logo_geo
ვიქტორ ეროფეევი: გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ქართველ ხალხს - კანონი დავარღვიე, ამას არ უარვყოფ!
- +

21 იანვარი. 2019. 01:37

 

 

23 ნოემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ცნობილი რუსი მწერალი ვიქტორ­ ეროფეევი - როგორც შემდეგ გაირკვა, იმის გამო, რომ მწერალმა დაარღვია"კანონი ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. სავარაუდოდ, იგულისხმება 2017 წლის ოქტომბერში დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში გამართული ფესტივალი "პაემანი რუსეთთან", რომ­ელსაც ეროფეევიც ესწრებოდა. "კვირის პალიტრა" ესაუბრა ვიქტორ ეროფეევსრომლის წიგნი "მამაჩემი. კარგი სტალინი" ახლახან ქართულადაც გამოიცა. 

- სანამ თქვენი დეპორტაციის დეტალებზე ვისაუბრებდეთ, იქნებ აფხაზეთში

თქვენი­ პირველი ვიზიტი გავიხსენოთ... ამის შესახებ რამდენიმე სტატიაც გამოაქვეყნეთ, მათ შორის "ნიუ-იორკ თაიმსში". იქ იყო საინტერესო შედარება - აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას .. პოლიტიკური დარვინიზმი უწოდეთ და ასე აღწერეთ: "დიდი თევზი, რუსეთი, საქართ­ველოს ჩაყლაპვას ცდილობს, პატარა თევზი, საქართველო კი უფრო პაწია თევზის, აფხაზ­ეთის გადაყლაპვას ცდილობდა." ეს  როგორ დაასკვენით? ამ შედარებამ საქართველოში ბევრი გააკვირვა. ჩვენ ამ ყველაფერს დარვინიზმის ნაცვლად სეპარატიზმს ვუწოდებთ


- ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გერმანულმა ჟურნალმა "მარემ" შემომთავაზა,­ წავსულიყავი აფხაზეთში და აღმეწერა ჩემი შთაბეჭდილებები. ეს არ იყო იოლი გად­ა­წყვეტილება, ვიცოდი, რომ აფხაზეთში რუსული საზღვრიდან შესვლა მომიწევდა და უნდა დამერღვია ყველაფერი, რასაც ქარ­თული ისტორიული კანონები გვკარნახობს.

 

 

- არსებობს არა მარტო ისტორიული კანონები, არამედ თანამედროვე და მოქმედი კანონიც, რომელიც ამას კრძალავს.

 

- დიახ. მაგრამ მაინც გადავწყვიტე, წავსულიყავი, რადგან გერმანელებმა მთხოვეს­ დამეწერა ის, რასაც ვნახავდი, გადმომეცა­ სიტუაციის ჩემეული აღქმა. იქ შევხვდი პრეზიდენტს - აწ გარდაცვლილ ბაღაფშს,­ სტანისლავ ლაკობას, უცხოელ მშვიდობისმყოფელებს და ა.შ. და ჩემი თვალსაწიერი­ ამ კონფლიქტის ირგვლივ გაფართოვდა. ვნახე, რომ აფხაზებს აქვთ თავიანთი პოზიცია. შეიძლება თუ არა ამას სეპარატიზმი ვუწოდოთ? ალბათ, კი. ეს ისეთი სეპარატიზმია, რომლის წინაშე დგას ზოგი ევროპული ქვეყანაც, მაგალითად, ესპანეთი. მინდოდა ამ ფენომენში გავრკვეულიყავი. თვალში საცემი იყო, რომ აფხაზეთსაც შეეძლო, ევროპული ღირებულებებისკენ წასულიყო - ამაზეც ვისაუბრეთ და სწორედ ამაზე დავწერე სტატია "ნიუ-იორკ თაიმსში". მინდოდა, მეჩვენებინა, რომ აი, ნახეთ, აფხაზეთშიც კი ყველა­ არ არის კმაყოფილი იმით, რაც ხდება. იქ ყველაფერს რუსეთი მართავს და ეს ყველას არ მოსწონს. კარგად აღარ მახსოვს, რა დავწერე იმის შესახებ, თუ როგორი­ პოზიცია უნდა ჰქონოდა დასავლეთს აფხაზეთის მიმართ. 

 

- მე შემიძლია წაგიკითხოთ. თქვენ წერდით: "არ უნდა ვაქციოთ აფხაზეთი განდევნილად საერთაშორისო ასპარეზზე". ეს კი, ალბათ­, უპირისპირდება ქართულ და დასავლურ პოლიტიკას, .. არაღიარების კურსს.

 

- საკითხი ასე დგას - რაც უფრო დიდხანს იქნება საქართველოს ეს ნაწილი, აფხაზეთი, იზოლაციაში, მით მეტია შანსი, რომ საბოლოოდ ჩაუვარდეს ხელში მოსკოვს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს ღვეზელის ამ გემრიელ ნაჭერზე. ეს იყო ჩემი სტატიის მთავარი აზრი.

 

- როგორც ჩანს, აფხაზეთში ვოიაჟი საქართველოდან დეპორტის ფასად დაგიჯდათ. განგიმარტეს თუ არა ოფიციალური მიზეზი, რატომ არ მოგცეს შემოსვლის უფლება?

 

- ისინი, ვინც დეპორტაციის პროცედურას ახორციელებდნენ, ცივილურად და მეგობრულად მექცეოდნენ, თუმცა ვერ შეძლეს, აეხსნათ, რატომ არ მიშვებდნენ ქვეყანაში. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ვიღაც დარეკავდა და ამ გადაწყვეტილებას შეცვლიდნენ, მაგრამ არავის დაურეკავს; ვერც მე და ჩემმა მეგობრებმა მოვასწარით, სადმე დაგვერეკა და ჩვენი გასაჭირი შეგვეჩივლამახსოვს, სასაზღვრო დაცვის ხელმძღვანელმა განმიცხადა, ვწუხვარ, მაგრამ ეს საბოლოო გადაწყვეტილებააო­. მინისტრმა რომ დაგირეკოთ, რას იზამთ-მეთქი, ვკითხე. მაშინ შევცვლითო, გამიღიმა. გამოდის, გადაწყვეტილება არც ისე საბოლოო ყოფილა, არა?

 

- ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში აფხაზეთში ადრინდელი ვიზიტების გამო არ შემოგიშვეს


- და ეს არალოგიკურია. სულ სამჯერ ვიყავი აფხაზეთში, სამივეჯერ - მაისამდე­ და თუ მაისში შემომიშვეს, ახლა რატომ აღარ მიშვებენ? იცით, სასაზღვრო დაცვას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ვუთ­ხარი, რომ საქართველოზე ვწერდი. არა მგონია, ბევრი თანამედროვე რუსი მწერალი იპოვოთ­, რომელიც საქართველოსა და სტალინზე წერს. 

 

- შეგეძლოთ საქართველოდან ჩასულიყავით აფხაზეთში. ასე რატომ არ მოიქეცით?

 

- მართებული შეკითხვაა. პირველი ორი ვიზიტისას - 2011-2012 წლებში, მე პოლიტიკური სიბრიყვე გამოვიჩინე. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ შემეძლო, საქართველოდან იოლად ჩავსულიყავი აფხაზეთში. 2017-ში ვიცოდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ აფხაზეთში მხოლოდ ერთი საღამო გავატარე და იმ დღესვე სოჭში გავფრინდი. პოლიტიკური არაფერი გამიკეთებია, თუმცა, მესმის, რომ თქვენი მთავრობის თვალსაზრისით კანონი დავარღვიე. ამას არ უარვყოფ. 

 

- და ბუნებრივია, რომ ჩნდება შეკითხვა: თუ ადამიანმა იცის კანონი და მაინც არღვევს­ მას, რატომ იქცევა ასე?

 

- ეგეც მართალია. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ორჯერ ვიყავი აფხაზეთში, დაუბრკოლებლად შემოვედი საქართველოში­ ცნობილ მხატვარ ზურაბ წერეთელთან ერთად - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნას დავესწარით. არ ვიცოდი, თუ ეს კანონი ასეთი დრაკონული იქნებ­ოდა. მე არც ჩინოვნიკი ვარ და არც რუსი პოლიტიკოსი. თუ შეცდომა დავუშვი, გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ქართველ ხალხს, რადგან ძალიან მინდა, თანამშრომლობა გავაგრძელო საქართველოსთან და ქართველებთან. იცით, რა სათაური ჰქონდა ჩემს სიტყვას? "საქართველოს გავლენა ჩემს შემოქმედებაზე". ვფიქრობ, ეს მრავლისმეტყველია.


გია ყანჩელმა, ლეგენდარულმა ქართველმა კომპოზიტორმა დამირეკა და მითხრა, მთავრობა ამ შემთხვევაში მართალი არ იყოო. მე მჯერა ამ ადამიანის, პატივს ვცემ და მიყვარს იგი, მაგრამ გავიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ პრეტენ­ზია არ მაქვს. მხოლოდ ის მინდა, ურთიერთობა გავაგრძელო ჩემს ქართველ მეგობრებთან და ჩემი წიგნები ქართულ ენაზე­ გამოვცე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი