logo_geo
გაძვირდება თუ არა კიდევ პური
- +

31 დეკემბერი. 2018. 00:01

 

ბოლო ერთი კვირაა ქვეყანაში ე.წ. სოციალური პური 10 თეთრით გაძვირდა. პურის მწარმოებლები გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების ზრდას ასახელებენ. მიზეზთა შორის სახელდება ასევე ხორბლის მარაგების არარსებობა, გაძვირებული საწვავი, შესაფუთი მასალები და ენერგომატარებლები. პურის გაძვირების მიზეზებით პრემიერ-მინისტრიც დაინტერესდა, კონკურენციის სააგენტოს უმოკლეს ვადებში დაავალა პურ-პროდუქტების ბაზარზე ვითარების შესწავლა და ანგარიშის მომზადება. პურის ფასს, ალბათ, აღარაფერი

ეშველება, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა ახლო მომავალში აღარ გაძვირდეს, მაგრამ მოკვლევა, დიდი ალბათობით, ისეთ საკითხებს გაააქტიურებს, რომლებიც მთავრობამ არჩევნებამდე სოციალური უკმაყოფილების გამო დათმო.

ჩვენი ინფორმაც­იით, კონკურენციის სააგენტოში უკვე იმყოფებოდნენ ხორბლისა და ფქვილის, ასევე პურის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ბაზრის მდგომარეობის შესახებ. როგორც შევიტყვეთ, 

კონკურენციის სააგენტოს შეკითხვები ექნება ხორბლის ტრაილერებით შემომტანებთანაც, რომლებისთვისაც რამდენიმე თვის წინ ხელისუფლება საქმიანობის აკრძალვას აპირებდა. ეს ბაზარი კონკურენციის სააგენტომ 2015 წელსაც შეისწავლა და მაშინ კონკურენციის დარღვევის ფაქტები ვერ აღმოაჩინა. 

"ქსელური მაღაზიები ცხვირს არ შეგაყოფინებენ, ქეშბექს თუ არ მისცემ"

 

იუნისეფი, ვის კვლევებსაც ხელისუფლება ყურს უგდებს, ამბობს, რომ საქართველოში პურის მოხმარება მაღალია და ეს სიღარიბის ერთ-ერთი მაჩვენებელია. მცირეშემოსავლიანი ხალხი მთავარ საკვებად იაფ პროდუქტს - პურს ეტანება. ამიტომ ინდუსტრიულ პურზე ფასების ზრდა სოციალურ უკმაყოფილებას ყოველთვის იწვევს და ხელისუფლებაც პურის ფასზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

 

ფქვილის გაძვირება ზაფხულში დაიწყო - 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 34-37 ლარიდან ჯერ 39-45 ლარამდე გაიზარდა, ხოლო დეკემბერში 50 ლარს მიაღწია. პურის ფასი კი მხოლოდ მცირე საცხობებმა და თონეებმა გაზარდეს, პურის ინდუსტრიულმა მწარმოებლებმა კი ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ გადაწყვიტეს.

 

მალხაზ დოლიძე, პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე: "ჩვენთვის კრიტიკული ზღვარი იყო 44-45 ლარი ტომარაზე, ახლა კი თითქმის ყოველდღიურად იცვლება ფასი და უკვე 51 ლარს მიაღწია. ძვირია მანქანა-დანადგარები, პურის ქარხნებს კი გადაიარაღება მუდმივად სჭირდებათ. ხელისუფლებას მაღალი მოთხოვნები აქვს: პური უნდა ჩაიდოს მაღალი ხარისხის ქაღალდის შესაფუთში, რაც მას 7-8 თეთრით აძვირებს. არჩევნები იყო და ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ როცა 48 ლარს გადასცდა ტომარა ფქვილის ფასი, მეპურეები იძულებული გახდნენ, ფასი გაეზარდათ. თონეებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაზარდეს, 300-გრამიან პურს 0,80-1 ლარად ყიდიან. ჩვენი პური კი 450-500 გრამია და გასაცემი ფასი 90 თეთრია. ფასწარმოქმნაში ერევიან მაღაზიებიც, ზოგი პურს 10-15 თეთრითაც კი აძვირებს. ადრე მაღაზიას არ ჰქონდა უფლება, 5%-ზე მეტი მოემატებინა პურისთვის, ახლა კი ყველა თავისი შეხედულებისამებრ იქცევა. ქსელური მაღაზიები ცხვირს არ შეგაყოფინებენ, ქეშბექს თუ არ მისცემ, გარდა ამისა, ზოგი "სავაჭრო აქტივობის თანხას" ითხოვს, რაც პურის ღირებულების დაახლოებით 12%-ია. ჩვენი პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს მთელ თვეს ატრიალებენ და მეორე თვის ბოლოს აძლევენ მეწარმეს კუთვნილ თანხას. ეს ყველაფერი ვაცნობე კონკურენციის სააგენტოს და იმედია, რეაგირება იქნება. მომცეს ხელისუფლებამ პურის სავაჭრო ობიექტის გარეთ, შეფუთვის გარეშე გაყიდვის უფლება და გპირდებით, ძველ ფასად გავყიდი. სხვაგვარად ძველი ფასის შენარჩუნება წარმოუდგენელია. თუმცა ჩვენ შორისაც აღმოჩნდნენ უსინდისო მწარმოებლები, წონა დააკლეს და ფასი უცვლელი დატოვეს".

 

"ფასის ზრდას კიდევ ველოდებით"

 

ქეთი კუბლაშვილი, კომპანია "აგრიკომის" დირექტორი: "საქართველოში ხორბალი, ძირითადად, რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდის. ორივე ქვეყანაში მცირე მოსავლის გამო ხორბალი გაძვირდა. შარშან რუსეთმა 100 მილიონ ტონამდე ხორბალი მოიწია, წლეულს - 65 მილიონი. ივნისში გემით შემოტანილი 1 ტონა ხორბალი თუ 205-210 დოლარი ღირდა, დღეს 240 ღირს.

 

ხორბლის საერთაშორისო ფასები მყისიერად იმიტომ აისახა ადგილობრივ ბაზარზე, რომ მარაგი არა გვაქვს. ბოლო დროს ხორბალი საქართველოში, ძირითადად, ტრაილერებით ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მცირე პარტიებით შემოდის და, ფაქტობრივად, მაშინვე იხარჯება. გემით შემოტანა აღარ ღირს, რადგან მანქანით შემოტანა გაცილებით იაფია, მაგრამ წისქვილებს არ ჰყოფნით მანქანებით შემოტანილი ხორბალი. კლიმატური პირობების გამოც ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ორ კვირას დაკეტილი იყო, ხორბალი ბაზარზე აღარ შემოდიოდა და ამან გაძვირებისთვის კიდევ ერთი საბაბი შექმნა. გემით რომ შემოიტანო ხორბალი და ძვირი ხორბლის მარაგი შექმნა, ასეთ კონკურენციაში ძვირ ხორბალს ვერ გაყიდი. ადრე, სულ ცოტა, 80-90 ათასი ტონა ხორბლის მარაგი იყო ქვეყანაში. ქვეყნის მოხმარება თვეში 45-50 ათასი ტონაა, ანუ ორი თვის მარაგი გვქონდა. ეს ვალდებულება, თავის დროზე, კომპანიებმა იკისრეს სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ, როცა ფასთა ასეთი განსხვავება თვალსაჩინო გახდა, განვმარტეთ, რომ ამას ვეღარ შევძლებდით - მანქანებით შემოტანილით მარაგს ვერ შექმნი, გემით შემოტანილით კი ძვირი და არაკონკურენტულია.

 

სეზონის დასაწყისში მანქანებით შემოტანილი ხორბლის ფასი ტონაზე 605 ლარი იყო, დღეს 780 ლარი ღირს. შესაძლოა ფასი ყოველ რეისზე შეიცვალოს. გემით კი ხორბალი დიდი რაოდენობით ჩამოდიოდა, გაზრდაც შეწონილი ფასით ხდებოდა და არა ერთბაშად, რაც ბაზარს ძალიან არ ეტყობოდა.

 

ველით, რომ ხორბალი უფრო გაძვირდება, რადგან რუსეთის ბაზარი შეიძლება დაიკეტოს, უფრო სწორად, ექსპორტი რამე დაბრკოლებებით შეაფერხონ, ამიტომ ახლა ყაზახეთზე ვართ გადართული".

 

როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ფორსმაჟორში

 

ლევან სილაგავა, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე"სახელმწიფომ უნდა დასახოს პრიორიტეტი, რა ურჩევნია - ჰქონდეს 2-3 თვის მარაგი, თუ დამოკიდებული იყოს "ლევ" ხორბალზე, რომელიც მცირე პარტიებად მანქანებით შემოდის. გემითა და რკინიგზით ხორბლის შემოტანისას იმპორტიორს ოფიციალურ სტრუქტურებში 14 სახის დოკუმენტი უნდა წარედგინა, მანქანით შემოტანისას კი მხოლოდ 5. ყოველი დამატებითი დოკუმენტი დამატებითი ხარჯია. ამიტომაც დიდმა წისქვილებმაც კი მანქანებით შემოტანილ ხორბალზე დაიწყეს მუშაობა. ამასობაში კი საერთაშორისო ფასები გაიზარდა. 3 თვის მარაგი რომ გვქონოდა, თუნდაც გემით 205 დოლარად შემოტანილი, შეგვეძლო სტაბილურად გადაგვეტანა პერიოდი შემდეგ პარტიამდე და ასე უცაბედად არ გაძვირებულიყო ფქვილი და პური.


ფორსმაჟორულ ვითარებაში სახელმწიფომ შესაძლოა საკანონმდებლო ინიციატივებით იმოქმედოს, მაგალითად, დღგ მოხსნას ხორბალზე. შეიძლება ააშენოს ელევატორი ან იჯარით აიღოს კერძო სექტორში არსებული და ხორბალი ფიქსირებულ ფასად მიაწოდოს წისქვილკომბინატებს. ხორბალიც სტრატეგიული პროდუქტია. ბევრი ქვეყანა უშიშროების საბჭოს სხდომებზე მსჯელობს მის მარაგზე, ჩვენთან კი ეს საქმე თვითდინებაზეა მიშვებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი