logo_geo
„საქართველოში სიკვდილის მომტანი მარილი გამოჩნდა!“
- +

27 იანვარი. 2017. 10:50




„ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი"


ნარკოტიკის ამ ახალ სახეობას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ.


დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოში ბიონარკოტიკის ახალი სახეობა შემოვიდა, რომლის მომხმარებელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება და ფატალურადაც სრულდება. სპეციალისტთა ინფორმაციით, ეს არის თეთრი ფხვნილი, რომელსაც ეწევიან და ინტრავენურადაც მოიხმარენ, მისი შემცველობა კი ჯერჯერობით უცნობია. მას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ. სპეციალისტების თქმით, ვინაიდან საქმე გვაქვს უცნობ ნივთიერებასთან, გავრცელებული „ნარკანი", რომელსაც ზედოზირების დროს იყენებენ, ამ შემთხვევაში უძლურია. ამ საკითხის გარკვევა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ვცადეთ.


ეკატერინე ყურაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი-კონსულტანტი ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს:


- ეს არის მარილი, რომელიც რამდენიმე წელიწადია, რაც შემოსულია და პერიოდულად იცვლება მისი ფორმულა. შეიძლება, ნივთიერების ფორმულიდან ერთი ატომი ამოვარდეს ან მისი გაძლიერების მიზნით რაღაც დაამატონ და უკვე სხვა ნივთიერება მიიღება.


საქმე გვაქვს სინთეტიკურ ნარკოტიკთან, რომელსაც კიდეც ეწევიან, იყნოსავენ და ინტრავენურადაც იკეთებენ. მარილი მეტამფიტამინის მსგავსი ნივთიერებაა და ისეთივე მოქმედება აქვს, როგორიც კოკაინს.


- რითი გამოირჩევა ეს სინთეტიკური ნარკოტიკი?

 

- სიძლიერითა და ტოქსიკურობით. მომხმარებელი მალე ხდება ფიზიკურად დამოკიდებული („ლომკას" რასაც ვეძახით). ამ შემთხვევაში, სანამ ადამიანი ფიზიკურ დამოკიდებულებამდე მივა, ფსიქოზი უვითარდება, ხშირია ლეტალური შედეგიც.


- ამ მარილის მომხმარებლები ხშირად მოდიან თქვენთან?

 

- ზედოზირებით პაციენტები ჩვენთან არ ხვდებიან, სასწრაფო დახმარებას ისინი სხვა დაწესებულებებში გადაჰყავს. აბაზანის მარილი კოდური სახელია, სანამ გაიშიფრებოდა, მანამ ასე მოიხსენიებდნენ. ეს მარილი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ასევე შავიც.

 

- ოჯახის წევრები როგორ უნდა მიხვდნენ, რომ მათი შვილი მარილის მომხმარებელია, რა სიმპტომები ახასიათებს მას და ზედოზირებისას რა ზომებს უნდა მიმართონ?

- ამ დროს გამოხედვა აქვთ უაზრო, არიან ნერვიულები, მომატებული აქვთ შფოთვა, გეომეტრიული პროგრესიით მიდის ინტელექტის დაქვეითება, უძილობა, ენერგიის მოზღვავება, აქვთ ჰალუცინაციები, ხდებიან ჰიპერაქტიურები, სვამენ ბევრ წყალს, ვინაიდან წყალს კარგავენ, შეუძლიათ 3 დღის განმავლობაშიც არ დაიძინონ. აქვთ ბოდვები, წნევის ვარდნა, მიდის ჰემოდინამიკის მონაცვლეობა, ახასიათებთ მაღალი ტემპერატურა, ტაქიკარდია - 15 წუთში 140-მდე გულისცემა, ხდებიან არაადეკვატური და თუ მარილი უთავდებათ, შეუძლიათ 2-3 დღე ეძინოთ, ანუ ითიშებიან.


ზედოზირებისას ახასიათებს კრუნჩხვა, მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა და ამ დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება, რათა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ამას თან სდევს ორგანიზმის გადაწვა, ტვინის შეშუპება, გულსისხლძარღვთა, თირკმლებისა და ღვიძლის უკმარისობა და ვითარდება ლეტალური შედეგიც.


ეს ნარკოტიკი უმოკლეს დროში ახერხებს იმას, რისი დაშავებაც სხვა ნარკოტიკს წლების განმავლობაში შეუძლია. რაც უფრო კუსტარულია ნარკოტიკი, მით უფრო ძნელია დოზის განსაზღვრა. ასეთ პაციენტებს ისეთი ფსიქოზები აქვთ, მათი მკურნალობა ძალიან რთულია.


ჩვენ სიკვდილს გადავარჩინეთ ზედოზირებული პაციენტი, მაგრამ ისეთი ფსიქიკური აშლილობა და ჰემოდინამიკის მონაცვლეობა ჰქონდა, ფსიქიატრიულში გავგზავნეთ. ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი.


ყველა ნარკოტიკს თავისებური სიმპტომი აქვს, მაგალითად, ბიოს მომხმარებლების უმრავლესობა ამბობს, ფანჯრიდან მწვანე მინდორს ვხედავდითო, აღებდნენ ფანჯარას და გადახტომას ცდილობდნენ.

 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე გაურკვეველი ნარკოტიკით სიკვდილიანობის 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

- მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არა გვაქვს. სინთეტიკური ნარკოტიკები ე.წ. ბომჟების ნარკოტიკებია. კუსტარული საშუალებები ჩვენთან, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის აფხაზეთის გავლით, „ნიანგიც" ასე შემოვიდა, ბიო კი - ინტერნეტით.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი