logo_geo
„არ გამოვრიცხავ, ჟვანიას, შარაძისა და პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები გაიხსნას“
- +

23 იანვარი. 2017. 17:05




პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მარინა მოლოდინი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის გახმაურებული საქმეები გაიხსნება.

 

„ყოველთვის გამოჩნდება ამბიციამოუთოკავი პერსონა (განსაკუთრებით ბოკერიას გუნდიდან), რომელიც რაღაც ვიდეოფირს გაავრცელებს, თუნდაც იმდაგვარს, რაც ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით დაიდო („ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებულ ვიდეოს ვგულისხმობ). კულუარულად მუდმივად არის ლაპარაკი, რომ სხვა მსგავსი ვიდეოჩანაწერებიც არსებობს და რომელიმეს გამოქვეყნება დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. შესაძლოა, დანაყოფებს შორის დაპირისპირებამ ზოგიერთი საქმის გახსნა დააჩქაროს. არ გამოვრიცხავ, რომ გაიხსნას ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ ბოკერიას გუნდმა მისთვის სასურველ კონტექსტში თავად წამოსწია ჟვანიას თემა და ერთ-ერთ გადაცემაში სკანდალური განხილვა მოაწყვეს. მაშინვე მივხვდი, რაღაცის გამო აწყობდათ ეს (ჯერ საქმის ძიება დასრულებული არ იყო და ლამის დასრულებულად გამოაცხადეს, მერე აღიარეს, რომ არსებითი განხილვა ისევ გრძელდებოდა და დეტალებზე მსჯელობას მოჰყვნენ. დაცვამ ლამის პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ცხედარი მიშას დავალებით მიიტანა უკან ბინაში). რაც წლები გადის, მკვლელობის კვალი უფრო მეტად იკარგება, ბევრი მასალა განადგურებულია, თუმცა ახალიც გამოჩნდა. ამიტომ გოგლა ჟვანია პროკურატურასთან თანამშრომლობს. გამოძიება მალე დამთავრდება და აბსოლუტურად შეიცვლება ის კვალიფიკაცია, რომლის მიწებებას ჟვანიას მკვლელობისთვის „ნაცმოძრაობა" ცდილობდა", - აცხადებს მარინა მოლოდინი.


გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიების დაჩქარებასთან დაკავშირებით მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, ის მოწმეებიც ალაპარაკდნენ, რომლებსაც აქამდე რაღაცის შიში ჰქონდათ.


„როგორც სააკაშვილის, ისე ბოკერიას დაჯგუფება პასუხისმგებელია მამაჩემის მკვლელობაზე. ვფიქრობ, ის მოწმეები, რომელთაც აქამდე კიდევ რამის შიში ჰქონდათ, უფრო თამამად ალაპარაკდნენ. აქა-იქ ჩანერგილი პირებიც დაინახავენ, რომ „ნაცმოძრაობა" თავიდან ბოლომდე წყალწაღებული ძალაა და ვიმედოვნებ, საფლავში არ ჩაჰყვებიან. არ გამოვრიცხავ, მკვლელობაში პირდაპირ თუ არა ირიბად მონაწილე პირებმაც გაამჟღავნონ სიმართლე. ოღონდ ისინი ალაპარაკდნენ და პირველი მათ მე დავიცავ, რადგან მთავარია, სიმართლე ოფიციალურად დადგინდეს", -აცხადებს რუსუდან შარაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი