logo_geo
მოპარული და საფრანგეთში გაყიდული ქართული ეროვნული საგანძურის ისტორია
- +

11 თებერვალი. 2019. 14:09

 

 

 

სერიოზული დანაშაული, რომლის შედეგად  საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ძვ.წ.აღ. V საუკუნის ოქროს სამკაულები დაიკარგა, თუ აურზაური არაფრის გამო?- პროფესორ ალეკო ცინცაძე გაზეთ „ალიაში“ შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან დაკარგული ოქროს სამკაულების ფასი დაახლოებით (საერთაშორისო კლასიფიკაციით) 10 მილიონ დოლარს სცილდება, – ნათქვამია გაზეთ „ალიას“ 7 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დიდი სკანდალი ვანის გათხრების გარშემო“.

 

 სტატია ეროვნულ მუზეუმში დაცულ კუს ყელსაბამს ეხება.

 

გაზეთი პროფესორ ალეკო ცინცაძეს ესაუბრა, რომელიც რიცხვით სიმბოლიკაზე დაყრდნობით იკვლევს მასალებს. სწორედ ალეკო ცინცაძემ აღმოაჩინა, რომ კუს ყელსაბამს 94-ის ნაცვლად 82 ბურთულა აქვს. მისი თქმით, რიცხვ 94-ს აქვს საკრალური მნიშვნელობა და მან ქართულ სარიტუალო სამკაულებში დაიწყო ამ რიცხვის ძიება.

 

ცინცაძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ასეთია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ცნობილი ე.წ. ოქროს კუს ყელსაბამი. ძვ. წ. აღ. V საუკუნით დათარიღებული.

 

„ეს სამკაული შეიცავს 31 კუს. აქედან 30 პატარა კუა, ერთი დიდი. ზოგადად მინდა, იცოდეთ, რომ კუ იბერიული სტრუქტურა გახლდათ. იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მასში „მზის“ სულია დავანებული, აქედან გამომდინარე დიდი კუ ითვლებოდა, რომ წელიწადს აღნიშნავს, 30 პატარა კუ კი იმ პერიოდისთვის მზის კალენდარში დღეების რაოდენობაა თვეში. 31 კუს გარდა, სამკაულს ჰქონდა ბურთულები. წესით და კანონით ითვლებოდა, რომ ამ ბურთულების რიცხვი უნდა ყოფილიყო 94. იმიტომ რომ წლის განმავლობაში მზე 94-გრადუსიან რკალს გადის“, - ამბობს პროფესორი.

 

მისი თქმით, ამ კუს სარტყელიდან ყველა პარამეტრიც ემთხვეოდა მზის კალენდარს, მაგრამ არ ემთხვეოდა ბურთულების რაოდენობას, რომლის რიცხვი ნაცვლად 94-სა, იყო 82.

 

პროფესორი ამბობს, რომ მან დაიწყო ძიება და მოიპოვა 1981 წელს გამოცემული ანთოლოგია, სადაც გამოქვეყნებულია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, მათი ფოტოები და მათ შორის ფოტო კუს ყელსაბამის.

 

საუბარია ოთარ ლორთქიფანიძის წიგნზე, რომელიც ვანის გათხრებს ხელმძღვანელობდა. პროფესორის თქმით, წიგნში აღმოჩნდა, რომ მოცემულ სამკაულზე არის 94 ბურთულა. მაშინ როცა ეროვნული მუზეუმის საიტზე გამოქვეყნებულ სურათზე არის 82 ბურთულა.

 

მისივე თქმით, როდესაც მუზეუმში ასეთი რამ იკარგება, ეს აღრიცხული უნდა იყოს. თუმცა ეს აღრიცხული არსად არ არის.

 

პროფესორი ყელსაბამის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ოქროს სამკაული არ არის. 94 ბურთულასთან ერთად მას მოჰქონდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ უძველეს მზის კალენდარზე. თან ასტრონომიული ინფორმაცია „საოცრად მაღალი ცივილიზაციის მატარებელი და მაღალი დონის მაჩვენებელი ქურუმთა იმდროინდელი კასტისა საქართველოში. ვისაც ეს გულზე ეკიდა, ის განსაკუთრებული ვინმე იყო, მზის შვილი. მას მზის კალენდარი დაჰქონდა მკერდით“.

 

გაზეთი „ალია“ ამავე სტატიაში აქვეყნებს ეროვნული მუზეუმის ფონდის მცველის დარეჯან კაჭარავას პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ დანარჩენი ბურთულები სხვაგან ინახება. მისი თქმით, ყველაფერი არ არის გამოფენილი, არის დაჭყლეტილი მძივები და ისინი ფონდშია შენახული. კაჭარავა ამბობს, რომ „ახლა ყველაფერი არ არის გამოფენილი და ეს ჩვეულებრივი ამბავია“.

 

მისი მტკიცებით, კუს ყელსაბამს ნამდვილად 94-ვე ბურთულა აქვს, მაგრამ, რადგან დაზიანებულია, მას არ გამოფენენ.

 

შეგახსენებთ facebook-ში გავრცელებულ შემაშფოთებელ ინფორმაციას:

 

„სოსო თოფურიძემ, მისი ცოლის მეშვეობით, გაყიდა ეროვნული მუზეუმიდან გატანილი ეროვნული საგანძური. თანხა სრულად მოხმარდება ბელგიაში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრა-ორგანიზებას ! ! ! 2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, ცინიკურად და თავხედურად საფრანგეთში გაყიდეს! გუშინწინ შემთხვევით წავაწყდი ამ განცხადებას ფრანგულ საიტზე, სადაც ყიდიან ხელოვნების ნიმუშებს და ანტიკვარიატს, ეს არის 2011 წელს საქართველოდან გამქრალი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტი. ყელსაბამი თარიღდება ქრ. შობამდე მე-5 საუკუნით!!! ეს არის უნიკალური ქმნილება და ნიმუში ქართული კულტურისა. მაშინ როდესაც 2011 წელს პატიოსანმა ხალხმა, ვისაც არ შეეშინდა, განგაშის ზარების რეკვა დაიწყო და გამოიტანა ინფორმაცია, რომ სამკაულს აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, ამ ფაქტს არავინ ყურადღება არ მიაქცია. იყო მუქარის ზარები მაშინდელი მესვეურებიდან, რომელთა სახელების დასახელებას მოვერიდები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე! მივმართავ კულტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – ჩვენს თვალწინ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გაყიდეს! ეს არის დანაშაული და კრიმინალი, რომელიც უნდა გამოიძიოთ! ჩემმა შვილმა დარეკა მითითებულ ნომერზე და გვითხრეს, რომ კერძო პირის განცხადება იყო, ვინმე ლელა თოფურიძის სახელზე და რომ ნივთი გაიყიდა და არ აქვთ უფლება, გვითხრან, ვინ არის მფლობელი, არც ამ თოფურიძის ნომერს გვაძლევენ! მოგმართავთ საზოგადოებას, 2011 წელს ამას უბრალო ხალხი ვერ გააქრობდა, აქ მაშინდელი ჩინოვნიკების ინტერესები იყო და იგი სახელდახელოდ გააქრეს ქვეყნიდან. ახლა, ეტყობა, რომელიმე მაშინდელ ჩინოვნიკს ფული დასჭირდა და ესე ცინიკურად ყიდის ჩვენს საგანძურს. ვინმემ თუ იცით, ვინ არის ეს ლელა თოფურიძე, ვის შეიძლება დავუკავშირდეთ, როგორ მივმართოთ ან სამინისტროებს, ან საელჩოებს? გთხოვთ, გამომეხმაურეთ. განცხადებაც წაშალეს და ყველა კვალი დაიკარგა!“ – წერს facebook-მომხმარებელი მანჩო მენაბდე და დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი