logo_geo
ლადო პაპავა: ეს თუ მართლაც ასე მოხდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ...
- +

27 იანვარი. 2017. 13:04




„როგორი იქნება პრეზიდენტი ტრამპი? - არავინ იცის, სრულიად არაპროგნოზირებადი ვითარებაა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა  ლადო პაპავამ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, თუ ამერიკის არჩევნებში რუსეთის დაზვერვა ჩაერია, ე.ი. ამერიკა არ ყოფილა ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც ყველას ეგონა. როგორც პაპავა აღნიშნავს, თუ ტრამპს პუტინთან კარგი ურთიერთობა ექნება, სავარაუდოა, რომ საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება არ იქნება დადებითი.


„რაც ამერიკაში ხდება, იმის მაჩვენებელია, რომ ვაშინგტონს, სამწუხაროდ, საქართველოსთვის კარგა ხანს არ ეცლება. ვერ გეტყვით, მიიღებს თუ არა ამერიკა ტრამპს, ეს თვითონაც არ იციან.

 

ის, რომ ამერიკამ თავზე „ნაცარი წაიყარა" და აღიარა, რომ თურმე რუსეთის დაზვერვა ჩაერია აშშ-ის არჩევნებში, კიბერთავდასხმა მოხდა და ა.შ. ერთი მხრივ, აჩვენებს, რომ აშშ არ ყოფილა მთლად ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც გვეგონა, თუმცა, მეორე მხრივ, აშკარა ნიშნებია იმისა, რომ ამით ტრამპის იმპიჩმენტისთვის საფუძვლის შექმნას ცდილობენ. იქნება იმპიჩმენტი თუ არა, ძნელი სათქმელია. ტრამპი ცდილობს, გადაიტანოს პოლიტიკური აქცენტები საშინაო ვითარებაზე, აქედან გამომდინარე, მისი საგარეო ინტერესები შესუსტებულია. ამბობს იმასაც, რომ სურს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს პუტინთან. ეს თუ მართლაც ასე მოხდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიოზული მხარდამჭერი ურთიერთობა ვერ ექნება საქართველოსთან.

 

ყველაზე უარესი სცენარით, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების კუთხით საქართველო საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი გარანტი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია", - აცხადებს პაპავა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი