logo_geo
მარგველაშვილის შვილის მძღოლის წინააღმდეგ სკანდალური სასამართლო პროცესი იწყება
- +

24 იანვარი. 2017. 02:44


 


25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა იწყება. საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის პირად მძღოლს ფოსტის თანამშრომლის ცემასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში ედება ბრალი. სკანდალურ საქმეს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტის შვილის პირად  მძღოლს, სანდრო მარტიაშვილს 3000-ლარიანი გირაო უკვე შეეფარდა. რაც შეეხება საქმის მასალებს, დაზარალებული „პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს, რომ ბრალდებულ სანდრო მარტიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გადაკვალიფიცირდა. ამ ფაქტს 27 წლის მამუკა ხამასურიძე გამოძიებაზე შესაძლო ზეწოლას უკავშირებს. ამ ეტაპზე უცნობია, ფლობს თუ არა ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნული საქმის შესახებ. რა მოხდა გასულ ზაფხულს თბილისში? ვინ არის პრეზიდენტის შვილის მძღოლი და რა სამხილები არსებობს მის წინააღმდეგ? „პრაიმტაიმმა" ექსკლუზიურ ინტერვიუ ჩაწერა დაზარალებულ პირთან.


- ჩემი ცემის ფაქტი ზაფხულში ჩემს სახლთან ახლოს მოხდა მაშინ, როცა სტუმრებს ვაცილებდი, 2 მეგობარ ბიჭს. გამოვედით ცენტრალურ ტრასაზე ტაქსის გასაჩერებლად, დავინახეთ ტაქსი და დავუქნიე ხელი. თუმცა ტაქსის ნაცვლად გააჩერა მის წინ მიმავალმა ავტომობილმა, საიდანაც ჩემთვის უცნობმა პირმა დამიძახა. მივუახლოვდი ავტომობილს და მითხრა, რატომ დაუქნიე ხელიო. მე ვუთხარი, რომ ტაქსს ვაჩერებდი სტუმრებისთვის. დამიწყო აგრესიული საუბარი, თითქოს ძალით ცდილობდა ჩემს გამოწვევას. ბოლოს მითხრა, მე წავიყვან მაგ ბიჭებსო. მადლობა გადავუხადე და თანხა შევთავაზე, რომელიც ხელში მეჭირა და ტაქსისთვის უნდა მიმეცა. გაღიზიანდა, იუკადრისა და მანქანიდან გადმოვიდა. მითხრა, რად მინდა შენი ფული, ვის სთავაზობო, დროზე მითხარით თქვენი გვარები და სახელებიო. მე ვუთხრი ჩემი ვინაობა, პოლიციელი მეგონა, გვიყვიროდა. მე სანდრო მარტიაშვილი ვარ,  მარგველაშვილთან ვმუშაობო, მითხარით თქვენი გვარები, ვინ ხართო. შევეცადე, ამეხსნა, რომ ცუდი განზრახვა არ მქონია და არ მიცდია მისი დამცირება. არ მომისმინა, უფრო აგრესიული გახდა, მწვდა ყელში. ჩემი მეგობრები გაშველებას შეეცადნენ და ამ დროს ხელი წაიღო უკანა ჯიბისკენ და თავში ჩამარტყა იარაღის კონდახი. დავეცი, თუმცა, სანამ გავითიშებოდი, სახეში წიხლიც ჩამაზილა. ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში ვიყავი. გავითიშე. ამ დროს ადგილზე მოსულა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. იქ უთქვამთ, თითქოს მე დავეცი. სასწრაფომ გადამიყვანა მე-8 საავადმყოფოში, სადაც ჩამიტარდა სხვადასხვა გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ თავში მქონდა ჩარჩენილი ძვლის ნატეხი. ჩამიტარდა ოპერაცია. 10 დღის მანძილზე ვიწექი საავადმყოფოში და ორი თვის მანძილზე სახლის პირობებში ვმკურნალობდი.

 

- საქმე როდის აღიძრა?


- ჩემი დაკითხვა რამდენჯერმე მოხდა. პირველად დამკითხეს მაშინ, როცა ძლიერი ტრავმისა და მედიკამენტების ქვეშ ვიყავი. სრულად ვერ აღვიდგინე მომხდარი, იმის გამო, რომ შოკში ვიყავი. როცა ამ მდგომარეობიდან გამოვედი, განმეორებითი დაკითხვა მოვითხოვე. გამომძიებელს მოვუყევი, რეალურად რაც მოხდა. გამომძიებელმა მითხრა, რომ საავადმყოფოდან ჩემი სამედიცინო ისტორიის გამოთხოვის უფლება მიმეცა. დავთანხმდი და ხელი მოვუწერე, რადგან მე თავისუფლად გადაადგილება არ შემეძლო.  გამოითხოვეს კლინიკიდან მასალები, როცა საქმის მასალებს გავეცანი, გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი დისკი წარუდგინეს ექსპერტიზაზე. გამომძიებელმა ამის გამო ექსპერტიზა სრულფასოვნად ვერ ჩაატარა. მოგვიანებით დამატებით ორი დისკი გამოვითხოვე მე-8 საავადმყოფოდან და გადავეცი ექსპერტიზას. ამის შემდეგ ექსპერტმა დაწერა, რომ ბლაგვი საგნით მქონდა მოყენებული  დაზიანება და ტრავმა სიცოცხლისთვის საშიში იყო. ეს დასკვნა გახდა იმის საფუძველი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გაგრძელდა. სანდრო მარტიაშვილს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.


- რა ინფორმაციას ფლობთ ეჭვმიტანილზე?


- როგორც გავარკვიეთ, სანდრო მარტიაშვილი იმ პერიოდში იყო პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მძღოლი და პირადი დაცვაც. ის ყოფილი სპორტსმენია. რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს,  ვიცი მხოლოდ ის, რომ, როცა მე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, სანდრო მარტიაშვილი და მისი მეგობარი, რომლის ვინაობაც არ ვიცი, შეიარაღებულები იდგნენ   საავადმყოფოს ეზოში და იმუქრებოდნენ, რა ვითარებაშიც  უნდა, შევხვდებით და გავურჩევთ საქმესო.

 

- ცემის  ფაქტს ჰყავს თვითმხილველები?


- კი, ჩემი 2 მეგობარი იყო, რომლებმაც ჩვენება მისცეს, თუმცა  თქვეს, რომ თითქოს არ დაუნახავთ იარაღი, რადგან ღამე იყო და გაშველების პროცესში ვერ დაინახეს. არ ვიცი, დააშინეს თუ რა მოხდა, თუმცა, რაც მთავარია, ექსპერტიზამ განსხვავებული სურათი დადო და ფოტოებზეც მეტყობა, რომ დაცემისგან არ მიმიღია ეს ტრავმა.

 

- მომხდარი ფაქტის შემდეგ ხომ  არ გამოგხმაურებიათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია?


- არავინ არ გამომხმაურებია, ერთი ჭიქა წყალი არ მოუწოდებია ჩემთვის არავის. მკურნალობის კურსი კერძო დაზღვევამ ამინაზღაურა. როცა სახლში გავდიოდი მკურნალობას და ჩვენება მივეცი გამომძიებლებს,  მარტიაშვილის მამამ სცადა მოლაპარაკება და თითქოს ჩემი დამშვიდება, თუმცა ეს უფრო მუქარას ჰგავდა. მითხრა, ჩემი შვილი ციხეში რომ წავიდეს, როცა გამოვა, არ ვიცი, კიდევ რას ჩაიდენს და რა მოუვა შენს ოჯახსო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი