logo_geo
სიმამაცის გამო თურქმანთა მბრძანებლის ხელით მოკვდინებული ქართველი მეფე: კონსტანტინე I
- +

17 იანვარი. 2019. 17:23

 

 

 

თემურლენგის სიკვდილის შემდეგ საქართველოს სამხრეთით, დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე, ახალმა ძალამ აიდგა ფეხი. ეს გახლდათ ყარა-ყოიონლუ, ანუ „შავბატკნიან“ თურქმანთა გაერთიანება, რომელსაც სათავეში, ჩვენდა საუბედუროდ, ნიჭიერი კაცი ყარა იუსუფი ედგა.

 

კოჭლი თემურის გარდაცვალების შემდეგ ყარა იუსუფმა ჯალაირიდების სახელმწიფოს გამგებელი, თავისი ყოფილი მოკავშირე აჰმედი მოუსავლეთში გაისტუმრა და ირანის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე  ბატონობა დაამყარა. 1410 წელს მან საფუძველი ჩაუყარა ყარა-ყოინლუს სახელმწიფოს, რომელსაც 1420 წლამდე განაგებდა.

 

 

ყარა-იუსუფი ბრძოლის ველზე, აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი

 

საქართველოში ყარა იუსუფის შემოსვლის მიზეზად სწორედ ზემოხსენებული აჰმედ ჯალაირი იქცა, ვინაიდან ირანის ახალ მბრძანებელთან დაპირისპირებაში მას შირვანშაჰი იბრაჰიმი და ასევე ქართველთა მეფე კონსტანტინე ეხმარებოდნენ. და იქცა კიდეც შირვანიცა და საქართველოც ყარა იუსუფის სამიზნეებად.

 

კონსტანტინე I-ს, რომელიც ტახტზე ნახიდურთან გიორგი მეშვიდის დაღუპვის შემდეგ ავიდა, უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო. თემურლენგის მრავალგზისი შემოსევებისაგან აოხრებულ ქვეყანას მოფერიანება სჭირდებოდა, მაგრამ არ დასცალდა მეფეს — ცალკე საკუთარ ვაჟთან, ალექსანდრესთან უსიამოვნების, ცალკე ყარა იუსუფის გამოჩენის გამო.

 

ქართველთა ახალმა მაოხარმა ყარა იუსუფმა შირვანის შაჰ შეიხ იბრაჰიმს დამორჩილება მოსთხოვა. ამ უკანასკნელმა კი დახმარებისათვის საქართველოს მეფეს მიმართა. კონსტანტინე I 2000 მეომრით, შაქის იმჟამინდელი მმართველი საიდ აჰმადი და თავად შირვან შაჰი საბრძოლველად დაირაზმნენ და მტკვრისპირა მინდორზე დაბანაკდნენ, რომელსაც ქართული წყაროები ჩალაღანს უწოდებენ.

 

 

კონსტანტინე პირველი

 

მოკავშირეებმა ბანაკს სამი მხრიდან ღრმა თხრილი შემოავლეს, მეოთხეს მტკვარი იცავდა. მაგრამ, როგორც თავში მოგახსენეთ, ნიჭიერი კაცი იყო ყარა იუსუფი, ჯართან ერთად ღამით მტკვარი გადმოცურა და მოკავშირეთა ბანაკში შეიჭრა. სასტიკ ხელჩართულ ბრძოლაში შაქელმა და შირვანელმა მეომრებმა გაქცევა სცადეს და ქართველი მეფე, თანმხლებ სამას აზნაურთან ერთად, მტერს მარტოდ შეატოვეს.

 

მაგრამ შირვანის შაჰი თხრილში ჩავარდა, ხელი მოიტეხა და ერთმა თურქმანმა მოლაშქრემ კისერზე საბელშებმული მიჰგვარა ის მბრძანებელს. დაატყვევეს ქართველებიც.

 

სომეხი მემატიანის, მათეოს განძასარელის ცნობით, კონსტანტინე პირველსა და მის აზნაურებს თავი ამაყად და მამაცურად სჭერიათ, ხოლო შირვანელები სუსტად იბრძოდნენ. ამიტომ ყარა-იუსუფს მათთვის არა უვნია რა, ხოლო ქართველი ტყვეები დაუხოცავს. ერთი ვერსიით, კონსტანტინე პირველისთვის საკუთარი ხელით მოუკვეთავს თავი, სხვა ვერსიით კი, ქართველი მეფისთვის იუსუფის ვაჟს, ფირ-ბუდაყს მოუსწრაფავს სიცოცხლე.

 

ქართველებმა დიდი გაჭირვებით მოიპოვეს მეფის ცხედარი და სამშობლოში ჩამოასვენეს. ხოლო ტახტზე კონსტანტინეს განდგომილი ძე, ალექსანდრე პირველი ავიდა, რომელიც ისტორიაში ალექსანდრე დიდის სახელით შევიდა, რადგან მონღოლთა და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყანა კიდეც აღადგინა და კიდეც მშვიდობა დაამყარა...

 

თუმცა ეს უკვე სხვა ამბავი და საკმაოდ დიდი თემაა, რაზეც  სხვა დროს ვისაუბრებთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი