logo_geo
ზურაბ აბაშიძე: თუ 2011 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება არ შესრულდება, კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ
- +

23 იანვარი. 2017. 18:17




პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა თებერვლის დასაწყისში გაიმართება. აბაშიძის თქმით, რუს კოლეგასთან ტრადიციულად ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრებს.


რაც შეეხება 2011 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ახლა უკვე შვეიცარიული კომპანია ჩაერთო და იმ შემთხვეაში, თუ კიდევ მოხდება რუსეთის მხრიდან ამის ხელოვნურად გაწელვა, აბაშიძის თქმით, საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.


ზურაბ აბაშიძის ინტერვიუს გრიგორ კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით გაზეთი „რეზონანსი" ავრცელებს.

 

„ჩემი და კარასინის მორიგი შეხვედრა თებერვლის პირველ დეკადაში გაიმართება.ზუსტი თარიღი არ გვაქვს ხოლმე დათქმული და ამჯერად ასე გადავწყვიტეთ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

 

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მანდატი და დღის წესრიგი, რომელიც დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო საკითხებთან, გარკვეულ ჰუმანიტარულ თემებთან, ტურიზმზე და ა.შ. ყოველი შეხვედრის წინ შესაბამის უწყებასთან გავდივარ კონსულტაციებს, სამინისტროებთან და ვაგროვებ პრობლემებს, რომელიც განსახილველი საკითხების ნუსხაში ხვდებიან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


რუსეთისგან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მონიჭებასთან დაკავშირებით აბაშიძემ აგანაცხადა, რომ სავიზო რეჟიმი ამ ქვეყანასთან საგრძნობლად გამარტივებულია.

 

„რაც შეეხება რუსეთის სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მოგეხსენებათ, საგრძნობლად გამარტივდა მიმდინარე წლის დასაწყისში. თუკი ადრე უახლოეს ნათესავს რუსეთის მოქალაქეს შეეძლო მოეწვია საქართველოს მოქალაქე, ახლა ეს აღარ არის საჭირო. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას, ფიზიკურ თუ იურდიულ პირს შეუძლია მიიწვიოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.

 

ვიზის გამოგზავნაც მარტივად ხდება, საგარეო უწყება საჭირო აღარ არის, ელექტრონული ფოსტითაც შეიძლება გამოიგზავნოს. ასე რომ, გამარტივებულია ნამდვილად. წინა წლებში გაიცემოდა სადღაც 20 ათასი ვიზა. ახლა, რამდენადაც ვიცი, წელს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, გაორმაგდა.

 

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვნახოთ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა რუსი ტურისტები საქართველოში კომფორტულად ჩამოვიდნენ, პრობლემები არ ჰქონდეთ. მათ 1 წლის მანძილზე შეუძლიათ უვიზოდ დარჩენა.

 

ეს არა მარტო რუსეთის მოქალაქებისთვის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქებისთვისა შესაძლებელი და უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ეს ასეც მოხდა. წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდა და სადღაც 1 მილიონი ტურისტი კონკრეტულად რუსეთიდან.

 

ასე რომ, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ახლა რუსეთი შემდგომ რა ნაბიჯს გადადგამს, მათი გადასაწყვეტია. თუ უნდათ, რომ კიდევ გაამარტივონ ან საერთოდ მოხსნან, ჩვენ მივესალმებით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი