logo_geo
გოგლა ჟვანია: გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი...
- +

15 დეკემბერი. 2018. 23:21

 

 

„ყველაზე მეტად შეკითხვა გამიჩინა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნამ, რომლის ტექნიკურ ნაწილშიც შავით თეთრზე წერია - ბინაში უბედური შემთხვევის დადგომა ყოვლად გამორიცხული იყოო! მაგრამ დასკვნით ნაწილში წერია - ვერაფერი ვიპოვეთ ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ვერსიას უბედური შემთხვევის შესახებო“, - ამის შესახებ განსვენებული პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში  საუბრობს.

 

„თავიდან არც ვფიქრობდი იმაზე, რომ ზურა მოკლული იყო, მაგრამ როგორც კი პროკურატურასთან საუბარი მომიწია, გაიჭედნენ და მაშინვე გამიჩნდა შეკითხვები. ზურას მკვლელობიდან მეორე თუ მესამე დღეს პროკურატურაში ადეიშვილის პირველ მოადგილე გიორგი ლაცაბიძესთან მივედი, რომელმაც მიამბო ხელისუფლების მიერ დამუშავებული ვერსია, თუ რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს. მან მითხრა, რომ თითქოს ღამის 12 საათზე ზურა გამოვიდა შარტავას ქუჩაზე მდებარე დედაჩემის საცხოვრებელი სახლიდან, ჩაჯდა მანქანაში, მერე ეს მანქანა გამოეყო კორტეჟს და გაჩერდა სააკაძის მოედანზე მაღაზიის წინ. მანქანიდან გადმოვიდა დაცვის თანამშრომელი მიხეილ ძაძამია, იყიდა პროდუქტები და ამის შემდეგ მანქანა წავიდა საბურთალოს ქუჩისკენ, სადაცდა თითქოს ტრაგედია დატრიალდა.

 

აი, ეს მიამბო ადეიშვილის მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ. დავუშვი გამოუსწორებელი შეცდომა, ენას კბილი ვერ დავაჭირე და გიორგი ლაცაბიძეს იქვე ვკითხე - ღამის 12 საათზე სააკაძის მოედანზე მდებარე მაღაზიაში პროდუქტები როგორღა იყიდეს, როცა ის მაღაზია ღამის 10 საათზე იკეტება-მეთქი? ეს რომ ვთქვი, გიორგი ლაცაბიძე შეცბა, აირია, მაგრამ რის ვაივაგლახით საუბარი სხვა თემაზე მაინც გადაიტანა...

 

მაშინვე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი! შევცდი იმაში, რომ არ უნდა მეჩქარა და ამათთვის მედროვებინა, რათა საქმე თეთრი ძაფით ბოლომდე „შეეკერათ“! ჩემი შეკითხვის შემდეგ დაფრთხნენ და მიხეილ ძაძამიას „დამაზუსტებელი ჩვენება“ მიაცემინეს, სადაც მან უკვე განაცხადა, პროდუქტები სააკაძის მოედანზე კი არა, სადღაც საბურთალოს ქუჩაზე ვიყიდეო!

 

ამდენად, ყველაფერთან ერთად საქმეში გვაქვს მიხეილ ძაძამიას ორი განსხვავებული ჩვენება. სხვათაშორის, ძაძამია ერთხელ მანქანაში ჩავისვი და სააკაძის მოედანზე მიმიყვანა - აქ ვიყიდე პროდუქტებიო!

 

ყველაზე მეტად შეკითხვა გამიჩინა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნამ, რომლის ტექნიკურ ნაწილშიც შავით თეთრზე წერია - ბინაში უბედური შემთხვევის დადგომა ყოვლად გამორიცხული იყოო! მაგრამ დასკვნით ნაწილში წერია - ვერაფერი ვიპოვეთ ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ვერსიას უბედური შემთხვევის შესახებო! ანუ ეს დოკუმენტი არის აბსურდი, რომელიც თავის თავს გამორიცხავს, მაგრამ სწორედ ტექნიკური ნაწილი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი სწორედ ტექნიკური ნაწილია, თორემ დასკვნითი ნაწილი, ფაქტობრივად, პოლიტიკური შეფასებაა, რომელიც იმდროინდელ ვითარებას მოარგეს.

 

ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს სხვაგვარი დოკუმენტი რომ შეედგინა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ სიმართლე ეთქვა, საქართველოში რევოლუცია მოხდებოდა. ასეთ რისკზე, როგორც ჩანს, ვერ წავიდოდნენ! სწორედ მაშინ შევხვდი სააკაშვილს, რომელმაც გადამამისამართა ადეიშვილთან, ხოლო ადეიშვილთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა. მეორეჯერ სააკაშვილს ჩემს რძალთან, ნინო ქადაგიძესთან ერთად შევხვდი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. შეხვედრაზე საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოვითხოვე, რასაც სააკაშვილი მაშინვე დაგვპირდა და ამით თავიდან მოგვიშორა. საბოლოოდ ჩემმა აქტივობამ გამოიწვია ის, რომ ზურას მკვლელობის საქმე ვერ დახურეს“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი