logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: ხალხს გაცნობიერებული აქვს, რომ რევოლუცია ქვეყანას უკან წაიყვანს
- +

13 დეკემბერი. 2018. 21:21

 

„სააკაშვილს სურს, აქ ვინმეს ფაშანიანობა დააბრალოს, მაგრამ დღეს ამის პოლიტიკური ამინდი არ არის“, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ, შეეცდება, თავის ამომრჩეველს ასე უცბად არ მოწყდეს, გარკვეულწილად, ვითომ, ფორმაში ამყოფოს. მეორე მხრივ, ეს არჩევნების შემდეგ გახურებული ერთგვარი ინერციაა და ამიტომ, ჯერ ვერ ჩერდებიან, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ეს ორ და სამ კვირაში ერთხელ ხდება?!“, – განაცხადა ქანთარიამ.

 

ამ განცხადებით ნუკრი ქანთარიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა სცენარით ელოდება ის მოვლენების განვითარებას 16 დეკემბრის შემდეგ და მისი აზრით, რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა უთანხმოების ნიშნებს მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის, ქანთარიამ აღნიშნა, რომ სკაიპის გმირი სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ბედავს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმაც იციან, მაგრამ ამის აღიარება არ სურთ და მეორე მხრივ, ისინი რისკზე ვერ მიდიან, რადგან რევოლუციური ამინდი საქართველოში არ არის და ვეღარც იქნება.

 

„საქართველოში ხელისუფლებები მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე იქნება, რადგან საზოგადოების ყველა წევრს, მათაც კი, ვინც ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ რევოლუცია საქართველოს ერთი ათწლეულით უკან გადააგდებს. ეს სურათი და იქ ცხოვრება კი არავის სურს. ასე რომ, არის არჩევნები და ხალხმა დაგვანახა, რომ შეუძლია, თავისი პოზიცია არჩევნების გზით მკვეთრად გამოხატოს“, – განაცხადა ქანთარიამ.

 

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, საერთოდ, არჩევნების შემდეგ, ის უფრო მმართველი გუნდის გადახალისებას, სტრატეგიის შემუშავებასა და ცვლილებებს ელოდება.

 

„ასევე ველოდები ტენდენციების სერიოზულად გამოკვეთას, რომ ჩვენს მოსახლეობას გარკვეული შედეგები დავანახოთ – ის, რაც პარტიის თავმჯდომარემ თქვა“, – განაცხადა ქანთარიამ.

big_banner
არქივი