logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: ჩვენი ბრალია!
- +

13 დეკემბერი. 2018. 00:33

 

 

„რაც დღეს სხდომათა დარბაზში მოხდა, ვფიქრობ, ჩვენი ბრალია, რომ საქმე აქამდე მივიყვანეთ“, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

 

„ჩვენი ბრალია, რომ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებს საშუალება მივეცით, პარლამენტის სცენაზე ასეთი პროვოკაციები მოაწყონ ხოლმე. დღეს მოხდა ის, რაც ადრეც მომხდარა, რადგან საერთოდ, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“, ხომ იცით?! მელიამ გამოსვლისას პირველი სიტყვიდანვე დაიწყო შეურაცხმყოფელი ფრაზები. საერთოდ, ადამიანი შეურაცხყოფაზე მაშინ გადადის, როცა ყველაფერს ამოწურავს, ეს კი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადის, რადგან ამ მხრივ, რაღაც უცნაური ეგზემპლარია“, – განაცხადა ქანთარიამ.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ალბათ, შეგნებულად ცდილობენ, თავიანთი ელექტორატი გარკვეულ ფორმაში ამყოფონ და ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს იმას, რომ პარლამენტი და ეთიკა მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ.

 

„თვითონ მელია ამ მოწვევაზე პარლამენტში მგონი, მესამედ ვნახე. ის ალბათ, მაქსიმალურად ცდილობს იმას, რაც თვითონ შეუძლია, რადგან როგორც ჩანს, სხვანაირად არ შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, მისი პრობლემაა, მაგრამ საბოლოოდ, იქცევა ხოლმე იმად, რომ საზოგადოებისთვის საკმაოდ უსიამოვნო სურათი იხატება და დღესაც ასეთი სურათი იყო.

 

იმ მეორე ჯგუფის, მათი განაყარის, „ნაციონალური მოძრაობა“ ნომერი 2-ის წარმომადგენლები, რომლებმაც „ევროპული საქართველო“ დაირქვეს, ცდილობენ, რაღაც სახე და კონსტრუქცია შეინარჩუნონ, ემოციას არ აჰყვნენ და უფრო მომთმენიც იყვნენ. ამიტომ, მათთან რაღაც საკითხზე დიალოგი კიდევ შესაძლებლად მეჩვენება, მიუხედავად იმისა, კარგად ვიცით, ვისი გვარისანი არიან“, – განაცხადა ქანთარიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი