logo_geo
„არსებობს საცობების მართვის 5-მიმართულებიანი გეგმა“, - მერის მოადგილე საცობების გამომწვევ მიზეზებსა და რეგულაციებზე
- +

23 იანვარი. 2017. 19:09



თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისში საცობების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ავტომობილების მზარდი რიცხვი, რომელიც 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა და 420 ათასს მიაღწია.


„საცობებს იწვევს რამდენიმე მიზეზი. პირველი - ეს არის ავტომობილების მზარდი რიცხვი. მაგალითად, ბოლო წელს ავტომობილების რიცხვი, მხოლოდ თბილისში, 7%-ით გაიზარდა. ქალაქში რეგისტრირებული, დაახლოებით, 420 ათასი ავტომობილია. 2012 წელთან შედარებით, ავტომობილების რიცხვი გაორმაგებულია. მზარდი მაჩვენებელი ობიექტური ფაქტორია, რომელიც ქმნის შეფერხებას. მეორე - ეს არის უწესრიგო მოძრაობა მძღოლების მხრიდან. საცობებში ძალიან ბევრი არაორგანიზებული და თვითნებური მოძრაობა ხდება დარღვევების ხარჯზე და ეს ქმნის პრობლემას. არის მიზეზები, რომელიც მერიიდან გამომდინარეობს. მაგალითად, თუ რომელიმე ქუჩის რეაბილიტაცია ხდება და ეს ქუჩა იკეტება, ან რაიმე ღონისძიება იმართება ქალაქში. ბუნებრივია, ესეც შეფერხებას იწვევს. პრობლემას ამწვავებს თბილისში შემომავალი ავტომობილების, ტრანზიტული მარშრუტებისა და ტაქსების დიდი რიცხვი, რომელიც ძირითადად რეგიონიდან შემოდის. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მოძრაობას ტვირთავს", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.


მერის მოადგილის თქმით, არსებობს საცობების მართვის 5-მიმართულებიანი გეგმა, რომელიც საცობების გამომწვევი მიზეზების საპასუხოდ არის მიმართული. აღნიშნული გეგმა 2016-2017 წლებში სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს.

 

„პირველი, ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულება, რომელიც მოიცავს ახალი გზების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაცია-განახლებასა და კვანძების მოწყობას. 2016 წელს გავაკეთეთ პუშკინის ესტაკადა, კრწანისი-შინდისის გზა, სამება-მახათას გზა. 2017 წელს დაგეგმილია ვაშლიჯვრის, მარშალ გელოვანის გზის მოწყობა და რამდენიმე ახალი პროექტი. რაც შეეხება განახლებას, შარშან ბევრ ქუჩაზე ჩატარდა კაპიტალური რემონტი. კარგი ხარისხის გზა ნიშნავს უფრო მეტ გამტარუნარიანობას და წელსაც, ამ მიმართულებით, დაახლოებით 85 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომ მთლიანობაში გზების რეაბილიტაცია განხორციელდეს. სააკაძის კვანძი მოვაწყვეთ, რომელმაც გააუმჯობესა მოძრაობის გადაადგილება, როგორც ორგანიზებულობის, ისე უსაფრთხოებისა და გამტარუნარიანობის კუთხით. მომავალშიც ვაპირებთ, რომ ასეთი კვანძები შევისწავლოთ და უსაფრთხოების კუნძულებით, შუქნიშნებითა თუ სხვადასხვა ტიპის ჩარევებით მოძრაობა ორგანიზებული გავხადოთ. მეორეა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ჩვენ დავიწყეთ ახალი ავტობუსების პროექტი. ამ მომენტისთვის დაახლოებით 25 ახალი ავტობუსი მოძრაობს. მარტში 143 ახალი ავტობუსი გვეყოლება, რომელიც საკმაოდ თანამედროვე და ევროპულია. უახლოეს წლებში გვინდა ჩანაცვლდეს ავტობუსების პარკი. მესამე მიმართულება გვაქვს რეგულაციები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეგულაციებს, რომელიც უკავშირდება საწვავზე აქციზის ზრდას, ასევე დაგეგმილია ტექდათვალიერების შემოღება და ვფიქრობთ, რომ ეს გააუმჯობესებს გადაადგილებას თბილისის საზღვრებში. ვფიქრობთ, პარკირების ახალი სისტემის დამუშავებაზე, რომელმაც მეტი არეალი უნდა შექმნას თბილისში. მეოთხე მიმართულება ინფორმაციული და ახალი ტექნოლოგიების შემოტანაა. ჩვენ ვამუშავებთ საცობების მართვის აპლიკაციას, რომელმაც ინფორმირებული უნდა გახადოს მძღოლი, რომელ ქუჩებზეა საცობი, რათა თავად დაგეგმოს მარშრუტები. ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს ელექტრომობილებს. მეხუთე მიმართულებაა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომელიც მოუწოდებს მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს, რომ საგზაო უსაფრთხოებისა და მოძრაობის ორგანიზების მიმართულებით უფრო ყურადღებიანები იყვნენ. ჯამში, ეს ხუთმიმართულებიანი გეგმა 2016-2017 წლებს მოიცავს", - აღნიშნა ლექვინაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი