logo_geo
დარდად ქცეული ერი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა გაღიმების ძალა...
- +

17 იანვარი. 2019. 23:09

 

 

ყოველი დღე ისე იწყება, თითქოს არაფრის საშიშროება არ არსებობდეს. ყოველი წამი და წუთი დაუზღვეველია. ამ წუთას დედას ვუყურებ. წნევა აეწია და საბანში შეფუთული ცრემლმორეული თვალებით ემშვიდობება სხვისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს. ვინ იცის, სხვა სახლებში, სხვა ოთახებში რა ხდება. ან სულაც შეიძლება ქუჩის კუთხეში ვიღაცამ გულგახეთქილმა ჩაიარა და მთელი ქვეყნის ნაღველს ატარებს.


როცა რამე ცუდს ვიგებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტერიტორიასაც ასახელებენ, მაშინვე ვფიქრობთ, ვინმე ჩვენიანს ხომ არ დაემართა რამე? სინამდვილეში ყველა ადამიანი ჩვენიანია. უბედურება ერთ სისხლად და ხორცად გვაქცევს ხოლმე. 

ისეც ხომ ხდება, შიშისგან ძლივს გახსენებულ ლოცვას რომ იმეორებ თვალდახუჭული, ადამიანის გადასარჩენად და საკუთარი უსუსურობისგან ძარღვები გებერება. ასეთი ლოცვები ყოველთვის არ ჭრის, მაგრამ არასდროს დაიჯეროთ, რომ უფალი ყურდახშულია. 

მთავრობა, ექიმები, პოლიცია, სასწრაფო, გარდაცვლილი, მოკლული თუ ცოცხალი.. ყოველთვის ვიღაც გამოგვყავს დამნაშავე. ზოგჯერ ღმერთიც კი. არასდროს გამოილევიან ბრალდებულები და მსხვერპლად ქცეულნი. 

დარდად ქცეული ერი ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა გაღიმების ძალა. ერს, რომელსაც სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში პატარას ბულულებიანი თმა და ციცქნა ფეხებზე წამოცმული წინდები, ვირუსისგან დაღუპული დედების სახეები, ავარიაში მოყოლილი ბიჭების ღიმილი, ვერეს ხეობაში დატოვებული სევდა, აგვისტოს ცეცხლში გახვეული ადამიანები, უბავშვებო თოჯინები და უყველაფრო სახლები.. ვინ მოთვლის..

ცხოვრება შეიძლება სიკვდილიანობის მაჩვენებელს დაემსგავსა, მაგრამ „გადარჩენილებს“ ნამდვილად გვაქვს შესასრულებელი მისია. ტრაგედია ბევრ კეთილ ადამიანსაც ააშკარავებს და ცხოვრება ისე ჯიუტად საშინელი აღარ გამოდის.

ბევრი ვისწავლე და მაინც რამდენი რამ არ ვიცი. ვიცი ის, რომ სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს თითქმის ყველა ავადმყოფზე მძიმე ცხოვრება აქვთ. ყველაზე იმედიანები არიან, იმის მიუხედავად, რომ თითო ნემსი თურმე იმდენი ღირს, რამდენიც ალბათ ჩემი ერთი თვის ხელფასია. სამაგიეროდ, არ ვიცი, რატომ არის ასეთი შეუძლებელი, რომ სამყაროში ცუდი ამბები საერთოდ არ ხდებოდეს. რომ არ გვიწევდეს იმის შემოწმება, საყვარელ ადამიანს გული ისევ უცემს თუ არა.


ვიღაცები ჩვენ აუცილებლად დაგვცინებენ და გაგვრიყავენ. მავანნი ჩვენზე იტყვიან, გიჟები არიანო. 

იქნებ კიდეც შევძულდეთ. მაგრამ გეტყვით, რომ მე ამ წუთას სევდამოწოლილი კითხვას ვუსვამ ჩემს მეგობარს, რა სტკივა მის გულს სამყაროსგან ყველაზე მეტად. 


ბოროტება სტკივა, აგრესია, ტყუილი. რა იდეითაც გაჩნდა ადამიანი, ამ იდეისგან გარიყვა და ამ იდეის მიმართ ზურგშექცევა თავისი ამბიციების, უსიყვარულობის და უპატიებლობის გამო. ყველაფერი ლამაზი რომ ყველაზე მეტად ღვთის რჩეული ქმნილების ხელით ნადგურდება. საჭმელად მოკლული შველი და ირემი მტკივა, დათვი.. ჩასაცმელად განწირული ცხოველები. უღმერთოდ და ნუგეშის გარეშე დარჩენილები მტკივა, ვისაც შეუძლია უბედური იყოს იმით, რომ მანქანა არ ჰყავს და ეს მიაჩნდეს ბედნიერების წყაროდ. ეს მტკივა.“. - მეუბნება ჩემი მეგობარი და მისი პასუხი მახვედრებს, რომ მისნაირი ადამიანების გამო მიღირს სიცოცხლე.

- რაღაცას გაგიმხელ. ღმერთისთვის არასდროს მითხოვია ის, რისი შექმნა და შეძენაც თავად არ შემეძლო. ზოგადად, ნივთიც კი არასდროს მითხოვია. მწამდა, იმ საოცნებო ნივთსაც ჩემით მოვიპოვებდი და ამისთვის ღმერთი არ უნდა შემეწუხებინა. მას მხოლოდ იმაზე ლოცვით და იმის თხოვნით "შევაწუხებ", რომ რაც ჩემს ძალებს არ ექვემდებარება, ის შეცვალოს. ის, რის წინაშეც უსუსური ვარ. სწორედ ეს ვუპასუხე ჩემს მეგობარს, რომლისგანაც ვიგრძენი, რომ ამდენი სიკვდილიანობის, ამდენი დარდის, ამდენი ადამიანის დაკარგვის მიუხედავად - ჩვენ ყველას დიდი მომავალი გვაქვს. უბრალოდ, ერთმანეთის სიცოცხლეს იქამდე უნდა მოვუფრთხილდეთ, ვიდრე სანანებლად გაგვიხდება საქმე. ვიდრე ბავშვები დაიხოცებიან, იქამდე უნდა ვიმოქმედოთ. ვიდრე ჩვენს საყვარელ ადამიანებს რამე დაემუქრებათ, იქამდე უნდა ვუთხრათ: მიყვარხარ, თან არაერთხელ

და საერთოდაც, რა დაშავდება, რომ ყველა ბავშვს გავუღიმოთ, ყველა მოხუცს შევაშველოთ ხელი ან დავუთმოთ ადგილი? ნუთუ ღიმილის გამო დაგვსჯიან? ნუთუ ფეხები გვეტკინება, რომ გზაზე გადავყვეთ ან სულაც სახლამდე მივაცილოთ? არც მე მეცალა, არ მქონდა დრო, მაგრამ ამის გამო სამსახურშიც დამიგვიანია. უფალი მოწყალეა და უფროსსაც სწორედ იმ დღეს დააგვიანდა სამსახურში მოსვლა. 


სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო, ასე ამბობენ, მაგრამ მე ბრძენობის პრეტენზია არ გამაჩნია. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ყველას საერთო საქმეა


არავინ იცის, ვინ იქნება მომდევნო... 

 

ნათია ხუნაშვილი

წყარო : wyaro
big_banner
არქივი