logo_geo
ლევან დოლიძე: სტალინი იყო იდეის კაცი!
- +

12 თებერვალი. 2019. 14:32

 

ჟურნალისტი და მწერალი ლევან დოლიძე  „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იხსენებს, როგორ გაეპარა რიწის ტბიდან სტალინი დაცვას:

 

„სტალინი იყო იდეის კაცი!  ბელადს არც ფული აინტერესებდა და არც აგარაკი. მის პატიოსნებაში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელი იყო, ამიტომ შეიყვარა ხალხმა. ომის შემდეგ სტალინი რიწაში ისვენებდა. ის უბრალო ხალხთან ურთიერთობას იყო მოწყურებული, სულ აინტერესებდა, რა ხდებოდა რიწის ტბის მეორე ნაპირზე, საიდანაც სიმღერების და მოქეიფეების ხმა ისმოდა. სტალინმა უცბად დაინახა სომეხი მენავე, რომელიც ტურისტებს ასეირნებდა. ბელადმა ბიჭს ჩუმად ხელი დაუქნია, პირზე თითი მიიდო, რითაც ანიშნა, გაჩუმდიო და ჰკითხა - შეგიძლია საიდუმლო შეინახო? ბიჭმა თავი დაუქნია.. - მაშინ ხვალ, 3 საათზე აქ გელოდებიო. ბიჭმა სტალინი ვერ იცნო, რადგან სტალინის აფხაზეთში ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო, ხოლო სტალინს როგორც გრიმის გაკეთების დიდოსტატსა და უდიდეს კონსპირატორს, სულ სხვა ფორმა ეცვა და ჩვეულებრივი ტურისტივით გამოიყურებოდა. მოკლედ, გათენდა მეორე დღე, გახდა სამი საათი და ის სომხის ბიჭი ნავით გამოჩნდა. სტალინი ჩუმად გადაძვრა სახლის ფანჯრიდან, ჩაუჯდა იმ სომხის ბიჭს ნავში და გადავიდა რიწის ტბის მეორე ნაპირზე, სადაც რესტორანი იყო და ხალხი „გულაობდა“. ბელადი შევიდა ორსართულიან რესტორანში, ავიდა მეორე სართულზე და მიუჯდა თავისუფალ მაგიდას. მოვიდა „ბუფეტჩიკი“... სტალინს ძალიან უყვარდა ბატკნის მწვადი. შეუკვეთა ბატკნის მწვადი და ერთი ბოთლი ღვინო. „ბუფეტჩიკმა“ რაღაც იეჭვა და სტალინს აცახცახებულმა დაუწყო თვალიერება. სტალინი ამას მიხვდა, „ბუფეტჩიკს“ გაუღიმა და პირზე თითი მიადო - არ გამამხილო! „ბუფეტჩიკი“ ქარივით გავარდა და სტალინს ბატკნის მწვადი და ღვინო ელვის უსწრაფესად მიართვა. იქვე გვერდით ლენინგრადელი სტუდენტები ქეიფობდნენ და მღეროდნენ. სტალინი უყურებდა ახალგაზრდებსა და სიხარულისგან ცრემლები ჩამოსდიოდა. ამ დროს ამოვიდა ვიღაც რუსი, დაჯდა სტალინის მაგიდასთან და სიხარულისგან უთხრა ბელადს - „ო, კაცო, გრუზინ, ვინო პიოშ? გრუზინი ხაროშიე ლუდი!“ „ბუფეტჩიკი“ მაშინვე დაფეთებული მოვარდა და იმ რუსს ჩუმად ანიშნა - ადექი აქედანო! სტალინმა ეს შეამჩნია და „ბუფეტჩიკს“ უთხრა, კიდევ ერთი ჭიქა მოგვიტანეთო! ცხადია, მაშინვე მოუტანეს. სტალინმა რუსს ღვინო დაუსხა და უთხრა - „ზა გრუზიუ, დავაი!“ რუსმა დალია და წავიდა. ამ დროს სტალინის აგარაკზე თქვენს მტერს ისეთი ამბავია. თურმე ალექსანდრე პოსკრებიშევს რაღაც დასჭირვებია და ბელადის ოთახში შეუჭყიტავს, მაგრამ ჰოი, საკვირველებავ, სტალინი არ არის. პოსკრებიშევი მივარდა ვლასიკთან და გულგახეთქილი ეუბნება - სტალინი არ არისო! ატყდა ერთი ამბავი და პანიკა. ისე იყვნენ შეშინებული, ლამის ბერიას დაურეკეს მოსკოვში. რამდენიმე ჯგუფმა მაშინვე დაიწყო ბელადის ძებნა. ყველა ფეხზე დადგა. სტალინი შუა ჭამაშია და ბატკნის მწვადს მიირთმევს, რომ დაცვის რამდენიმე ოფიცერი ენაგადმოგდებული დაადგა თავზე. სტალინს გაეცინა და დაცვას უთხრა: „ნუ ჩტო, ნაპუგალ ია ვას? იდიტე სუდა!“  ცოტა ხანი კიდევ გაჩერდნენ და ბოლოს სტალინმა „ბუფეტჩიკს“ ჰკითხა - რამდენი გადავიხადოო? „ბუფეტჩიკმა“ დაუსახელა თანხა. სტალინს 2 მანეთი თუ რაღაც დააკლდა  და ვლასიკს უთხრა - დამიმატე და მერე მოგცემო!

სტალინმა მოისურვა ფეხით გასეირნება. გზად, ტბის პირას, ერთი „ზაკუსოჩნაია“ იყო და სტალინმა დაცვას უთხრა - შევიხედოთო! შევიდნენ. სტალინმა შეამჩნია, რომ ჯანმრთელი, ვაჟკაცი რუსები შემოდიან, 100 გრამ არაყს სვამენ და მიდიან. - ნე ზაკუსივაიუტ? - ჰკითხა სტალინმა „ბუფეტჩიკს“. - არა, რუსები მხოლოდ არაყს სვამენ და ისე მიდიანო! - უპასუხა „ბუფეტჩიკმა“. ბელადს ეს არ მოეწონა და გამოსცა საგანგებო განკარგულება, რომლის თანახმადაც, ჩამოსასხმელ არაყს აუცილებლად უნდა ხლებოდა მისაყოლებელი - „სელიოდკა“ პურზე ან ძეხვი პურზე. სტალინმა ეს გააკეთა იმისთვის, რათა ადამიანი უცბად არ დამთვრალიყო. რუსებს სტალინი დალევას ვერ გადააჩვევდა, მაგრამ ამ გზით ცდილობდა, მათ ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა“, - მოგვითხრობს ჟურნალისტი ლევან დოლიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი