logo_geo
8 მარტს გივი ჯოლბორდის დაბადების დღეა
- +

8 მარტი. 2019. 11:39

 

დღეს, 8 მარტს, ცნობილი ფოტოხელოვანის გივი ჯოლბორდის დაბადების დღეა. ის 68 წლის გახდა. მივულოცოთ, მეგობრებო, ვუსურვოთ დიდი ხნის სიცოცლე, ჯანმრთელობა, წარმატებები. დიდხანს გვაოცებდეს თავისი შემოქმედებით, განუმეორებელი ფოტოებით.

 

გთავაზობთ გივი ჯოლბორდთან ინტერვიუს, რომელიც ხუთი წლის წინათ გამოქვეყნდა ჟურნალში „ქართული ელიტა“.

 

***

შიშველი ქართველი ქალები გივი ჯოლბორდის ობიექტივში...

 

იშვიათად ხდება, როდესაც, ადამიანი მთელ ცხოვრებას, შემოქმედების ერთ კონკრეტულ სფეროს უძღვნის. გივი ჯოლბორდის ცხოვრება სწორედ ამგვარია. დამეთანხმებით, ნაკლებად საინტერესო იქნებოდა მედიის ყველანაირი გამომცემლობა, რომლებსაც ფოტოილუსტრაციები არ დაამშვენებდა. სწორედ ამ საქმეს მიუძღვნა მან მთელი ცხოვრება. -ერთხელ, როდესაც ფოტოაპარატების სისტემაში ვერ ვერკვეოდი, სახელოსნოს მივაკითხე და იქ ერთ ადამიანზე მიმანიშნეს, მითხრეს პროფესიონალია და ყველაფერს აგიხსნისო. სწორედ იმ დროს შევიგნე, რომ სხვაზე არასდროს ვყოფილიყავი დამოკიდებული და გადავწყვიტე მეც „პროფესიონალი“ გავმხდარიყავი...

 

- ბატონო გივი, არის ასეთი გამოთქმა, ყველა არშემდგარი მხატვარი ფოტოგრაფი ხდებაო, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

 

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ შიმშილს არ აუღებინებია ჩემთვის ფოტოაპარატი ხელში, რაც იმ დროისთვის დამახასიათებელი იყო და როგორც ეს უმეტესობამ გააკეთა. ვარ ნამდვილი პროფესიონალი, შეპყრობილი ამ სენით. სკოლის პერიოდში, როდესაც კაბინეტური სისტემა დაწესდა, მოსწავლეები სხვადასხვა საგნის კაბინეტში შევდიოდით. ვხატავდი პლაკატებს, სხვადასხვა თემაზე, რადგან მასალა ყველა საგნის თემასთან დაკავშირებით არ მოიპოვებოდა, ამიტომ ყველა მასწავლებელი ჩემგან დავალებული იყო. ამან ჩემი სწავლის ხარისხზე რა თქმა უნდა იმოქმედა, მაგრამ ფოტოგრაფი გავხდი. ზოგჯერ მშობლები არასწორად ერევიან შვილების პროფესიულ გადაწყვეტილებაში. მინდოდა სკოლიდან გამოვსულიყავი და სამხატვრო ტექნიკუმში ან პროფ-ტექნიკუმში რამე სპეციალობას დავვუფლებოდი, რაზეც მშობლებმა ხელი არ შემიწყეს. მეშვიდე კლასში მეგობარმა პატარა ფოტოაპარატი მაჩუქა. ყველა სისტემა მაღალ დონეზე დავაყენე, რომ საუკეთესო ფოტოები გამოსულიყო, მაგრამ როდესაც ლენტი გავამჟღავნეთ, უამრავი გადაღებული ფოტოებიდან, მხოლოდ ერთი გამოვიდა და იქაც მხოლოდ ფანჯარა ჩანდა, დანარჩენი ცარიელი იყო. შემდეგ გადავწყვიტე მივსულიყავი ერთ ილუზიონისტთან, რომელიც რუსეთში მოღვწეობდა და იმ პერიოდში ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. ვკითხე თუ როგორ გადამეღო კარგი სურათები. მან წიგნი მაჩუქა და მითხრა, მე ყველაფერი წიგნებიდან ვიციო. დავდიოდი ბიბლიოთეკაში და ვეცნობოდი რუსულ ლიტერატურას - ფოტოგრაფიაზე, რადიოტექნიკაზე... ქართული ლიტერატურა ფოტოგრაფიაზე დღესაც არ არსებობს. ფოტოგრაფიას სწავლა არ უნდა, მოვინდომე და გავხდი ფოტოგრაფი. იმ დროს იყო ასეთი სასწავლებელი - თბილფოტოგაერთინება, სადაც მივედი, ჩავაბარე გამოცდები იმ დონეზე, რომ პირდაპირ ფოტოგრაფად დავინიშნე.

 

- ბატონო გივი, თქვენი პირველი პროფესიონალური ფოტო თუ გახსოვთ რომელი იყო?

 

- ჩემი პირველი პროფესიონალური ფოტო - მარიკა ფურცხვენიძის პორტრეტებია. მამამისი ჩვენი მასწავლებელი იყო, ამავდროულად საქართველოს ბუნების ფოტოკორესპონდენტი. იმ დროს ძირითადად შავ-თეთრ ფოტოებს იღებდნენ, იშვიათი იყო ფერადი პერსონალური ფოტო და ამას ის საუკეთესოდ აკეთებდა. მთელი საქართველოს მასშტაბით იღებდა ბუნებას. ამიტომ, სურათების გადაღების დროს, მოვიკრიბე გონება თავი რომ არ შემერცხვინა მამამისთან და ქებაც დავიმსახურე. ეს იყო მოძრაობაში გადაღებული პორტრეტული ფოტოები.

 

- რით გამოირჩევა თქვენი ფოტოები, რა თემებზე მუშაობთ ძირითადად?

 

- 25 წელი ვიმუშავე ფუნიკულიორზე - პარკში. საქ-ინფორმში და კინოსტუდიაში რატომღაც უარს მეუბნებოდნენ. შემდეგ, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ამ საქმეს სკეპტიკურად ვუყურებდი, სულაც არ ვფიქრობდი, რომ ვაშას ძახილით ქვეყანა აშენდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე პარალელური სამსახურის ძებნა, ეს აღმოჩნდა გაზეთი „დვრიტა“, შემდეგ „ასავალ-დასავალი“. 20 წელზე მეტი ვიმუშავე იქ. ძალიან მალე მოვიპოვე ავტორიტეტი. ძირითადად ეროტიკულ ფოტოგრაფიაზე ვმუშაობდი, ვიღებდი ქალებს და პორტრეტებს, რომელიც იბეჭდებოდა ქალთა გაზეთ „შარმში“, ასევე ვმუშაობდი შოუ-ბიზნესთან, ქართულ მოდაზე.

 

- როგორ ითანხმებდით ქალებს ეროტიული ფოტოების გადასაღებად?

 

- რთულია ამ თემის განვრცობა ასეთი სახის ინტერვიუსთვის. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ამ საქმის პროფესიონალიზმი, როცა ამას ახერხებ. იმ დროშიც კი, როცა ძალიან ბნელოდა და შეშინებული იყო ხალხი, ჩემთვის უარი არავის უთქვამს, ვისთვისაც გადაღება შემითავაზებია.

 

- რა საშუალებები არსებობდა მაშინ იმისთვის, რომ თქვენი სურათები ხალხის ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო?

 

- გამოფენებზე არასდროს მიმიღია მონაწილეობა, ძირითადად ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა ჩემი ფოტოები. მახსოვს გამოვიდა ასეთი გაზეტი „ალიაქოთი“, სადაც პირველივე ნომერში დაიბეჭდა ჩემი გადაღებული ფოტოები, სათაურით „ქართველმა ქალებმა გაიხადეს“. ისინი პირველები იყვნენ ვინც ეს თემა გაახმაურეს და კარგადაც გაიყიდა.

 

- რა მოგცათ ფოტოგრაფიამ ამ წლების განმავლობაში?

 

- ამ 25 წლის განმავლობაში, რაც ფოტოგრაფიაზე ვმუშაობ, მივიღე როგორც ფინანსური, ასვე სხვა ყველანაირი სურვილების დაკმაყოფილება, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ამ საქმის კეთება სიამოვნებაა.

 

- რა არის მნიშვნელოვანი ფოტოგრაფიაში?

 

- კარგი ტექნიკის გარდა, კარგი ფოტოგრაფი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კედელშიც გავა, აკრძალვები არ უნდა არსებობდეს მისთვის, ამიტომ, ვტოვებდი ხშირად სამსახურს ან თავიდანვე არ ვეთანხმებოდი მათ პირობებს, სადაც დამოუკიდებლად მუშაობას ვერ შევძლებდი.

 

- ვის გამოარჩევთ ქართველი ფოტოგრაფებიდან?

 

- გამოვარჩევ გურამ წიბახაშვილს. ბოლო დროს ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფი გამოიკვეთა, მაგრამ ეს კაცი ფოტოგრაფიის ფილოსოფიაა. უცხოელებიდან საუდეკი მომწონს, რომელიც შავ-თეთრ სურათებს იღებდა და მერე აფერადებდა.

 

- ბატონო გივი, ამ წლების განმავლობაში რამდენი ფოტო გექნებათ გადაღებული?

 

- ჯერ მარტო საბჭოთა კავშირის დროს, წელიწადში გეგმა რომ შემესრულებინა - 100.000 ფოტო უნდა გადამეღო. რაც არ გვჭირდებოდა - ნეგატივებს ვყრიდით. ის ფოტოები და ნეგატივები, ყველა რომ შემენახა, ვერსად დავტევდი. არადა 60-70-იანი წლების ფოტოები რომ აღმოაჩინეს, მათი გამოფენაც კი მოეწყო.

 

- რა სტილი ფოტოებს იღებთ ძირითადად?

 

- ვიღებ ხედებს, ბუნებას, მაინტერესებს შეუმჩნევლად გადაღებული ფოტოები, მაგრამ მაშინდელი ფოტოაპარატი არ იძლეოდა ამის საშუალებას ისე, როგორც ახლა. დავდივარ ქალაქში და სახასიათო ფოტოებს ვიღებ, სადაც არ უნდა გავიარო, აუცილებლად ვიპოვნი საინტერესო გადასაღებს.

 

- აპირებთ, რომ თქვენი გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიაროთ?

 

- მე უდიდესი ფოტოხელოვანი - ირმა შარიქაძე გავზარდე. ერთი პერიოდი ფოტოხელოვნების ფაკულტეტზე მასწავლებლად ვმუშაობდი . ირმა ძალიან ნიჭიერი მოსწავლე იყო. ვხედავდი, რომ პიროვნული შესაძლებლობების გარდა, ჰქონდა კარგი ხედვა. იმ პერიოდში ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა, საზღვარგარეთ თუ გქონდა ფოტოგრაფიის რაიმე კურსი გავლილი, საქართველოში უკვე ყველგან გზა ხსნილი გქონდა. მინდოდა, რომ ფოტოგრაფიაში ქალიც გვყოლოდა და მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ბოლომდე დავეხმარე ირმას, რომ თავი დაემკვიდრებინა.

 

- რას ურჩევთ მომავალი თაობის ფოტოგრაფებს?

 

- მინდა გამოვიდეს წიგნი, ქართულ ენაზე - ფოტოგრაფიის შესახებ. თავად ვაპირებდი გამოცემას, მაგრამ ვისთან ერთადაც ვგეგმავდი ამ საქმეს, სამწუხაროდ ის ადამიანი გარდაიცვალა. ფოტოგრაფიის შემსწავლელი წიგნი ქართულ ენაზე არ არსებობს, არადა ახალგაზრდებმა რუსული კარგად არ იციან. სახელმძღვანელო რომ იარსებებს, გადაშლიან წიგნს და ნახავენ რა არის სწორი.

 

 

ნათია რევაზიშვილი

ჟურნალი „ქართული ელიტა“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი