logo_geo
როგორ იხსენებენ ნოდარ მგალობლიშვილს მისი თანამედროვე თუ ახალგაზრდა კოლეგები
- +

3 აპრილი. 2019. 14:18

 

როგორ იხსენებენ ნოდარ მგალობლიშვილს მისი თანამედროვე თუ ახალგაზრდა კოლეგები:

 

„გამორჩეული მსახიობი იყო, შესანიშნავი სახეები შექმნა სპექტაკლებში „ჯაყოს ხიზნები“... იაგო, ჰაკი და კიდევ ბევრი სხვა... როგორც ნოდარი თამაშობდა, ისე თამაში მხოლოდ მას შეეძლო! საკუთარი ხელწერა ჰქონდა.  გამორჩეული სახეები შექმნა კინოშიც! მან წარუშლელი კვალი დატოვა“, - აღნიშნავს რეჟისორი ელდარ შენგელაია.

 

„დამუნჯებული ვარ... რაღა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც ქართველმა ხალხმა თქვა ნოდარზე. ჩვენ ერთად გაზრდილები ვიყავით...“ - აღნიშნავს მსახიობი თენგიზ არჩვაძე.

 

„ნოდარ მგალობლიშვილი უკომპრომისო პიროვნება იყო, თავისი პოზიციის დამცველი! მისთვის ყველაზე მთავარი, როგორც მსახიობისათვის თუ პიროვნებისთვის, ღირსება იყო! არც ერთი მთავრობის ხელქვეითი არ ყოფილა! ის იყო ძალიან ერუდირებული, უმაღლესი პროფესიონალი და ძალიან დიდი არტისტი, რომლის შემოქმედებაზეც თაობები გავიზარდეთ. რამდენიმე არტისტი იყო, რომელთა გამოც მივედით თეატრში, ერთ-ერთი კი სწორედ ნოდარ მგალობლიშვილი გახლდათ. მე მქონდა პატივი გიზო ჟორდანიას სპექტაკლ „სამგროშიანი ოპერაში“ ნოდარ მგალობლიშვილის დუბლიორი ვყოფილიყავი. ბატონმა ნოდარმა თვითონვე შესთავაზა ჩემი კანდიდატურა. უზომოდ უყვარდა თავისი საქმე, თავისი თეატრი, მაგრამ მისთვის უპირველესი ღირსება და სამშობლო იყო“, - აღნიშნა მსახიობმა და რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ.

 

„ამ ადამიანთან ლამის ასწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა... სიცოცხლით სავსე და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი კაცი იყო! ამავე დროს მტკიცე და შეუვალი! კარგი ქეიფი, სიმღერა უყვარდა და ვინ მოთვლის, რამდენი რამ მაქვს მასზე საუკეთესო მოსაგონი. რა გითხრათ იმაზე მეტი ,რომ ქართველმა საზოგადოებამ დაკარგა ძალიან ღირსეული კაცი და დიდებული მსახიობი!“ -  აღნიშნავს მსახიობი  კახი კავსაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი