logo_geo
სოფიო ქაცარავა: ერთადერთი ფიზიკურად არ შეგვეხნენ - მანქანაში კაცები რომ მსხდარიყვნენ, ალბათ, ესეც იქნებოდა!
- +

18 დეკემბერი. 2018. 01:00

 

 

„ერთადერთი ის არ გააკეთეს, რომ ფიზიკურად არ შეგვეხნენ და მანქანაში კაცები რომ მსხდარიყვნენ, ალბათ, ესეც იქნებოდა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფიო ქაცარავამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

 

„მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, რადგან ისინი აგრესიისკენ იყვნენ მომართული. როდესაც ადამიანს პროვოკაცია აქვს გამიზნული, ალბათ, ამის თავიდან არიდება ძალიან რთულია. თავიდან ავირიდეთ, რომ ეს არ გამწვავებულიყო და ამაში შსს-მ და სამართალდამცველებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს. თუ მათ უნდოდათ, გუშინ აქცია გაემართათ, თავისუფლად შეეძლოთ, გაემართათ იქ, სადაც იყვნენ, თელავში. რა საჭირო იყო მანქანის ირგვლივ ალყის შემორტყმა, მანქანის დამტვრევა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაშინ, როდესაც ჩვენ ჩამოვედით და შევეცადეთ, სიტუაცია განგვემუხტა?! რა საჭირო იყო ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა მათ შეეძლოთ, იქ მდგარიყვნენ და თავიანთი აზრი თავისუფლად გამოეხატათ?!“, – განაცხადა ქაცარავამ.

 

ამ განცხადებით სოფიო ქაცარავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლებოდა თუ არა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ველისციხიდან თელავის მიმართულებით გზა გახსნილიყო, იმ ფონზე, როცა გომბორის გზა უკვე გადაკეტილი იყო.

 

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ამის გარდა ყველაფერზე ფიქრობს.

 

„ამით ჩვენ არაფერი გვაკლდება და არც იმ ინციდენტით დაგვკლებია გუშინ არაფერი. უბრალოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას თავის თავი კიდევ ერთხელ დაანახა. ჩვენ იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ ამ დესტრუქციულ კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიყოთ, თორემ ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერზე პასუხი გავცეთ და აუცილებლად გავცემთ, მაგრამ ის გზავნილები, განცხადებები, დესტრუქცია, აგრესია და ქმედებები, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის, საზოგადოებისთვისაც მიუღებელია და ჩვენთვისაც“ – განაცხადა ქაცარავამ.

 

სოფიო ქაცარავამ ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაანონსებული აქციების რესურსი არ აქვს, საზოგადოებას ამდენი დესტრუქცია და აგრესია აღარ უნდა და ის დარწმუნებულია, საზოგადოება ამ ყველაფერს ჯანსაღად, ადეკვატურად შეაფასებს.

 

big_banner
არქივი