logo_geo
9 აპრილის პოეზია - ხეებზე გაკრული ლექსები
- +

10 აპრილი. 2019. 17:00

 

რუსთაველის ჭადრებზე მიკრულ თეთრ ფურცლებს ქარი აფრიალებს. 1989 წლის აპრილია. ხელნაწერი ლექსების წინ ხალხი ჩერდება. ერთი ხიდან მეორისკენ გადაადგილდებიან - ეს არის პირველი კადრი, რაც ტიტების და ნარცისების ზღვის გარდა, 30 წლის წინანდელი აპრილის რუსთაველის გამზირიდან მახსოვს.

 

ალბათ, ემოციის გამოშვების ერთ-ერთი გზა იყო - ხალხი ხეებზე მიკრული ამ ლექსებით ყვებოდა თუ ეხმაურებოდა 9 აპრილის ღამის კოშმარს.

 

ლექსები კი, მახსოვს, ბევრი იყო.

 

 

​ერთი წლის მერე შავი ფერის, ჯიბის წიგნი გამოვიდა - პოეტური კრებული ყდაზე თეთრ-წითლად, ჯვრისებურად მიწერილი სათაურით - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. მაშინ ხომ, ყველა ოჯახი ყველა წიგნს ყიდულობდა რაც კი გამოდიოდა და, ჩვენი წიგნის თაროზეც მოხვდა ეს კრებული.

 

მორის ფოცხიშვილის ეს ლექსი - „ტიტები“, უკვე ჰიტი იყო. ამ ტექსტზე დაწერილი სიმღერაც, რომელიც მაშინდელი ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა შეასრულეს, ტელევიზორში მუდმივად ტრიალებდა.

 

„ყველას სიყვარულში გიტყდებით,

გლოცავთ და მიშრება ყელი,

ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,

ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი“, - წერდა მორის ფოცხიშვილი.

 

ეს უკვე ცნობილი პოეტების ლექსების კრებული იყო - 9 აპრილის პოეზია. ამ ლექსებში მრავლად იყო მგლოვიარე თბილისის ხატები, სანთლები, ქართველობით გამოწვეულ სიამაყეზე ხაზგასმა, სამშობლოს თემა.

 

 

პოეტმა გივი ალხაზიშვილმა ლექსში „აპრილის მესსა“ დაწერა:

 

„უსუსურება საკუთარი თანდათან მანგრევს,

ვტირი და მაინც - მე ვამაყობ ჩემი მკვდრებითაც,

რომ მტრის წინაშე არ დავეცე და კი არ გავქრე,

ამოვიზარდო, აღმოვცენდე მოთმინებიდან“.

 

ბევრ ლექსში ავტორები ღმერთს სთხოვენ, საქართველოს აკმაროს ასეთი განსაცდელი და სხვადასხვა პოეტური მეტაფორებით აღწერენ სამშობლოს. ლექსში „სამშობლოს დატირება“ ბაღათურ არაბული აღწერს როგორ დასტირის საქართველო დაშვებული დროშების ფონზე დახოცილ „უცოდველ გმირებს“:

 

„ვინ მოგვიშუშებს ამ ტკივილს,

ან ვინ შეგვიშრობს არ ცრემლს?

გულმკვდარ ამერს და იმიერს

დარდის ღრუბელი აწევს...

 

 

ამ კრებულში შესულია მაშინ ძალიან ახალგაზრდა პოეტის, ეკა ბაქრაძის ერთი ლექსიც.

 

„ვინ შემიბღალა გაზაფხულის მშვიდი საღამო,

ვინ გამოიხმო უნაპირო სევდა მწუხრიდან?!

შენ დაიფარე საქართველო, ღმერთო, მაღალო,

და საქართველოს ასე ძვირად ვინაც უღირდა...“

 

ხეებზე მიკრული ლექსები არც პოეტ შოთა ნიშნიანიძეს გამორჩენია და ეს კადრი მის ერთ ლექსშიც შემორჩა, როცა დაწერა:

 

„ხეები ლექსებით იფარჩება, ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას,

ამდენი მგოსნის ძლივს მარჩენალს, ისევ მგოსნები გიმრავლდება...

...თქვენ გინდათ, რომ მოკვდეთ დიდ საქართველოსთვის,

თქვენ მართლა დიდ ამბავს, დიდ საქმეს შემოწვდით.

მე ისე მომწონხართ და ისე მიყვარხართ

მე მინდა, იცოცხლოთ დიდ საქართველოსთვის“...

 

 

ბევრ ლექსს კონკრეტული ადრესატიც ჰყავდა. ლექსს „არ გჯეროდეს!“ ზურაბ სამადაშვილი უძღვნის 9 აპრილის ღამით დაღუპული ნათია ბაშალეიშვილისა და მისი მეგობრების ხსოვნას:

 

„აპრილი მოსულა... თვეა მატყუარა,

ნათი, არ გჯეროდეს აპრილის,

არც ის იფიქრო, რომ ვინმეს მიავიწყდეს,

სისხლი სამშობლოსთვის დაღვრილი“...

 

 

​ზოგ ლექსში კი ის ღამე დეტალურად ცოცხლდება - „წითელი ღამე“ - ასე მოიხსენიებს მას თავის ლექსში გურამ გიორგობიანი და წერს:

 

„ღამეა, სანთლების შუქზე

უსინათლო გუნდი მღერის მზის საგალობელს,

ქვაფენილებზე მწოლიარე მოშიმშილენი ხედავენ სიზმრებს,

მათ მზუნველობით გარს შემორტყმია დიდი, პატარა“...

 

„წმინდა დაღს“ უწოდებს ცხრა აპრილს პოეტი ბათუ დანელია და წერს:

 

„ჩემო სამშობლოვ, ჩემო ერო, ჩემო ქალაქო.

უიარაღოს იარაღით როცა გებრძვიან,

ეს იმას ნიშნავს, ძლიერი ხარ უიარაღოც...“

 

ისევ მორის ფოცხიშვილის ლექსში „ანათემა“, 9 აპრილის ღამით „უღმერთოდ მოღრუბლული ცა“ იყო, როცა „მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან“ და მერე:

 

„მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,

სისხლი დალია და დამშვიდდა...

... ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული,

ნატვრა აუსრულეს ბატონებს.

 

დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური,

მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.

... ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი,

მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,

 

ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით,

სული ამოგვხადეს და დაგვცინეს...

...მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა,

დარჩა თბილისი და ატირდა“....

 

9 აპრილის პოეზიის ავტორებს არც გველის წელი დავიწყნიათ - ვაჟა ოთარაშვილმა მოგვიანებით თავის პოეტურ კრებულს სწორედ ეს სათაური დაარქვა.

 

„ო, გველის წელო, გველივით გვშხამავ,

მართლა გველივით ზიხარ უბეში,

დრო გავა... განა არ გავა? გავა,

ჩვენც გადმოგვხედავს ღმერთი ნუგეშით...

 

ო, გველის წელო დეკემბრის ბოლოს

მე შენი თავი გამასრესინა,

მაინც მეფე ხარ, დაჭრილო ლომო, და

არც ყოფილხარ გველის ვეზირად“.

 

 

მაშინდელ ლიტერატურულ პრესაში, „ლიტერატურულ საქართველოში“ „ცისკარსა“ თუ „მნათობში“ მთელი წლის განმავლობაში იწერებოდა 9 აპრილის ღამით შთაგონებული ლექსები.

 

ასე შემორჩა ქართულ პოეზიას 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამე. ღამე, როცა რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე აქცია დაარბიეს და დაშალეს მომწამვლელი გაზით, ჯავშანტექნიკით, სასანგრე და ცეცხლსასროლი იარაღით და რომელ ღამესაც ემსხვერპლა 21 ადამიანის სიცოცხლე. ასობით ადამიანი დაშავდა, მოიწამლა და დაავადდა. ღამე, რომელიც გარდამტეხი გამოდგა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისათვის.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი