logo_geo
ლელა მებურიშვილი: არასდროს ვაღიარებ, რომ ქალი და მამაკაცი ერთნაირები არიან
- +

4 თებერვალი. 2017. 17:04



„როცა ამბობენ, რომ კაცის ღალატი დასაშვებია. ამას სერიოზულად ვერც აღვიქვამ", - ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ლელა მებურიშვილმა „თბილისელებთან" განაცხადა.


ლელა მებურიშვილი გენდერული თანასწორობის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ მისთვის თანასწორობა ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობას ნიშნავს, ამიტომაც ის და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძე ცდილობენ, ის საქმე აკეთონ, რაც მათ სიამოვნებთ.


„გენდერული თანასწორობა ჩემთვის ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობას ნიშნავს. მაგრამ, ქალი და მამაკაცი რომ ერთნაირები ვერასდროს იქნებიან, ამას ლაპარაკი არ უნდა. ჩემი მეუღლე იმას აკეთებს, რისი კეთებაც მოსწონს, უნდა და შეუძლია, ანალოგიურად - მეც. არც მე მოვთხოვ მას იმის გაკეთებას, რაც არ სიამოვნებს და არც ის მომთხოვს მე მსგავს რამეს. გენდერული თანასწორობის გამო შეიძლება, დილით აუცილებლად მოვთხოვო მეუღლეს, რომ აიღოს მტვერსასრუტი და სახლი დაასუფთაოს? რადგან ჩვენ თანასწორები ვართ და მე ამას ვაკეთებ, მანაც უნდა გააკეთოს? რა თქმა უნდა, ამას არ მოვთხოვ, იმიტომ რომ, ეს მისთვის სასიამოვნო საქმე არაა და არც უნდა გააკეთოს. მე არ მიყვარს საჭმლის კეთება და ვფიქრობ, მარტო იმიტომ, რომ ქალი ვარ, ამის კეთება არ უნდა დამაძალო. აქედან გამომდინარე, არც ჩემი მეუღლე იქცევა ასე. ორივეს ისე გვაქვს ყველაფერი გადანაწილებული, რომ ცხოვრება გვსიამოვნებდეს და ვალდებულებებმა არ დაგვთრგუნოს. მე არასდროს ვაღიარებ, რომ ქალი და მამაკაცი ერთნაირები არიან და ყველაფერი ერთნაირად უნდა მოვთხოვოთ. თუმცა, ვიმეორებ, უფლებები თანასწორი უნდა ჰქონდეთ", - აცხადებს მებურიშვილი.


ის ღალატის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უღალატებს, ღალატი ღალატია.


„როცა ამბობენ, რომ კაცის ღალატი დასაშვებია, ამას სერიოზულად ვერც აღვიქვამ. თუმცა, ყველას თავისი აზრი აქვს და მე ვერავის შეხედულებას ვერ დავაკნინებ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, არც ერთს არ აქვს მეორე ნახევრის ღალატის უფლება. ეს არც ქალს ეპატიება და არც კაცს. თუ ერთმანეთი აღარ უყვართ, დაილაპარაკონ, დაშორდნენ და მერე ვისთანაც უნდათ, იმასთან იყვნენ. თუ ცუდად ხარ, რა თქმა უნდა, არ უნდა გაჩერდე იმ ადამიანთან", - განაცხადა მებურიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი