკადემია

 

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი დაარსდა მე-6 საუკუნეში, ერთ-ერთი ასურელი მამის ზენონის მიერ; არსენ იყალთოელმა მე-11- მე-12 საუკუნეში აქ აკადემია დაარსა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი განათლების კერა იყო.

 

იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას. აქ ისწვლებოდა ასევე ლითონის დამუშავება, კერამიკული წარმოება "მეკეცურობა". მევენახეობა-მეღვინეობა.

 

კახეთის თავადის, იბად ვაჩნაძის ვაჟს არსენ იყალთოელს, განათლება მიღებული ჰქონდა კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში. სწორედ აქ თარგმნა მან თავისი ერთ-ერთი შესანიშნავი თხზულება გიორგი ჰარმტოლის "ხრონოგრაფი", ასევე "დოგმატიკონი".

 

დავით აღმაშენებლის მოწვევით, იგი სამშობლოში დაბრუნდა და მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ თარგმნა მან "დიდი სჯულის კანონი". გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში წერია "ქრისტიანეთა წინამძღვარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოქსენიებულისა და ჩუენ ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავმსდებელი არსენ იყალთოელის თარგმნილი".

 

არსენ იყალთოელი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის წმინდა ზენონის გვერდით.

 

ალავერდი

 

ალავერდის მონასტერი მე-6 საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამთაგან იოსებ ალავერდელმა. მე-11 საუკუნიდან იგი საეპისკოპოსო ცენტრი და მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ალავერდში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები ფილიპე ალავერდელი და ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკოლოზ ირბახი. დღეს ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

 

ჭავჭავაძეების მამული წინანდალში

 

თავადი გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მეფე ერეკლეს კარზე მსახურობდა და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო რუსეთში, სწორედ მან მოაწერა ხელი 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატს. მეფემ გარსევანს დიდი მამული უბოძა წინანდალში. ეს მამული მემკვიდრეობით გადაეცა მის ვაჟს ალექსანდრეს, ეკატერინე მეორისა და ალექსანდრე პირველის ნათლულს.

 

1818 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ წინანდლის მამულში ახალი სასახლის მშენებლობა დაიწყო, მშვენიერი ბაღით გარშემორტყმული, რომელიც ააგო ცნობილმა რუსმა არქიტექტორმა ოზეროვმა. პარკის გაშენება კი შვედ ბოტანიკოსს არნოლდ რეგელს დაევალა.

 

წინანდლის ბაღს ინგლისურ, რიჩმონდის პარკს ადარებდნენ. ბაღში უხვად იყო დასავლური და აღმოსავლური, ასევე ამერიკული ჯიშის ეგზოტიკური მცენარეები. იაპონური ქაღალდის ხე, ხურმა, ზეთისხილი, ტკბილი ჰოვენია, ქაფურის ხე, დაფნა და სხვა მცენარეები.

 

სასახლე ევროპულად იყო მოწყობილი, რაც იმ დროს იშვიათობა იყო. 28 ოთახი და საძინებლები მე-18 საუკუნის ფრანგული ავეჯით იყო გაწყობილი. უხვად იყო ჩინური და იაპონური ჭურჭელი, ფრანგული, გერმანული და იტალიური მუსიკალური ინსტრუმენტები. უზარმაზარი ბიბლიოთეკა იშვიათი უცხოური გამოცემებით.

 

ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდლის მარანში ჩამოასხა ბოთლში ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო და აქედან ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას. ჭავჭავაძეების ღვინის მარანში კი ქართულ ღვინოებთან ერთად ევროპული ღვინის უნიკალური კოლექციაა დაცული, 16 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, მათ შორის 1814 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმული ღვინო "საფერავი".

 

 

big_banner
არქივი