logo_geo
„სააკაშვილი და მისი სექტა დამთავრდა ამერიკაშიც, ინგლისშიც და დამთავრდებიან საფრანგეთშიც!“
- +

24 იანვარი. 2017. 12:35



„რაც სააკაშვილსა და ბოკერია-უგულავას გუნდებს შორის ხდება, არა მგონია, სპექტაკლი იყოს", - ამის შესახებ პუბლიცისტი თემურ მირიანაშვილი „ასავალ-დასავალთან" საუბრობს.


მირიანაშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პირველად უწოდა სააკაშვილს „გიჟი" და შემდგომ ამაში ბევრი დაეთანხმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არსებობს.


„სააკაშვილი მართლაც „ცნობილი გიჟი" აღმოჩნდა! მართალია, „ცნობილი გიჟის" - სააკაშვილის გაპრეზიდენტებით საქართველომ ძალიან იზარალა, მაგრამ რაც მოხდა, ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის ჭკუის სასწავლებელია. სააკაშვილი რომ გიჟია, ამაში მოგვიანებით ბევრი დამეთანხმა, მათ შორის, პუტინიც და მედვედევიც. ამასწინათ ერთ-ერთ რუსულ არხს ვუყურებდი და იქაც პირდაპირ თქვეს, რომ სააკაშვილს ფსიქიატრიც ვეღარ უშველისო! სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არსებობს, ის არის დაშლილი და განადგურებული", - განაცხადა მირიანაშვილმა.


როგორც პუბლიცისტმა აღნიშნა, „ნაციონალები" მართლაც დაიშალნენ და ეს სპექტაკლი არ ყოფილა.


„ნაციონალები" ნამდვილად დაიშალნენ და ამ ყრილობის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს ჩაატარეს, კიდევ უფრო მეტად დაიშლებიან! ნაცებს ჰქონდათ დასავლეთისა და ამერიკის ყველაზე უფრო რეაქციული ძალების იმედი, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ძალები თავად დასავლეთსა და ამერიკაშიც კი დამარცხდნენ. სააკაშვილი და მისი სექტა დამთავრდა ამერიკაშიც, ინგლისშიც და დამთავრდებიან საფრანგეთშიც!

 

რაც სააკაშვილსა და ბოკერია-უგულავას გუნდებს შორის ხდება, არა მგონია, სპექტაკლი იყოს! როცა მონასტერი ირევა, ყველა რაღაცის დათრევას ცდილობს და ბოკერიაც ეგ არის! გიგა ბოკერიამ ჩემზე უფრო ადრე იცოდა, სააკაშვილი გიჟი რომ იყო, მაგრამ მარჯვე დროს ელოდა და ხმას არ იღებდა! ძალიან სიმპტომატურია ის ამბავი, ბოკერია რომ სააკაშვილს განუდგა...

 

უგულავა ნაცპარტიის ტიპური წარმომადგენელია და სხვებისგან არაფრით გამოირჩევა", - განაცხადა თემურ მირიანაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი