logo_geo
ვინ არიან ბებიები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა მოდელებად აქცია
- +

15 დეკემბერი. 2018. 18:02

 

დიზაინერმა მეგი გაბუნიამ მართლაც მისაბაძი კამპანია #გაუთბესიბერე წამოიწყო. საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსი 80 წელს გადაცილებულ ბებიებს მოარგო და საზოგადოებას მოდელების რანგში წარუდგინა. ფოტოებმა და ზოგადად იდეამ, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ისტორია, რომელიც ამ კამპანიას უდევს საფუძვლად, გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. დეტალები თავად დიზაინერმა გვიამბო:

 

- ეს საყვარელი ბებო 2 თვის წინ გავიცანი. რუსთაველის გამზირზე იჯდა და ტიროდა. რა თქმა უნდა, გამოველაპარაკე, დავინტერესდი მიზეზით და გულიც გადამიშალა. ყოველდღიური პრობლემების გარდა მომიყვა ბევრი რამ, მათ შორის ის, რომ ყოველ თვე ბევრი წამალი სჭირდება და ისიც, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს. ბებო ცხოვრობს ისეთ სახლში სადაც უამინდობის დროს ოთახშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ.

 

ბოლო 3 კვირა ბებოს ვერ დავუკავშირდი, თვითონაც აღარ მეხმიანებოდა, ძალიან ვნერვიულობდი... თურმე ტელეფონი დაუკარგავს და ჩემი შეწუხებაც მოერიდა.

 

გუშინ შემთხვევით შევხვდი, ისევ რუსთაველზე, გაყინული ხელები გავუთბე და მაღაზიაში წამოვიყვანე. მგონი, ჩვენ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი გვაქვს საკეთებელი, ვიდრე ერთმანეთის დახმარება და სითბოა.

 

„ვის უნდა ჩემი ბებოს გაცნობა?“ - სოციალურ ქსელში ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მისი გაცნობის სურვილით, უამრავი ადამიანი დამიკავშირდა. სიმართლე გითხრათ, ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი. ორი დღე დამჭირდა, რომ თბილი და ყურადღებიანი ადამიანებისათვის საპასუხო წერილები გამეგზავნა.

 

ბებოს ყველაფერი მოვუყევი, დავაიმედე, ვუთხარი, აღარაფრის გეშინოდეს, უამრავი ადამიანი გიდგას გვერდში-მეთქი. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მას ჭრელი თვალები გაუბრწყინდა, ისეთი ბედნიერება და ღიმილი ეტყობოდა, რომ არასდროს დამავიწყდება. ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური გახდა და ბევრად მეტის გაკეთება მომინდა, მომინდა, მეტი ასეთი სახე მენახა ჩემს ქალაქში. ვფიქრობდი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა შემეძლო? რით გამეხალისებინა ბებია და ბევრი მისი თანატოლი? და უცებ მომივიდა იდეა, მოდელი ბებიები... რატომაც არა!!! ვთქვი და გავიღიმე... გავიღიმე ალბათ ისე, როგორც ბებია იღიმოდა.

 

ფოტოსესია მეორე დღესვე დავგეგმე.

 

გადაღებაზე მასთან ერთად ჩემი ბიოლოგიური, 90 წლის ანჟელა ბებო წავიყვანე, ეს ჩემი მხრიდან იყო მათდამი თანაბარი დამოკიდებულების და ზრუნვის გამოხატვა.

 

- როგორ ჩაიარა ფოტოსესიამ და ზოგადად როგორ შეხვდნენ ბებიები ამ იდეას?

 

- ლამარა ბებიას თავიდან ცოტა მოერიდა, ხალხი რას იტყვისო. როცა ვუთხარი, ჩემს ბებიასაც გადავიღებ შენთან ერთად-თქო, თითქოს მოეხსნა დაძაბულობა. მეორე დღესვე წავიყვანე ორი ლამაზი მოდელი და დავიწყეთ გადაღება. ძალიან სახალისო იყო ეს პროცესი, ბებიები ძალიან გაერთნენ, ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენეს ახალგაზრდობიდან, თითქოს იმ ბედნიერ წლებს დაუბრუნდნენ, როცა იპრანჭებოდნენ... საოცარია ის, რომ ორივე ბებოს საერთო ტკივილი ჰქონდათ, ისინი ძალიან ახალგაზრდები დაქვრივდნენ, ფაქტობრივად წელიწად-ნახევარი იცხოვრეს მეუღლეებთან, მაგრამ ბაბუებმა უამრავი თბილი მოგონების დატოვება მოასწრეს. ფოტოსესია ორი-სამი საათი გაგრძელდა. მათმა დაუღალავმა შრომამ ძალიან გამაოცა, არც დაუწუწუნიათ და არც კი შეუსვენიათ.

 

ამ კამპანიის მთავარი სათქმელი არის „მეტი ყურადღება ხანდაზმულ ადამიანებს!“ მათთვის სითბო და ღიმილი ხომ უმნიშვნელოვანესია. დროა, ხალხმა მეტი ყურადღება დაუთმოს მოხუცების გამხნევებას და მათთვის ბედნიერი წუთების მინიჭებას.

 

სხვადასხვა პროფესიიდან გამომდინარე, შესაძლებელია უამრავი იდეის განხორციელება. მათ თუ მოდელობა შეძლეს, ბევრ საქმეშიც შეგვიძლია გვერდში დავიყენოთ და გავუხალისოთ ცხოვრება. სწორედ ამიტომ დავარქვით კამპანიას  #გაუთბე სიბერე.

 

- როგორი იყო საზოგადოების გამოხმაურება?

 

- ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ვერც კი წარმოვიდგენდი. მომდის უამრავი შეტყობინება როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან, თბილ წერილებს გვწერენ ჩვენი ემიგრანტები. დღედაღამ წერის რეჟიმში ვარ და დადებითი ემოციებით ვივსები. თავად ბებიებს სოციალურ ქსელთან არ აქვთ წვდომა და ვერ აღიქვამენ, რამხელა სითბო და პოზიტივი გამოიწვია მათმა ფოტოსესიამ. ინტერესდებიან ჟურნალისტები, გვაქვს ჩაწერები, გადაღებები და ალბათ ნელ-ნელა მიხვდებიან, თუ რამხელა წვლილი შეიტანეს ამ კამპანიის წამოწყებაში. საბედნიეროდ, საზოგადოების 98-99 %-მა სწორად გაიგო და სწორად შეაფასა ჩემი სათქმელი. იყვნენ ისეთებიც ვინც ზედაპირულად დაინახა ფოტოსესიის მნიშვნელობა და არა სიღრმისეულად, ცოტა გააკრიტიკეს კიდეც, მაგრამ გპირდებით, ჩვენი ბებიები მათზე არასოდეს გაბრაზდებიან. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ის ემოცია იყო, რაც განიცადეს.

 

- მეგი, ლამარა ბებოს პრობლემები მოგვარდა თუ კიდევ საჭიროა საზოგადოების ჩართულობა?

 

- მინიმალური პრობლემები, რა თქმა უნდა, მოგვარებულია, თუმცა, სახლის საკითხი დიდ თანხებთანა დაკავშირებული და სავარაუდოდ, სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ, ალბათ ესეც მოგვარდება...

 

ჩვენ ბევრნი ვართ. იმდენად სასიამოვნოა ეს პროცესი, რომ მე გაჩერებას არ ვაპირებ. მომავალში ბევრ პროექტს ვგეგმავ, რასაც ეტაპობრივად აუცილებლად განვახორციელებ.

 

ციცი ომანიძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი