logo_geo
რუსა ამირეჯიბი: გავა დრო და უფრო ტოლერანტები გავხდებით!
- +

28 იანვარი. 2017. 01:34


„მოსამართლემ დასკვნა გამოიტანა პირად შეხედულებაზე და არა არგუმენტაციასა და მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით", - ამის შესახებ ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა რუსა ამირეჯიბმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა.


რუსა ამირეჯიბის შვილს, მიმის კანის ფერის გამო თანაკლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა, სწორედ ამიტომ რუსამ სასამართლოს მიმართა, პროცესი 130-ე სკოლის პედაგოგებსა და რუსა ამირეჯიბს შორის პედაგოგების სასარგებლოდ გადაწყდა. მიუხედავად ამისა, რუსა ამირეჯიბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აღარ აპირებს. როგორც მან „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნა, პროცესზე მასწავლებელი და დირექტორი ტყუილებს ჰყვებოდნენ, ხოლო მოსამართლემ დასკვნა პირადი შეხედულებით გამოიტანა.


„მოსამართლე ასმათ კოხრეიძე მიმის მიმართ თავიდან თბილად განეწყო, ეკითხებოდა - რა აინტერესებდა, მომავალში რას აპირებდა... ვიფიქრეთ, ბავშვს დაუჯერებდა, რომელმაც როცა სიტყვა მისცეს, დირექტორსა და დამრიგებელს ტირილით მიმართა - დღე არ გავიდოდა, სკოლაში ჩემთვის „ზანგო" არ ეწოდებინათ და რატომ არ დამიცავითო? პროცესზე დამრიგებელი და დირექტორი გასაოცარ ტყუილებს ჰყვებოდნენ, უარყოფდნენ, რომ სკოლაში მიმის მიმართ ვინმე რასისტულად იყო განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს შიდა გამოძიებაზე კლასელებმა აღიარეს მიმის მიმართ რასისტული განწყობა, ფაქტები ხანდაზმულად ჩათვალეს, მათ შორის ისიც, ფიზკულტურის მასწავლებელმა რომ შეჰყვირა: ვაა, ზანგი ჩვენს სკოლაშიო?! გამამტყუნეს იმიტომ, რომ თურმე, თავიდანვე არ ჩავერიე - თუ ჩასარევად იყო საქმე, ესე იგი, შემთხვევა არარასისტული როგორ იქნებოდა? მოსამართლემ დასკვნა გამოიტანა პირად შეხედულებაზე და არა არგუმენტაციასა და მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით. გამოდის, რომ მიმიც ტყუოდა, ჩვენ კი გვეხალისებოდა პროცესებზე სიარული.


მიმი გაღიზიანებული და დათრგუნვილი იყო, ერთი წელი სასამართლოში დავდიოდით, როცა წავაგეთ, მითხრა - ასეც ვიცოდიო... მაგრამ, ვფიქრობ, ამ პროცესმა ადამიანებამდე მიიტანა ის, რომ დისკიმინაციაზე შეიძლება სასამართლოში მოუწიოთ სიარული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრთხილად იქნებიან და სანამ სიტყვას წარმოთქვამენ, დაფიქრდებიან. დამოკიდებულებები იცვლება, მომავალი თაობა უკვე ტოლერანტულად ფიქრობს, გავა დრო და უფრო ტოლერანტები გავხდებით, ხოლო ტვინდაკეტილი ერთეულები ისედაც ყველა ქვეყანას ჰყავს", - განაცხადა რუსა ამირეჯიბმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი