logo_geo
„არვიდას საბონისისთვის ის თბილისური ამბავი მსოფლიო საოცრებად დარჩა!...“
- +

3 თებერვალი. 2019. 11:46

 

„თბილისური ამბავი!..“

 

„დარწმუნებული ვარ, ლიტვაში ასე არავინ მოიქცეოდა“

 

„როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვთამაშობდი, არასოდეს მიფიქრია, რომ „მოძმე“ რესპუბლიკები უცხოეთი იყო. იცით, არ შეიძლება დაივიწყო ის მეგობრები, რომლებთან ერთად ერთი თეფშიდან გიჭამია. მახსოვს, ლიტვის იუნიორთა ნაკრებთან ერთად თბილისში მივფრინავდით საკავშირო პირველობის ტურნირზე. საქართველოს დედაქალაქში ჩასვლამ მინერალური წყლების გავლით მოგვიწია და რეისის შეფერხების გამო თბილისში გვიან ღამით ჩავფრინდით. საჭმელი არაფერი გვქონდა, რადგან კვების ტალონები, რომლებიც ჩვენს მწვრთნელებს ჰქონდათ, მხოლოდ მეორე დილით თუ გამოგვადგებოდა. სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ, 12 კალათბურთელი ჯგუფებად დავნაწილდით და სურსათ-სანოვაგის საშოვნელად ახლომახლო სახლებისკენ გავწიეთ. ღამის სამი საათი იყო, როდესაც პირველივე სახლზე მივაკაკუნე. ახალგამოღვიძებულ მასპინძელს პური ვთხოვეთ. კაცი გაგვინაწყენდა - რა პური, რის პური, სახლში შემოდით, ბიჭებო, ადამიანურად მოისვენეთ და დანაყრდითო. მერე გაირკვა, რომ ჩემს დანარჩენ თანაგუნდელებსაც ასეთივე გულუხვობით უმასპინძლეს სხვა ქართველებმა. დარწმუნებული ვარ, რომ გინდ კომუნისტური ეპოქის, გინდ ახლანდელ ლიტვაში ასე არავინ მოიქცეოდა!..“

 

არვიდას საბონისი („ნოვიე იზვესტია“ 12.11.2003)

 

ვიყოთ გულახდილი - ბევრ ჩვენგანს ცრემლი თუ არა სასიამოვნო ჟრუანტელი ხომ მოჰგვარა ამ ისტორიამ? ბევრ ჩვენგანს ხომ სული გაუთბო, ძირეული, სასიცოცხლო ფესვი შეურხია და გაუსაძლისი დღევანდელობის მძიმე ყოფიდან წამით მაინც გადაისროლა იმ საოცარი კაცთმოყვარეობის ტკბილ ზღაპარში, არცთუ დიდი ხნის წინათ მადლმოსილების გვირგვინად რომ ემოსა სრულიად საქართველოს!...

 

იცით, „ტკივილზე ფეხს აღარ დავადგამ“ ჩვენს გრძნობებს - დღენიადაგ ქარვასლური „იყიდე-გაყიდეთ“-თი დატვირთულს და, თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, თქვენთან ერთად ქედს ვუხრი ზემოთ მოყვანილი ისტორიის დამნახავს(!) და ჯეროვნად შემფასებელს, საბჭოთა და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდას არვიდას საბონისს...

 

***

საქართველოს ისტორია გმირობისა და ღალატის მატიანეა. პირველს ზნეობა და სიკეთე ქმნიდა, მეორეს სულმდაბლობა და ბოროტება. ორივე უკიდურესობა შემორჩა ქართველს, ორივე ჭარბად, ქართველურად(!) და რადგან სიკეთე და კაცთმოყვარეობაა ჩვენი გენის ძირეული ლიბო, გასახსენებლად რამდენიმე ეპიზოდს შემოგთავაზებთ ქართველი სპორტსმენების მდიდარი ისტორიიდან, როგორც მადლიან ნაწილს სრულიად საქართველოსი...

 

1986 წელს ჩერნობილში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ატომური ელექტროსადგურის ავარიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცოცხლად გადარჩენილებსაც ელოდა სასიკვდილო საფრთხე და ვისაც საით შეეძლო, იქით გაიხიზნა. ყველას გახსოვთ მაშინდელი კიევის „დინამო“, გაზაფხულზე თასების თასი აიღეს და გუნდის ძირითადი ბირთვი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. ჩერნობილმა ფეხბურთი დაავიწყა უკრაინელ ფეხბურთელებს. ან კი რა ეფეხბურთებოდათ, ოჯახები ჰყავდათ გადასარჩენი. სასწრაფოდ შეკრეს ბარგი-ბარხანა და გასახიზნად მოემზადნენ, მაგრამ საით?.. თუმცა რა ჰქონდათ საფიქრალი, დიდი საბჭოეთის დედაქალაქში განა არ მოიძებნებოდა სასტუმრო, რათა ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელებისთვის დროებითი საცხოვრებელი მოეძებნათ და სული მოეთქმევინებინათ?..

 

მოსკოვიდან პასუხმა დაიგვიანა. ზარი სულ სხვა მხრიდან გაისმა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილებს პირველმა რევაზ ჩელებაძემ დაურეკა: - ჩამოდით, ძმებო, ჩვენ შეგიფარებთო!...

 

ჩამოვიდნენ საქართველოში ოჯახებით და თვეების მანძილზე ისე იცხოვრეს, რომ მათთვის უბატონოდ ბუზი არავის აუფრენია. ისევ შეკრებაზე წასულნი, გულდამშვიდებულნი მეუღლეებს ფულსაც უგზავნიდნენ, მაგრამ რა ფული გადაწონიდა იმ სულიერ სითბოს, რაც მათ საქართველოში დახვდათ, ან ვინ რას დაახარჯვინებდათ. მერე რევაზ ჩელებაძემ თითქმის ნახევარ გუნდს შვილები მოუნათლა...

 

გარბის წლები, მაგრამ უკვე თმაშევერცხლილი ბესონოვი, ბალი, დემიანენკო, ბალტაჩა, ბურიაკი, საბონისივით ყველგან ხაზს უსვამენ ამ საოცარ ქართულ სიკეთეს, „ერთადერთსა“ და გამორჩეულს...

 

***

ლევან თედიაშვილმა 70-იან წლებში ირანში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ფინალში ის ფალავანი „ათრია“ ხალიჩაზე, ვინც მანამდე შაჰის საყვარელი მოჭიდავე გააკრა ბეჭებზე. ჯავრის გაქარვებით ბავშვივით აფოფინებული შაჰი აქეთ მიეახლა კაკაბეთელ გოლიათს და უთხრა: - მთხოვე, რაც გსურს, ყველა სურვილს აგისრულებ, თუ გინდა ოქრო-ვერცხლით აგავსებო...

 

ჩაეღიმა თედიაშვილს: - რა ოქრო, რის ვერცხლი, ერთი მოჭიდავე ძმაკაცი მყავს, თეირანის ციხეში მჯდარა და ის გამოუშვით, დამდეთ პატივიო...

 

ერთი ტაში შემოუკრავს გაკვირვებულ შაჰს და ცოტა ხანში მოუყვანიათ ლევანის ძმაკაცი. არადა, ისეთი „მუხლი“ ჰქონია მისჯილი, სიკვდილი თუ არა, სამუდამო პატიმრობა ჯიბეში სდებია. - თავისუფალი ხარ შაჰის ბრძანებითა და გურჯი ჩემპიონის თხოვნითო, - უთქვამთ ენაჩავარდნილი ირანელისთვის. დაუჩოქია გაოგნებულს და... ჯერ თედიაშვილისთვის დაუკოცნია მუხლები, მერე შაჰისთვის(!) ეს „შეცდომაც“ უპატიებია ირანის ხელმწიფეს, ქართველის „უბრალო“ თხოვნით ჭკუიდან აწეულს...

 

 

იმ ირანელ მოჭიდავეს მას შემდეგ სალოცავად გაუხდია გასაოცარი გურჯისტანი!...

 

***

ათენის ოლიმპიადაზე ზვიადაურის გამარჯვებამ სიხარულის ცრემლით ატირა საქართველო. ერთხელაც სული მაშინ შეეძრათ ქართველებს, კვარცხლბეკზე ასვლის წინ დიქტორმა ქალმა იერიქონის საყვირივით რომ დააქუხა: ზურაბ ზვიადაურიიი!!!

 

დააქუხაო!... დააქუხა კი არა, ერთი ოქროც იმ ქალმა შემატა საქართველოს!..

 

 

არ მოისვენეს ქართველებმა და იმდენი ქნეს, ის ქალი საქართველოში ჩამოიყვანეს, თან გადაჰყვნენ ქართულად(!) პროფესიულ „მწვერვალზეც“(?!) აიყვანეს, მუცოს თვალშეუდგამი სანახებიდან ლუხუმივით ერთიც დააძახებინეს: - ზვიადაური, ჯორჯიაო!.. და სამშობლოში იმ მთების გამოძახილი სულის საფანელად გააყოლეს ქართულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად...

 

ტიროდა ის ქალი აეროპორტში და ორად ორ სიტყვას იმეორებდა: - მიყვარხართ, ქართველებო!...

 

არადა, ზვიადაურთან ერთად იმ ქალმა ათენში ყველა გამარჯვებული მოჭიდავის ვინაობა გამოაცხადა დაჯილდოების წინ და არავის მოსვლია აზრად, მადლობა მაინც გადაეხადა მისთვის...

 

და რამდენი ასეთი ისტორიაა - სულისშემძვრელი, გულის ამაჩუყებელი და გამაოგნებელი...

 

P.S. თქვენი ნებართვით, ისევ წერილის დასაწყისში ნახსენებ არვიდას საბონისის ისტორიას დავუბრუნდები: მაშინ, როცა ლიტვის და მსოფლიო კალათბურთის ამომავალ ვარსკვლავს თბილისში უცნობი ქართველები სიკეთისა და სტუმართმოყვარეობის მადლს „უკმევდნენ“, საბონისი უწვერულვაშო ჭაბუკი იყო. წლები გავიდა... არვიდასი მსოფლიომ აღიარა. ყველა კონტინენტი მოიარა, მილიონებშიც „იბანავა“, მსოფლიოს განივთებულ-გაქვავებული საოცრებებიც ნახა, მაგრამ ყველაფრის მნახველმა კაცმა ათეული წლების შემდეგ ყველაზე ამაღელვებელ ეპიზოდად ის თბილისური ამბავი გაიხსენა, სრულიად უცნობმა ქართველმა რომ დაუტოვა სულიერ განძად.

 

 

საბონისისთვის ის თბილისური ამბავი მსოფლიო საოცრებად დარჩა!...

 

ამ გაციებულ ყოფაში მსგავსი მარგალიტების არა მხოლოდ გახსენება, არამედ გამეორებაღა თუ გადაგვარჩენს...

 

სხვა ყველაფერი წარმავალია...

 

- - - - - - - - - - - -

/ზვიად სეხნიაშვილი, 2006 წ. „კვირის პალიტრა“/

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი