logo_geo
ენგურსგაღმელის ჩანაწერები: ბარათი დედას
- +

15 აპრილი. 2019. 17:22

 

იცი ხომ, ზოგჯერ დედა-შვილებს ისეთი ღამეები გვაქვს - გაუთენებელი, და დღეებიც გვაქვს ისეთი - მძიმეები.

 

გახდები დედა და მიხვდებიო, ხშირად გითქვამს ჩემთვის.

 

ჰოდა, გიხაროდეს, დე, მივხვდი.

 

არა, მაინც რანაირად იცით დედებმა ბედისწერის გამონასკვა შვილებზე, მამაზეციერიც რომ ვერ ხსნის მერე იმ კვანძს?

 

წუხელ კარი ცხვირწინ მომიკეტა და თვითონ მივხედავო თავს, ასე ჩაიბურტყუნა.

 

კარს უკან ვიდექი, შენსავით აწურული ვიდექი, დე, და შენი ვერგადაყლაპული ცრემლები მცვიოდა მეც.

 

გათენებამდე დავაბოტებდი იმ ცრემლებში.

 

ამას წინათ კიდევ, ამ თითისტოლა ბავშვმა, დიდი ვარო, გამომიცხადა.

 

ისევ ჩუმად ვიტირე, ისევ მიგიხვდი, დე.

 

რამდენჯერ ავფრენილვარ შენი ბუდიდან ვითომ დიდი გოგო და რამდენჯერ მოვსულვარ უკან პირდაფჩენილი უმწეო ბარტყივით.

 

შენ კი, ვითომც არაფერი მომხდარა, ისე გადაგიკრავს ჩემს საწოლზე ახალი თეთრეული და გაგღიმებია, შენთან გახდის რომ მრცხვენოდა.

 

ეგ ღიმილი მკლავდა, დე.

 

ხომ ყველაფერი გავიგე, რაც დედა გავხდი, მაგრამ მაგის გაგება არ შემიძლია, ჩემგან გაფრენილ ბარტყს კითხვაც არ დავუსვა, სად ბუდობდა სახლზე და დედაზე გულაცრუებული.

 

გუშინ დაგვიანებულზე შემოვუწყერი შვილს და ჩემი საყვედური რომ გაიოცა, საშინლად მომინდა მეთქვა, გეყოლება შვილი და მიხვდები-მეთქი.

 

მაგრამ ენას კბილი დავაჭირე, დალურჯებამდე.

 

შემეცოდა, დე.

 

არ მინდა, მიხვდეს, გესმის?!

 

არ მინდა, ჩვენსავით დააბოტებდეს ცრემლებში...

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი