logo_geo
რატომ დააპატიმრა მიხეილ სააკაშვილმა 5 ქართველი მფრინავი?!
- +

25 იანვარი. 2017. 22:19


 

 

მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას ადამიანების თავიდან მოშორებისა და გაუბედურების განსაკუთრებული სქემა ჰქონდა შემუშავებული. დიახ, ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენს თვალწინ გაირბინა არაერთი "ჯაშუშის" სახემ, ჩვენს თვალწინ დააპატიმრეს სამშობლოს არაერთი "მოღალატე". სანამ კონკრეტულ საკითხზე გადავიდოდეთ, ვნახოთ, რა საბრალდებო დასკვნა "იკერებოდა" ყველა ე.წ. ჯაშუშის წინააღმდეგ:


"ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯაშუშობა, ე.ი. საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების, ცნობების, სხვაგვარი მონაცემების და სხვა ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს მოქალაქე (ესა და ეს), გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ და აგენტურულ კავშირზე იმყოფებოდა მათთან, რომელთა დავალებით მოიპოვებდა, აგროვებდა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი არხებით სისტემატურად გადასცემდა მათ სხვადასხვა ხასიათის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს და სხვა სახის ინფორმაციებს".


ამ ბრალდებით, გლდანის მე-8 საპყრობილეში სასჯელს იხდიდა 13 ადამიანი, გახმაურდა 9 საქმე. აქედან 5 ქართველი მფრინავი გახლდათ. ისინი მონაწილეობდნენ 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში.


დაუკვირდით, გამოძიებამ არ იცოდა, როდის და რა ვითარებაში გადაიბირა, მაგალითად, შაქრო ქიბროწაშვილი რუსეთის დაზვერვამ. გამოძიებამ არც ის იცოდა, კონკრეტულად ვის და რა არხებით, ან რა საიდუმლო მასალებს გადასცემდა იგივე შაქრო რუსეთის დაზვერვას. ფაქტობრივად, გამოძიებამ არაფერი იცოდა ბრალდებულის სახელისა და გვარის გარდა, მაგრამ მაინც აცხადებდა ქვეყნის მოღალატედ!


ახლა კი მათი ვინაობა, ვინც გლდანის საპყრობილის კედლებს ხეხავდა წლების განმავლობაში უსუსური და არაფერისმთქმელი ბრალდების გამო:


1. ედუარდ აბდულაევი. დაბადებული 1963 წელს, ქალაქ ბათუმში. ეროვნებით აზრებაიჯანელი; 2. არმენ გევორქიანი. დაბადებული 1971 წელს, ქალაქ ბათუმში. ეროვნებით სომეხი; 3. რუბენ შიკოიანი. დაბადებული 1964 წელს, ქალაქ ბათუმში. ეროვნებით სომეხი; 4. ტარიელ აბაშიძე. დაბადებული 1976 წელს, ქალაქ ბათუმში, ეროვნებით ქართველი; 5. გელა კაკაბაძე. დაბადებული 1975 წელს, ქობულეთის რაიონის სოფელ საჩინოში. ეროვნებით ქართველი; 6. დავით მესხიძე. დაბადებული 1967 წელს, ქალაქ ბათუმში. ეროვნებით ქართველი; 7. გოჩა დიასამიძე. დაბადებული 1975 წელს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში. ეროვნებით ქართველი; 8. რუსლან გალოგრე. დაბადებული 1948 წელს, ქალაქ ბათუმში. ეროვნებით ქართველი; 9. იური სკრილნიკოვი. დაბადებული 1948 წელს. ეროვნებით რუსი. რუსეთის მოქალაქე.


ეს საქმე მოინათლა, როგორც "ენვერი-2" და დაედო "გრიფით საიდუმლო". საბრალდებო დასკვნას ხელს აწერს საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი, მ. ბერეკაშვილი. როგორც ხედავთ, პროკურორის თანამდებობას ძალიან ჩიქორთული და აბდაუბდა დასახელება ჰქონდა, არ გაგიკვირდეთ, მიზანიც სწორედ ეგ იყო, რომ ვერაფერი დაგემახსოვრებინათ, ვერაფერი დაგენახათ და რასაც გეტყოდნენ, ის უნდა გეღიარებინათ. მფრინავი იყავი, მენახირე იყავი, სანტექნიკოსი თუ პროფესორი, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. სხვათა შორის, დაკავებულთაგან ერთ-ერთი მართლა "კაფელშიკი" გახლდათ.


შედეგი: აქედან ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის საქმე ცალკე გამოყვეს, ხოლო გენადი ჰაიდაროვმა, მიხეილ კვაჭანტირაძემ და გაბრიელ უსტალიშვილმა თითქოს ითანამშრომლეს საქართველოს დაზვერვასთან, ამხილეს დანარჩენები და რა პირობით გაუშვეს, კაცმა არ იცის.


აი, ასეთ საბრალდებო დასკვნებს "კერავდა" მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა: "დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელ პირებთან და ასე შემდეგ". რამდენი ადამიანი გააუბედურა მიხოს სისტემამ, ეს თავადაც კარგად იცით!


თათული შენგელია


წყარო http://leader.expressinfo.ge/

 

 

big_banner
არქივი