logo_geo
ნანა კაკაბაძე ირაკლი კაკაბაძეს: ვერ ვნახე შენი პერსონალური ბოდიში იმ უტაქტო გამონათქვამებისთვის, რომლებიც ჩემ მიმართ გამოიყენე
- +

27 აპრილი. 2019. 16:06

 

 

„ირაკლი, ვნახე შენი ბოდიში ინტერნეტ-სივრცეში, რომელსაც ხალხს უხდიდი ინგა გრიგოლიას გუშინდელ გადაცემაში აღელვების გამო, თუმცა, იქ ვერ ვნახე შენი პერსონალური ბოდიში იმ უტაქტო და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის, რომლებიც ჩემ მიმართ გამოიყენე“, - ასე პასუხობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ირაკლი კაკაბაძის განცხადებას, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.

 

„ახლა კი დავუბრუნდები იმდღევანდელ ეთერს, სადაც არ მომეცა საშუალება, მაყურებლისთვის ამეხსნა ჩემი პოზიცია, ამიტომ ამ წერილის ერთ-ერთი მიზანი ამ პოზიციის დაფიქსირებაცაა. სტუდიაში ინგამ დასვა კითხვა: რა ხდება, ასე მგონია, ისტორიის გადაწერა მიდის? მე უფრო დავაკონკრეტებ და გეტყვი, რომ დღეს ხდება ისტორიის გაყალბება და არ მინდა, შენც ამ პროცესში აღმოჩნდე.

 

გადაცემა, ძირითადად, მოსამართლეებისა და გირგვლიანის თემას ეხებოდა, სადაც შენ თქვი, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ 2006 წელს დაიწყო ბრძოლა. ეს იყო ტყუილი, რადგან ბრძოლა რეჟიმის წინაამდეგ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო 2006 წელს უკვე აქტიურ ფაზაში იყო შესული. ჩვენ მაშინ ვინმე კონკრეტულ მოსამართლეს ან სასამართლოს კი არ ვებრძოდით, არამედ ვააშკარავებდით რეჟიმს, რომელმაც პროკურატურაც, პოლიციაც და ყველა სტრუქტურა საკუთარი ინტერესებისა და ძალაუფლების შენარჩუნებას მოარგო და მოსამართლეები პროკურატურის ნოტარიუსებად აქცია.

 

მეტსაც გეტყვი: 2006 წლამდე, როდესაც ბევრი შენი დღევანდელი თანამებრძოლი შენთან ერთად „ვარდების რევოლუციად“ წოდებულ გადატრიალებას მიესალმებოდა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო თითქმის ერთადერთი, რომელიც საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ მოდიოდა ტოტალიტარული ძალა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ, 2004 წლიდან დაწყებული, სწორედ ჩვენ ვაქვეყნებდით და უცხოეთშიც ვავრცელებდით ყოველწლიურ ანგარიშებს, სადაც, კონკრეტულ მაგალითებზე მითითებით, აღვწერდით იმ ანტიდემოკრატიულ, სადისტურ ფორმებსა და მეთოდებს, რომლითაც დაიწყეს მმართველობა ნაცებმა. ამ ანგარიშებს ჩვენ ვავრცელებდით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და გამოვეცით წიგნადაც - „ფასადური დემოკრატია“. მაგრამ როგორც 20-30-იან წლების საბჭოეთში ყველა ხბოს აღტაცებით უყურებდა და ტაშს უკრავდა მხოლოდ „დიად აღმშენებლობას“, ამ შემთხვევაშიც ახერხებდა „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული ნაცბანდა, ამ ხმაურსა და ტაშის გრიალში ჩაეხშო ჩვენი ხმაც და გამწარებული ხალხის მოთქმა-გოდებაც.

 

დღეს კი ეს კრიმინალურ-პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავისი თითქმის ყველა ბნელი და ბინძური საქმე დამორჩილებული მოსამართლეების ხელით აკეთა, დღეს  სწორედ ამ მოსამართლეებზე გვეუბნება, რომ ისინი ცუდები არიან და ცდილობენ, საზოგადოება ჩართონ იმ კამპანიაში,  თურმე „რა ცუდია ბიძინა“, რომ „ნაცებზე უარის მთქმელი ზარდიაშვილი „ოცნებაში“ შეუშვა და რა კარგები არიან მიშა, ბოკერია და სხვა ნაცები იმიტომ, რომ ამ ყველაფერში ბიძინას ამხელენ“. ამ დროს თითქმის აღარავის ახსენდება, თუ რას მოითხოვდა ხალხი ბიძინა ივანიშვილისგან.

 

მათი დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო დამნაშავე რეჟიმის შემქმნელების გასამართლება და მათი ჩამოშორება პოლიტიკისგან, ნაცების მიერ წართმეული ქონების ხალხისთვის დაბრუნება და დამნაშავეების მიერ ნაწამებ-მოკლულ-დაზარალებული ოჯახებისათვის კომპენსაციების გაცემა. დღეს სამართლიანობის აღდგენის ეს მოთხოვნები თითქმის ყველამ დაივიწყა და ცდილობენ, ხალხში არსებული აგრესია დაიყვანონ ჩინჩალაძე-მურუსიძემდე. ეს არის საზოგადოების მოტყუებისა და გამოთაყვანების გეგმა, რომელიც ნაცებმა გამოიგონეს, ერთი მხრივ, საკუთარი თავის გასათეთრებლად და მეორე მხრივ, რევანშისათვის, რათა უკან მობრუნებულებმა უარესი დამართონ ადამიანებს და ამით შური იძიონ საკუთარი პოლიტიკური ძალის უარყოფისათვის 2012 წელს. ყველა ადამიანი, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობს ნაცების მიერ დადგმულ ასეთ სპექტაკლებში,  სახელწოდებით „რევანში“, ილაშქრებს ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

 

ხალხს რომ სადისტური რეჟიმის შემქმნელები ადეიშვილი, ბოკერია, ახალაია, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, თარგამაძე და სხვები ეგონა, ისინი თურმე მხოლოდ მურუსიძე და ჩინჩალაძე ყოფილან. მთავარი კი ის არის, რომ ხალხს რომ მიშა ეგონა, ის თურმე ბიძინა ყოფილა.

 

საერთოდაც, ხალხს რომ რეჟიმი ეგონა, ის თურმე მხოლოდ სასამართლო ყოფილა. სხვათა შორის, სწორედ ამ სასამართლოს გამოაქვს დღეს 40%-მდე გამამართლებელი განაჩენი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ძველი მოსამართლეები ანგელოზები არიან და მათ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მაგრამ ვისაც მთავარი და მეორეხარისხოვანი საფრთხეები ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან, ის ან ბეცია, ან შეგნებულად უწყობს ხელს რევანშისტებს.

 

ირაკლი, ახლა შენთვის მომინდვია, შეაფასო, სად დგახარ: დგახარ იქ, სადაც 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების დროს იდექი, რასაც მოჰყვა ანტიდემოკრატიული რეჟიმის გამარჯვება, ასეულობით უდანაშაულო ადამიანის გვამი, გაუპატიურებული მამაკაცები,  ქალები და გასხვისებული ტერიტორიები... თუ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გააკეთე დასკვნები და აღარ გინდა, ახალ ნეოფაშისტურ წრეზე წავიდეს საქართველო. ეს არის შენი არჩევანი. მე კი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს: ჩემი არჩევანია, არ მივცე რევანშისტ ფაშისტებს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება და ვამხილო ყველა ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც, თუნდაც უნებლიეთ, ხელს შეუწყობს მათ“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი