logo_geo
ჯუმბერ პატიაშვილი: კინაღამ ჯვარზე გამაკრეს!
- +

24 იანვარი. 2017. 22:41



„ადამიანებმა დაკარგეს სინდის-ნამუსი. აღარაფრისა აღარ რცხვენიათ, კაცო, ისე აგინებენ ერთმანეთს, ვითომც არაფერი. ესენი ვერ გრძნობენ იმას, რომ ყველაფერი ისევ თვითონვე დაუბრუნდებათ, აღარც შვილები ახსენდებათ, აღარც შვილიშვილები, აღარც მომავალი თაობა. ნახე, სოფელი მიტოვებულია, არავის არ ახსოვს, ჩამოვედით ყველანი თბილისში, ამ პატარა ქალაქში და ვაგინებთ ერთმანეთს. დეგრადაცია მოხდა საზოგადოების ყველა სფეროში!", - ამის შესახებ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოვიფლი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი გაზეთ „ალიასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.


„ილიას აქვს ერთი საინტერესო სტატია, სადაც სვამს კითხვას: ამ საუკუნეების მანძილზე ქართველი ერი სულ ბრძოლაში იყო, სულ შემოსევები იყო, როგორ გაუძლო ქართველმა კაცმა ამას? აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი: ქართულ სოფელში მიწის ფართობები იყო ორად დაყოფილი, საკარმიდამოდ და სასოფლოდ.

 

ეს ძალიან ჭკვიანურად გამოიყენეს ებრაელებმა - შექმნეს კიბუცი და მოშავი, რაც არის დაახლოებით კოლმეურნეობის პრინციპზე აგებული. ახლა, ჩვენ თუ კოლმეურნეობის პრინციპი გავამრუდეთ და ვერ განვავითარეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უვარგისია.

 

შეიძლება ვიღაცა დაგვეხმაროს ფულით, მაგრამ საქმე უნდა აკეთოს ქართველმა. ავიღოთ მევენახეობა, ვაზის 1500 ჯიშიდან 600 ქართულია, ავიღოთ ხორბალი - 24 სახეობიდან 14 არის ქართული... სხვისი საკარნახო რა გვჭირს?

 

მთავარი ტრაგედია იწყება 1990 წლიდან, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოს, ასევე კარნახობდნენ, უნდა გააკეთო ეს, უნდა გააკეთო ეს... მაგრამ არ უნდა განახორციელო არავითარ შემთხვევაში სელექციური მუშაობა, ეს არ გჭირდებათ. არადა, ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი სკოლა. მაგალითად, მე პირადი ურთიერთობა მქონდა დუბინინთან, მსოფლიო მასშტაბის გენეტიკოსთან, უშუალო შეხვედრა მქონდა ვისოვსკისთან, ასევე უმაღლესი რანგის გენეტიკოსთან. ამ კაცმა მიმიღო, გაიშალა პატარა სუფრა, სამნი ვართ, არის თვითონ, მისი მეუღლე და მე. საქართველოზე დამიწყო ლაპარაკი, ყველაფერი იცოდა და უცებ მეკითხება, პაპალაშვილი როგორ არისო? პაპალაშვილი იყო მსოფლიო დონის მეცნიერი, რომელმაც მრავალტაროიანი სიმინდი გამოიყვანა. დამისახელა ჩვენი მეცნიერები და მერე მეკითხება: აბა, მითხარი, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები სად ცხოვრობენო? ჩემი გათვლებით, ყველაზე ლამაზი ქალები ცხოვრობენ საქართველოშიო. მე ვუთხარი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ყველაზე ჭკვიანი ქალები რომ საქართველოში ცხოვრობენ, ამის დასადასტურებლად ნონა გაფრინდაშვილიც კმარა, ქალი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია - მეთქი.

 

მე ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს ხალხი უნდა მომეწვია საქართველოში, უნდა გვემუშავა სერიოზულად, მაგრამ სავალუტო ფონდმა პირდაპირ ჩაწერა, თქვენ სელექციას თავი დაანებეთ, ვენახების ფართობებიც შეამცირეთო!

 

ადამიანებმა დაკარგეს სინდის-ნამუსი. აღარაფრისა აღარ რცხვენიათ, კაცო, ისე აგინებენ ერთმანეთს, ვითომც არაფერი. ესენი ვერ გრძნობენ იმას, რომ ყველაფერი ისევ თვითონვე დაუბრუნდებათ, აღარც შვილები ახსენდებათ, აღარც შვილიშვილები, აღარც მომავალი თაობა. ნახე, სოფელი მიტოვებულია, არავის არ ახსოვს, ჩამოვედით ყველანი თბილისში, ამ პატარა ქალაქში და ვაგინებთ ერთმანეთს. დეგრადაცია მოხდა საზოგადოების ყველა სფეროში!

 

ჩემმა თაობამ ბევრი ააშენა... შუქრი აბაკელია ახსოვს ვინმეს? გმირი იყო, ახალგაზრდა კაცი იყო, ოთარ ჭითანავა ახსოვს ვინმეს? ბონდო ჯიქია ახსოვს ვინმეს? ესენი მუშაობდნენ ენგურზე, ამათ ააშენეს. თუნდაც მეტრო ავიღოთ, 1966 წელს გაიხსნა, ვაგინოთ ის სისტემა, აშენებული ხომ დაგრჩა? ჯერ შენ გააკეთე უკეთესი და მერე ახსენე აუგად სხვა. მე რაც გადამხდა ხუდონჰესის მშენებლობაზე, იმის მერე ვფიქრობ, ვინ შემოაგზავნა ეს ხალხი, რა უნდათ?! ბოლოს იქამდეც მივიდნენ, ეკოლოგიური პრობლემები გაჩნდაო, ახლა კიდევ ლაპარაკობენ, უნდა ავაშენოთო. ჩვენ რომ მაშინ ეს ჰესი გაგვეშვა, დღეს საქართველოს 1500 მეგავატი ექნებოდა, აშენებაც ძალიან იაფი დაგვიჯდებოდა.

 

თუ გინდა, გაზსადენი ავიღოთ, ვინც მაგისი გაყვანის წინააღმდეგები იყვნენ, დღეს ცოცხლები არიან, გაიხსენონ. სააკაშვილის დროს იძახდნენ, უნდა გავყიდოთო, ეგ ჩემი გაკეთებულია, კინაღამ ჯვარზე გამაკრეს, პროექტი შემაცვლევინეს. ვინც აშენებდა, მოდიოდა და მეუბნებოდა: ჯუმბერ ილიჩ, რა უნდათ, ვეღარ გავიგეო, მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ ხალხის ნაწილი დღეს ხელისუფლებაშია. საქართველომ პირველი კრედიტი სოფლის მეურნეობისთვის, 50 მილიონი დოლარი მიიღო 1994 წელს, მერე დემირელი ჩამოდიოდა და კიდევ ერთ ამდენს გვაძლევდნენ. მაშინ შევარდნაძე ბრძანდებოდა, მე გამოვედი სესიაზე, ის მაინც ვიცოდეთ, ეს თანხა სად და როგორ ნაწილდება-მეთქი. იმავე საღამოს სახლის ფანჯრები დამიცხრილეს, დამაშინეს ამ არაკაცებმა. კიდევ კარგი, ორმაგი მინა ყოფილა, ტყვიაგაუმტარი, არც ვიცოდი, ცეკას მდივანი რომ ვიყავი, მაშინ გაუკეთებიათ. ექვსი ტყვია იყო ნასროლი.

 

როგორ ვითარდებოდა ამერიკის სოფლის მეურნეობა, მე ჯერ კიდევ იქიდან ვიცი, როცა ესენი ბავშვები იყვნენ... ამათ არ იციან, ჩადიან ამერიკაში, სეირნობენ, ჩამოვლენ და მერე რაღაცებს ლაპარაკობენ. იქ ფერმერს აბსოლუტურად მწვანე შუქი აქვს ანთებული!", - განაცხადა ჯუმბერ პატიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი