logo_geo
პატრიცია დელონი: მე ქართველი ებრაელი ვარ და არა ებრაელი ქართველი...
- +

24 დეკემბერი. 2018. 01:32

 

 

პატრიცია დელონმა საქართველო 16 წლის ასაკში დატოვა. მას შემდეგ არაერთ ქვეყანაში მოუხდა ცხოვრება, მათ შორის, მის მიერ "მეორე დედად" წოდებულ ისრაელში. საქართველოს მონატრებამ მოსვენება არსად მისცა და საბოლოოდ, სამშობლოს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში უამრავი სირთულის გადალახვა მოუხდა, უმადურობისა და გაუტანლობის წინააღმდეგ მთავარ იარაღად კვლავ სიკეთე და თანადგომა მიაჩნია.

 

იმ ქარიშხლების, იმ წვიმების მადლობელი ვარ, ზამთრის ქარბუქში რომ მასწავლა მაისი ვიგრძნო“, - ქალბატონი პატრიცია ბავშვობიდან წერს ლექსებს, ფლობს 10 უცხო ენას. ერთი წელია, რაც ხატავს, სათავეში უდგას არაერთ ბიზნესწარმოებას და გარდა ამისა, მეგობრებსაც ხშირად ანებივრებს საოცარი კერძებით...

- მრავალი წლის წინ ემიგრირებული ქართველი ებრაელისთვის, 

რომელიც ბოლოს მაინც დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ქართული ენა, პოეზია განსაკუთრებულად ძვირფასია. ხანგრძლივმა ემიგრაციამ ისრაელსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნელ-ნელა, თითქოსდა შეუმჩნევლად, ქართული ენის ივრითით ჩანაცვლება გამოიწვია. მოგვიანებით კი, სხვადასხვა მიზეზით, სხვა ენებზე საუბარი და აზროვნება მიხდებოდა. სამწუხაროდ, ჩემი ემიგრაცია სწორედ იმ ასაკში დაიწყო, როდესაც ადამიანი მშობლიური ენით ტკბობას, მისი სიღრმეების შესწავლას იწყებს. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ჩემმა გონებამ ქართული ენა მეხსიერების იმ კიდობანში გადაინახა, რომელსაც დავიწყება არასოდეს უწერია. ჩემი პირველი "პოეტური" ნაბიჯები შორეულ ბავშვობას უკავშირდება. ბავშვობა და იმდროინდელი ლექსები ერთი გაცრეცილი რვეულის სახით დღესაც, ჩემი უსაყვარლესი და ერთგული თანამგზავრია. საქართველოში დაბრუნებამ ისე დამაახლოვა ჩემს ქართულთან, რომ თანდათან, საბედნიეროდ, ისევ დავიწყე ფიქრი მშობლიურ ენაზე და ლექსის წერის ჟინმაც კვლავ შემიპყრო. ბოლო რამდენიმე წელი მწერლებისა და პოეტების გარკვეულ წრესთან სიახლოვემ და მათთან ურთიერთობის ბედნიერებამ ლექსების წერის სურვილი მომგვარა. ამ ლექსების პირველმა მკითხველებმა, ჩემმა მეგობრებმა მომცეს სტიმული, არ მიმეტოვებინა წერა და ჩემს სუნთქვას ამოყოლილი სტრიქონები ფართო საზოგადოებისთვისაც მიმეწოდებინა. ლექსების ძირითადი თემა სიყვარულია. ეს დიდი სიყვარული ჩემმა ორმა სამშობლომ, ორმა უძვირფასესმა საგანძურმა მასწავლა, თუმცა, მინდა ვაღიარო, რომ მე ქართველი ებრაელი ვარ და არა ებრაელი ქართველი...

 

- ხანგრძლივ ემიგრაციამდე იყო საქართველოში გატარებული ბავშვობა...

 

- დიახ, გრიშაშვილზე გავიზარდე. 13 წლის ვიყავი, როცა გამათხოვეს. 16 წლის ასაკში ორი ბავშვით უქმროდ დავრჩი. მალე შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავედი. 18 წელი იქ შემისრულდა. ბევრს ვმუშაობდი. რთული, წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა, საინტერესო ცხოვრება გავიარე, რამაც გამაძლიერა. ორი წლის შემდეგ მეორედ დავქორწინდი. მყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, რომლისგანაც ბევრი ვისწავლე. ჯერ ავსტრიაში, მოგვიანებით კი იტალიაში ვცხოვრობდით. იტალიაში ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი უცხო ენების ფაკულტეტზე ჩავაბარე. მალე არქიტექტურამ და დიზაინმა გამიტაცა და სწავლა ამ მიმართულებით განვაგრძე. სხვათა შორის, დღემდე ვსწავლობ. მიმაჩნია, რომ ადამიანი ახლის შეცნობით სიბერემდე უნდა იყოს დაკავებული.

- საოცარია, როგორ ახერხებთ საკუთარი თავის ამდენ საქმეში რეალიზებას... როგორც ჩანს, მიზანდასახულობითაც გამოირჩევით...

 

- სხვაგვარად უბრალოდ, არ შემიძლია. მინდა ვისწავლო და გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემი ინტერესის არეალში მოექცევა. მიზანდასახული ვარ და ვცხოვრობ პრინციპით, რომ არ არსებობს არაფერი, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. თუმცა, თვითშეფასების უნარს არ ვკარგავ და ისეთ საქმეს არ შევეჭიდები, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ გამომივა. ეს თვისება ბავშვობიდან მომდევს. ხატვა, მართლაც რომ "ერთ მშვენიერ დღეს", ერთი წლის წინ მომინდა... მეგობარს დავურეკე, - სად ყიდულობენ ფუნჯებს და საღებავებს-მეთქი? საჭირო ნივთები შევიძინე და პირველ სურათზე საკუთარი თავი დავხატე ბავშვობაში. მეგობრები დიდხანს არ მიჯერებდნენ, რომ ნახატი ნამდვილად ჩემი შესრულებული იყო...

 

- ენების შესწავლა საჭიროებამ მოიტანა თუ ესეც თქვენი ჰობია?

 

- 4 წლის ვიყავი. მამა რუსეთში მუშაობდა. ერთხელ, დასასვენებლად იქ წაგვიყვანა. მამას მეგობარმა მითხრა, - როგორც ვიცი, საქართველოში ბევრი ხილი და ბოსტნეული გაქვთო. მეტიჩარა ვიყავი, გახარებულმა ვუპასუხე: "ოჩენ, ოჩენ დოყელა". მის სიცილზე ავტირდი. ისე ვინერვიულე, ავად გავხდი, ერთი კვირა ტემპერატურა მქონდა. ეს კაცი პროკურორი იყო, მოვიდა სათამაშოებით, მაგრამ არ გავიკარე. როცა თბილისში ჩამოვედი, დედას გამოვუცხადე, მამასთან მანამ არ წავალ, სანამ რუსულს კარგად არ ვისწავლი-მეთქი. ასე დავიწყე რუსულის შესწავლა. როცა შემდეგ წელს მამასთან კვლავ წავედით, მე უკვე "ვსხლავდი" რუსულს (იცინის). ალბათ, ბავშვობის შთაბეჭდილებაა ჩემი დამოკიდებულებაც ენების შესწავლის მიმართ. გარდა ამისა, ხელს ისიც მიწყობს, რომ საკმაოდ ადვილად ვსწავლობ. 10 ენაზე ვსაუბრობ, აქედან 7-ზე ვწერ და ვკითხულობ. ებრაულად საუბარი ისრაელში ჩასვლიდან ორ კვირაში დავიწყე. არავის სჯეროდა, რომ ენა მანამდე არ ვიცოდი. ებრაულად წერა-კითხვა საკმაოდ რთულია. მე დღეში 23 საათი ვმუშაობდი, სწავლის დრო არ მქონდა, მიუხედავად ამისა, თავი ამასაც მალე გავართვი. ჩემი მეუღლე ნახევრად სერბი, ნახევრად იტალიელი იყო. ინგლისურად ვეკონტაქტებოდი. რომ დავქორწინდით, დედამთილთან კონტაქტის დამყარების მიზნით, სერბულის შესწავლა გადავწყვიტე. მამამთილთან ურთიერთობის დასამყარებლად იტალიური იყო საჭირო. რაც შეეხება გერმანულს, მეუღლეს ავსტრიაში ბიზნესი ჰქონდა, გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობდით. როცა სუფრასთან მოვისმინე, როგორ "მღეროდნენ" ფრანგულად, გადავწყვიტე მესწავლა. ბერძნული თავად მაინტერესებდა. აუცილებლად შევისწავლი ჩინურ ან იაპონურ ენასაც.

 

- ცოტა უცნაური თანხვედრაა - მხატვრობა, პოეზია, ბიზნესი...

 

- და არა მხოლოდ ეს... გარდა ამისა: კულინარია, კერვა, მებაღეობა... სერიოზული გურმანი ვარ. ყველა მეგობარს საკუთარი ხელით გაკეთებულ იშვიათ კერძებს ვახვედრებ. ქართული კერძები ბებიამ მასწავლა. საერთოდ, ბებიას ხატი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. მისი მოთხრობილი ლეგენდები, იგავ-არაკები, მოთხრობები თითქოს ჩემს ცხოვრებას საფუძვლად დაედო... ზოგიერთი მათგანი სადღეგრძელოდაც კი ვაქციე. არაჩვეულებრივად ვართმევ თავს თევზეულის, ზღვის პროდუქტების მომზადებას. მაცივარს გადავხედავ და რეცეპტი აღარ მჭირდება, იმპროვიზაციის საოცარი უნარი მაქვს.


- როგორც ქალ ბიზნესმენს, სქესის გამო ბარიერები არ შეგქმნიათ?


- საქართველოში ჩამოსულს ქარხნის აშენება მინდოდა. კახეთში დამპატიჟეს. მოვიდა ერთი ადგილობრივი და მითხრა, ფული შენი იქნება, მაგრამ დირექტორი მე ვიქნები და ყველაფერს მე გადავწყვეტ, აბა, ქალის მიერ საქმის გაძღოლა ვინ გაიგონაო?! მშვიდად ავუხსენი, რომ თუკი ფულს მე ჩავდებდი, დირექტორიც თავად ვიქნებოდი და გადაწყვეტილებებსაც მივიღებდი. მოგვიანებით თიანეთში წავედი, სადაც ხეტყის გადამმუშავებელი ქარხანა ავაშენეთ. ავკრძალე ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. გამიპროტესტეს, როგორ შეიძლება ქალმა დალევა აგვიკრძალოსო?! წინააღმდეგობები იყო, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ჩემი მიზანი მხოლოდ სიკეთე გახლდათ და უფრო დამყოლები გახდნენ... ვეხმარებოდი ადგილობრივ დაწესებულებებს. ჩემ მიერ დამკვიდრებული წესის მიხედვით, ერთი კვირა ერთი უბნის მოსახლეობა მუშაობდა, მეორე კვირას - მეორის, რომ შემოსავალი ყველას ჰქონოდა. მეუბნებოდნენ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ მკვეთრი ფერის პომადით ჩამოსული მალე "ბუშლატს", ჩექმას ჩაიცვამდით და ჩვენთან ერთად ტყეში წამოხვიდოდითო. საერთოდ, არასოდეს ვაძლევ თავს მოდუნების საშუალებას, რადგან ვფიქრობ, ვიღაც შეიძლება სულაც არაა ჩემზე სულელი, პირიქით, იქნებ ჩემზე ბევრად ჭკვიანია?!

 

- ალბათ, დროსთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ... რა ხერხებით ატევთ ამდენ საქმეს 24 საათში?

 

- ხშირად ეს ღამის ხარჯზე ხდება. თუ საქმე მაქვს, შეიძლება, ერთი კვირა არ დავიძინო...

- სახლში რამდენიმე სულიერი არსება გყავთ...

 

- საერთოდ, ძალიან მიყვარს ცხოველები. სხვათა შორის, ისრაელში დელფინარიუმის გახსნაში მივიღე მონაწილეობა და მთელი 8 წელი, ფაქტობრივად, მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი... რომ არაფერი ვთქვათ, ძაღლსა და თევზებზე, სხვადასხვა დროს სახლში ხვლიკები, კოალა, ზარმაცა მყავდა.

 

- რა რჩევას მისცემდით ქართველ დიასახლისებს?

 

- არასოდეს დაივიწყონ, რომ ქალები არიან. გაითვალისწინონ, რომ სადილიც შეიძლება გაამზადო და სახლიც დაალაგო მოწესრიგებულმა. არ დანებდნენ ყოველდღიურ რუტინას. ასეა თუ ისე, საქართველოში ქალი მაინც ძალიან დაჩაგრულია. მინდა, ძლიერები იყვნენ და ყოველთვის გააპროტესტონ ნებისმიერი სახის ძალადობა. მე ძალადობაზე უარი 16 წლის ასაკში ვთქვი. მარტივი არ იყო, მაგრამ მადლობა უფალს, შევძელი... და დღეს არავის მივცემ უფლებას, ჩემ გარშემო ქალი დაჩაგროს...

 

- შვილებზე გვიამბეთ...

 

- გოგონა ისრაელში ცხოვრობს, 6 შვილი ჰყავს. შვილიშვილებს სპორტში სერიოზული წარმატება აქვთ. ერთ-ერთმა ახლახან ევროპის ჩემპიონატზე მსუბუქ ტანვარჯიშში პირველი ადგილი აიღო, მეორე გოგონამ პირველი ადგილი სამეჯლისო ცეკვების მიმართულებით მოიპოვა. ერთი ვაჟი კალათბურთითაა დაინტერესებული, მეორე - ფეხბურთით. უფროს გოგონას ისრაელის ჯარში მაღალი თანამდებობა აქვს. რაც შეეხება ჩემს მეორე შვილს, მე და დანიელი აქ ვართ, ერთად ვსაქმიანობთ. ერთი შვილი ჰყავს - ჩემი მეშვიდე შვილიშვილი.

 

 

- შეგეძლოთ, ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყანაში უზრუნველად გეცხოვრათ... რა მიზეზით დაბრუნდით საქართველოში?

 

- მოგეხსენებათ, მშობლებს, და-ძმასა და სამშობლოს არ ირჩევენ.


- როგორც ჩანს, უკვე "ირჩევენ", რადგან ძალიან ბევრი ქართველი ტოვებს საქართველოს...


- მაგრამ ჩემში ყოველთვის მძაფრად იყო ქართველობის განცდა. მთელი ცხოვრება ყველგან სიამაყით ვაცხადებ, რომ ქართველი ვარ. მამა ჩემთან ცხოვრობდა და დაუძლეველი ნოსტალგია ტანჯავდა. არანაირი სიკეთის გაგონება არ სურდა სხვა ქვეყანაში, მისთვის ერთადერთი სიკეთე საქართველოში დაბრუნება იყო. იცით, როგორ გარდაიცვალა? რომ გაიგო, უკვე ბილეთები ხელში მქონდა და საქართველოში ვგზავნიდი, გადაჭარბებულ სიხარულს ვერ გაუძლო... მამა ხელოვნებათმცოდნე იყო, რესტავრაციას უკეთებდა ძველ ავეჯს, სურათებს. წერდა ლექსებს, იყო პროფესიონალი მოცეკვავე და მოჭიდავე. ისრაელი ჩემი დედობილია, რომელიც უზომოდ მიყვარს. მან მასწავლა ტკივილისა და სირთულეებისთვის თავის გართმევა, მაგრამ საქართველო "ბიოლოგიური დედაა", რომელსაც არ და ვერ ვთმობ. ჩემი შვილი, დანიელი სამი წლის იყო, როცა საქართველო დავტოვეთ. მიუხედავად ამისა, ისიც ჩემსავით შეყვარებულია ამ ქვეყანაზე. როცა 8 აგვისტოს წინა დღეებში პოლიტიკური სიტუაცია მეტად დაიძაბა, ისრაელის საელჩო დაგვიკავშირდა. ისრაელის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება და დროებით ისრაელში გამგზავრება შემოგვთავაზეს. დანის ვუთხარი, რომ თავისუფლად შეეძლო წასულიყო, თუმცა, მე იმავეს არ ვაპირებდი. განაწყენდა, - დედა, არ გრცხვენია ასეთ შეკითხვას რომ მისვამ?! ჯერ ერთი, ეს ჩემი სამშობლოა და თუ საჭირო გახდა, არათუ დავრჩები, ომშიც წავალ და მეორე - როგორ ფიქრობ, შენ დაგტოვებ და მე გავემგზავრებიო?!

- ნანობთ რამეს?

 

- ვნანობ, რომ დედას ვერ მოვუარე... სათანადოდ ვერ მივხედე... რომ გამათხოვეს, მალევე მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა... ეს ვერ გადაიტანა... ინერვიულა და ცხრა თვეში გარდაიცვალა. განვიცდი, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ბავშვის საფლავი, რომელიც დანის შემდეგ დაიბადა და სამწუხაროდ, 27 დღის გარდაიცვალა...

წყარო : wyaro
big_banner
არქივი