logo_geo
დათო ოქიტაშვილი: მიხარია, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტის გარდერობში ქართული ჩოხაც იქნება
- +

25 იანვარი. 2017. 17:37


 

„სპეციალურად დონალდ ტრამპისთვის თეთრი ჩოხა შეკერა „სამოსის სახლმა" ეკა ჯავახიშვილთან ერთად", - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, ჩოხა ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გააგზავნეს ამერიკაში. დათო ოქიტაშვილი ტრამპთან პირველ შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ის ქართველების მიმართ საკმაოდ თბილი ადამიანია.


„2012 წელს ბათუმში გახლდით, როდესაც დონალდ ტრამპი „ტრამპ თაუერის" მშენებლობასთან დაკავშირებით ჩამოვიდა. ჩემი ყურადღება მიიქცია ქართველების მიმართ მისმა თბილმა დამოკიდებულებამ - ბავშვებს გულში იხუტებდა, კოცნას უგზავნიდა, ეტყობოდა, რომ პატივს სცემდა იმ ხალხსა და ქვეყანას, სადაც სტუმრად იმყოფებოდა.

 

როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, გადავწყვიტე, საქართველოს კულტურის პალატისა და სრულიად საქართველოს სახელით მამაკაცების ეროვნული სამოსი ჩოხა მეჩუქებინა.

 

სპეციალურად დონალდ ტრამპისთვის თეთრი ჩოხა შეკერა „სამოსის სახლმა" ეკა ჯავახიშვილთან ერთად. როგორც მოვიძიეთ, ტრამპს დაახლოებით 56 ზომის ტანსაცმელი აცვია. სახელოები ვიწრო რომ არ აღმოჩენილიყო, სპეციალურად ღიად დატოვეს.

 

ჩოხა გავაგზავნეთ ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცემენ, გავატანეთ წერილიც, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის ქართველი ხალხის საჩუქარი ამერიკის პრეზიდენტისთვის. მიხარია, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტის გარდერობში ქართული ჩოხაც იქნება", - განაცხადა ოქიტაშვილმა.


როგორც „სამოსის სახლის" დირექტორი ეკა ჯავახიშვილი „ასავალ-დასავალთან" აღნიშნავს, პროტოკოლის გამო ხანჯლისა და მსგავსი ატრიბუტების გადაცემა ვერ მოხერხდა. ჩოხა თეთრი ფერისაა, როგორც სიწმინდის სიმბოლო.


„დონალდ ტრამპისთვის ჩოხა თეთრი შალის ნაქარგიანი ქსოვილით - კანტი ნაქარგობით შევკერეთ, თავადური ჩოხაა, დამატებული აქვს ვერცხლის საქილეები, აქვს გაშლილი სამკლაური, ე.წ. ყურთმაჯიანი მკლავი. როგორც სიწმინდის სიმბოლო, თეთრი ფერი შევარჩიეთ. ქამარ-ხანჯალი არ გაგვიგზავნია, პროტოკოლის თანახმად, ხანჯლისა და მსგავსი ატრიბუტების გადაცემა არ შეიძლება", - განაცხადა ჯავახიშვილმა.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი