logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: პროფესიონალები სამსახურში უნდა დარჩნენ და ამას მკაცრად გავაკონტროლებთ!
- +

31 იანვარი. 2017. 16:12




„ოთხი წლის განმავლობაში 5 მილიარდი ლარი არ დაიხარჯება მთავრობის მიმდინარე ხარჯებზე და შესაბამისად, კაპიტალურ ხარჯებს მოხმარდება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრას" განუცხადა.


როგორც ქუმსიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო ორგანიზაციებმა დანახარჯები 10%-ით უნდა შეამციროს, ეს ეხება ხელფასს, დანამატს, პრემიასა და მიმდინარე ხარჯებს. ქუმსიშვილის თქმით, ეს ყველაფერი ეკონომიკას გაზრდის და ერთგვარი სტიმული იქნება კერძო სექტორის განვითარებისთვის.


„ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო და თავის 4-წლიანი განვითარების გეგმაში გაითვალისწინა, არის მთავრობის მიმდინარე ხარჯების შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. თუ დღეს ეს ჩვენი მაჩვენებელი დაახლოებით 26%-ია, დროთა განმავლობაში 21%-მდე უნდა შემცირდეს. ეს ჯამურად ნიშნავს იმას, რომ 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდი ლარი არ დაიხარჯება მთავრობის მიმდინარე ხარჯებზე და შესაბამისად, კაპიტალურ ხარჯებს მოხმარდება. ეს ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო გაზრდის და შესაბამისად, უფრო მეტ სტიმულს მისცემს კერძო სექტორს განვითარებისთვის. მეორე - ჩვენ საკანონმდებლო დონეზე განვსაზღვრეთ, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა ფაქტობრივი დანახარჯი 10%-ით უნდა შეამცირონ. ეს ეხება როგორც მიმდინარე ხარჯებს, ასევე ხელფასს, დანამატსა და პრემიას. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაზე ამას ვერ განვავრცობდით, მაგალითად, ძალოვან უწყებებზე - პოლიციელს, რომელიც ემსახურება ქვეყანას და მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ხელფასის შემცირება არ უნდა შეეხოს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


ფინანსთა მინისტრი კადრების შემცირებაზეც საუბრობს და  აცხადებს, რომ სამსახურში მხოლოდ პროფესიონალები დარჩებიან. მისივე თქმით, უწყების ხელმძღვანელებს ოპტიმიზაციის ფორმის არჩევა თავად შეუძლიათ.


„რაც შეეხება იმას, რომ ვისაც არა ჰყავს „პატრონი", დაიჩაგრება და ვისაც ჰყავს, დარჩება სამსახურში, ამაზე პრემიერმაც განაცხადა და მეც ვთქვი, რომ ამ საკითხისადმი ძალიან მკაცრი დამოკიდებულება იქნება მთავრობაში. პროფესიონალები სამსახურში უნდა დარჩნენ და ამას მკაცრად გავაკონტროლებთ.

 

ყველა მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყოს და ძალიან გეგმაზომიერად, გააზრებულად მიიღოს ოპტიმიზაციის გადაწყვეტილებები. იქნებიან მენეჯერები, რომლებიც შეამცირებენ კადრებს და ხელფასს გადაანაწილებენ სხვებზე, მაგრამ ასევე იქნებიან მენეჯერები, რომლებიც კადრებს არ შეამცირებენ, მაგრამ შეამცირებენ სახელფასო ფონდს. ოპტიმიზაციის რა ფორმას აირჩევენ, მათი გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ გვექნება და გვაქვს კონტროლის მექანიზმები.

 

დღეს არც ერთი მენეჯერი არ ლაპარაკობს მასობრივ დათხოვნაზე. ლაპარაკია იმაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს მთავრობა, ანუ იმდენი მოხელე უნდა ჰყავდეს, რამდენიც სჭირდება", - აცხადებს ქუმსიშვილი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი