logo_geo
რაინდობა და ჩხუბი - მოჭიდავე დეპუტატისთვის
- +

7 თებერვალი. 2019. 14:51

 

როცა სსრ კავშირის ნაკრები იმყოფებოდა ბელგიაში, მორიგი წვრთნის დროს, თემურ ხუბულურთან მივიდა მშვენიერი ქალიშვილი ძიუდოს ფორმაში, მათებურად მიესალმა და ორთაბრძოლა შესთავაზა.

 

„კინაღამ დავეცი მის დანახვაზე,“ - უთხრა თემურ ხუბულურმა საბჭოთა ჟურნალისტს იან დიმოვს. – „ჩამოვჯექი, რომ მართლა არ დავცემულიყავი. შემდეგ ვიფიქრე, ვისთან აპირებ, თემურ, ჭიდაობას? მსუბუქად მოვკიდე ხელი მის კიმონოს, მაღლა ავწიე და ვგრძნობ, ცოტაც და ჰაერში გაასავსავებს ფეხებს. არა, არ შეიძლება ესე, ეს ხომ ქალია-მეთქი“.

 

თემურ ხუბულური იან დიმოვთან იხსენებს, რომ მან და კიმონოს ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ ტატამზე დაიწყეს სიარული.

 

„გაგიგიათ, ის ჩაჭიდებას ცდილობს... არა, გოგონა, ჩემთან ეს არ გაგივა, - ვფიქრობ და ვანელებ მის აგრესიულობას კიმონოზე ოდნავ ხელის წავლებით, თან ფეხს ვწევ წინ. ჯერ ვერ დაინახა, შემდეგ მოისაზრა და სარმა (ილეთი) გამომდო. ყველა ჩემი მეტოქე რომ ასეთ სარმებს მიდებდეს, ფეხი არასოდეს მეტკინებოდა. რა მექნა? მოსხეპილივით ცალ მუხლზე დავეცი. მან სიხარულით შეიკუნტრუშა“, - იგონებს თემურ ხუბულური.

 

თემური არა მარტო ცალ მუხლზე დაეშვა, - წერს იან დიმოვი - არამედ, სამჯერ მსუბუქად დაჰკრა ხელი ტატამს კაპიტულაციის ნიშნად. ასევე დაჩოქილმა ორივე ხელი მაღლა ასწია, გამარჯვებულს ვნებდებიო, და გაიღიმა. ძიუდოისტმა ქალიშვილმა თავაზიანად დაუკრა თავი, შემდეგ სწრაფად აკოცა ლოყაზე და გაიქცა.

 

მეორე დღეს კი მწვრთნელმა თემურს მოუტანა გაზეთი კაპიტულაციის ფოტოსურათითა და ასეთი ტექსტით: მსოფლიო ჩემპიონი თემურ ხუბულური რაინდობის გაკვეთილს უტარებს ყველას, ვინც დაივიწყა, რომ მშვენიერთა სქესი ყოველთვის უნდა იმარჯვებდეს.

 

ეს ამბავი სსრ კავშირის ჟურნალისტმა და ყოფილმა სპორტსმენმა, იან დიმოვმა 1987 წელს დაწერა „საქართველოს ფალავნების" შეფასებისას.

 

თემურ ხუბულური და ჩხუბი

 

„არასოდეს ჰქონია სურვილი ეჩხუბა, გაერტყა ვინმესთვის. უფრო მეტიც სულ იმის ცდაში იყო, რომ არავინ გაეჯავრებინა. ჩხუბი საერთოდ არ იცოდა. თუ თანატოლი მუშტებით მივარდებოდა, ის ბიძგით იგერიებდა. ერთხელ ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. თემური მოედნის კიდესთან კედელს აკვროდა და გულშემატკივრობდა. მასთან მიგორებული ბურთი უნდოდა ცენტრში გადაეგდო, მაგრამ მარჯვედ ვერ დაარტყა და ბურთი მესერს მოხვდა. აღშფოთებულმა ფეხბურთელმა მას ფერდში ჩაარტყა. ხუბულურმა ხელი დაავლო აბეზარს და მესერს იქით მოისროლა“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს, რომ: „თუ მკითხველს თემურის ბავშვობაზე რაიმე კითხვა გაუჩნდება, ვურჩევთ, ჩავიდეს სოფელ სკრაში, გორიდან ხუთ კილომეტრზე, და შესაძლოა გაიცნოს კიდეც ის კაცი, ვინც პირველმა აღმოაჩინა თემურ ხუბულურის ნიჭი, ხუბულურისა, რომელიც საქართველოს სპორტსმენთაგან პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში“.

 

პირველ დიდ წარმატებას თემურ ხუბულურმა ოცი წლის ასაკში კონტინენტის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიაღწია - „ისე მოხდა, რომ ყველა გადავყარეო“.

 

 

 

 

 

 

წყარო - www.qartli.ge

 

 

 

big_banner
არქივი