logo_geo
ხის ფიგურებად გამოთლილი საქართველოს ველური ბუნება...
- +

30 აპრილი. 2019. 17:50

 

 

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, წყვილს გაუჩნდა იდეა, რომ ხის ნაჭრებისგან ფაუნის ნიმუშები შეექმნათ და ამ გზით პოპულარიზაცია გაეწიათ საქართველოს ველურ ბუნებაში შემხვედრი სახეობებისთვის. ასე გაჩნდა ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების ბრენდი, რომლის მთავარი თემა საქართველოს ველური ბუნებაა: ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები, ქვეწარმავლები და მწერების სხვადასხვა სახეობა. ნამუშევრების უმეტესობა ხისგანაა დამზადებული. ძირითადი მასალა - ცაცხვი და ბზა. თითოეულ ობიექტს მოჰყვება იარლიყი, სადაც მცირე ინფორმაციაა ამა თუ იმ სახეობაზე. დღეს ამ საქმეში უკვე ოთხნი არიან: თათია თვალაძე, თომა გლურჯიძე, ნინო ტორიაშვილი და ლუკა ტყემალაძე.

 

როგორც სახელოსნოში სტუმრობისას მითხრეს, მათი მიზანი საქართველოს ფაუნის პოპულარიზაცია, კვლევა და მხატვრული ინტერპრეტაციაა. ახალგაზრდები ცდილობენ, მოძებნონ, განავითარონ ახალი სტილი და ფორმები ქართულ ხელნაკეთ სუვენირებში, სამკაულებსა და მხატვრობაში. ოთხივე თანაბრად მუშაობს და ყოველდღიურად ხისგან საკუთარი ხელით თლიან იმ ნიმუშებს, რომელიც საკმაოდ დახვეწილი და შთამბეჭდავი სანახავია.

 

- პირველ რიგში გამეცანით, რა პროფესიის ხართ?

 

თათია:

- მე და თომას სამხატვრო აკადემია გვაქვს დამთავრებული. გრაფიკული დიზაინის, ილუსტრაციის ფაკულტეტზე ვსწავლობდით. ნინო და ლუკა ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

 

- თქვენ და თომა ცოლ-ქმარი ხართ, ხომ?

 

- დიახ.

 

- ხეზე მუშაობის რა გამოცდილება გქონდათ?

 

- თავიდან პირდაპირ ხეზე მუშაობა არ დაგვიწყია. სახელოსნოში სხვადასხვა მასალით ვაკეთებდით ექსპერიმენტებს: თაბაშირი, პლასტილინი და ა.შ. შემდეგ თომამ სცადა ხეზე თლა. ძალიან რთული მეგონა, ვფიქრობდი, რომ საამისოდ ძალა არ მეყოფოდა, მაგრამ შემდეგ მეც ვცადე ხის დამუშავება. თავიდან დიდ დროს ვანდომებდი, მაგრამ სხვა მასალასა და სივრცობრივ ქანდაკებებთან მუშაობის გამოცდილება დამეხმარა, ამ საქმისთვის ალღო იოლად ამეღო და ხელიც ნელ-ნელა გავიუმჯობესე. იმ პერიოდში საქართველოს ველურმა ბუნებამ დაგვაინტერესა, ჩვენთვის უცნობი სახეობები აღმოვაჩინეთ და გაჩნდა იდეა, რომ რახან ხეში თლა და ცხოველების კეთება მოგვწონს, ამ მიმართულებით გვემუშავა. 1 თვის განმავლობაში რამდენიმე ფიგურა გამოვთალეთ, facebook-გვერდიც გავაკეთეთ და ნამუშევრები იქ განვათავსეთ. თავდაპირველად მომცრო ზომის ნამუშევრები გვქონდა, ძუძუმწოვრები, ქათამურას ფიგურა და ასევე მწერები. მერე მასშტაბები გაიზარდა და სხვა ნამუშევრებიც შეგვემატა. ძირითადად ცაცხვის ხის მასალაზე ვმუშაობთ, თავდაპირველად მხოლოდ ხის დასადგამს ვიყენებდით, ახლა ფიგურა შეიძლება ცაცხვის იყოს და დასადგამი კი სხვა ჯიშის ხის ჰქონდეს, ასევე, სადგომებისთვის ვიყენებთ ქვებსაც.

 

რაც შეეხება ნინოს მიმართულებას, ჰერბარიუმი აქვს, მცენარეებს საქართველოში აგროვებს და შემდეგ მათ აქსესუარების შექმნისას იყენებს. ადრე მცენარეებს ხეზე ამაგრებდა და ეპოქსიდს ასხამდა. ახლა სხვა მასალაც შეემატა: თითბერი, სპილენძის დეტალები. ასე შექმნილი საყურე, გულსაბნევები, გულსაკიდები და სხვა აქსესუარები ანუ სხვადასხვა ტექნიკის ნაზავი ნივთებს უნიკალურს ხდის.

 

 

 

- რა მცენარეებია?

 

- გამოყენებული მცენარე ყველა ველურ ბუნებაში ხარობს და ოთახის მცენარეებს არ იყენებს. ახლა სწორედ იმ პროცესშია, როცა მცენარეებს აგროვებს და ამაში ჩვენც ვეხმარებით. ეს ჩვენი მეორე მიმართულებაა, რომელიც ჯერ ექსპერიმენტის პროცესშია.

 

- თომა, მე თქვენს სახლში არაერთხელ ვარ ნამყოფი (თომა მსახიობ ნანა შონიასა და მხატვარ შოთა გლურჯიძის შვილია. - ავტ.) და ვიცი, რომ ხისადმი განსაკუთრებული სიყვარული აქვს დედას. ხის მიმართ თქვენი დამოკიდებულება ალბათ ოჯახიდან მოდის...

 

თომა:

- შეიძლება ქვეცნობიერად ასეა, თუმცა, ხეს ისე ვუყურებ, როგორც რიგით მასალას, რომელიც სასიამოვნო სამუშაოა, მომწონს ხის თლა და შედეგიც. ბავშვობიდან ვძერწავდი, აკადემიაში სხვადასხვა ქანდაკებას ვაკეთებდი. მომწონს ეს საქმე.

 

- ყველაზე დიდი სიამოვნებით რა თემაზე მუშაობ?

 

- შეიძლება ბევრისთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ მომწონს ქვეწარმავლების თემა, უხერხემლო ხოჭოების ფიგურები და ა.შ.

 

- ყველაზე მეტად თქვენი ნამუშევრებიდან ტრიტონი მომეწონა. ძირითადად ვინ იძენს თქვენს ფიგურებს?

 

- იძენენ როგორც თავისთვის, ასევე საჩუქრად. რამდენიმე კოლექციონერიცაა და ისინი ნელ-ნელა ყიდულობენ სხვადასხვა ფიგურას. ისეთი სახეობაც შეუკვეთიათ, რომელიც ჯერ დამზადებული არ გვქონია და პირველად იმ ადამიანისთვის დაგვიმზადებია. ზოგი ამა თუ იმ სახეობას იკვლევს და შეიძლება რომელიმე ფიგურა მისი ინტერესის სფეროში სწორედ ამ მიზეზით მოხვდეს და შეიძინოს.

 

- ლუკა, თქვენ როგორ დაინტერესდით ბიოლოგიით, ოჯახში გყავთ ამ პროფესიის წარმომადგენლები?

 

ლუკა:

- მამაჩემი მეცნიერია და ალბათ მისი გავლენაც იყო. თან, მთელი ბავშვობა დაინტერესებული ვიყავი ცხოველებით, მათ ხშირად ვხატავდი. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ზოოპარკში მოხალისედ ვიყავი. ძალიან მაინტერესებს ზოოლოგია და ეს ხეზე თლაში მეხმარება. ყველაზე მარტივად დასამუშავებელია ცაცხვი და ჩვენთვის სამუშაოდ იდეალურია.

 

- იმ ინფორმაციის შედგენა, რომელიც ყველა ფიგურას თან ახლავს, ლუკა, თქვენ გევალებათ?

 

- ოთხივე ამ პროცესში ვართ ჩართული. წიგნისა და ინტერნეტის საშუალებით ვიძიებთ სანდო წყაროს და ტექსტს ამის მიხედვით ვადგენთ.

 

 

თათია:

- მეცნიერული ხასიათის წიგნები შევაგროვეთ და იარლიყზე დატანილ ინფორმაციაზე ვცდილობთ, აქცენტი გავაკეთოთ არა ცხოველის აღწერილობასა და კვებაზე, არამედ იმაზე, თუ რა როლი აქვს მას საქართველოს ბუნებაში, სად ბინადრობს, ჩვენს ტერიტორიაზე მისი რამდენი სახეობა არსებობს და არის თუ არა ის გადაშენების პირას ან როდის გადაშენდა.

 

- არ ფიქრობთ, რომ შინაური ცხოველების ფიგურები თქვენი ნამუშევრების მიმართ ინტერესს გაზრდის? ვთქვათ, სხვადასხვა ჯიშის ძაღლებისა და კატების ფიგურები რომ გამოთალოთ, შეიძლება, იმ რომელიმე კონკრეტული ჯიშის პატრონები დაინტერესდნენ...

 

თომა:

- ინტერესი იქნება, მაგრამ არც ახლა და არც სამომავლოდ ვაპირებთ, რადგან არ გვინდა კონტექსტიდან გადახვევა. ჩვენ იმის შეგრძნებაც გვაქვს, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ, პოპულარიზაციას ვუწევთ ნაკლებად პოპულარულ მიმართულებას და ვცდილობთ, ჩვენი ნამუშევრებით ბევრი უცნობი სახეობა გავაცნოთ საზოგადოებას.

 

- მესმის, მაგრამ ჩემი აზრით, ერთი მეორეს არ გამორიცხავს...

 

თათია:

- ვფიქრობ, სხვადასხვა ჯიშის ძაღლი ისედაც პოპულარულია საზოგადოებაში, ველური ბუნების თემაზე შექმნილ ნიმუშებში კი შეიძლება ისეთი უცნობი სახეობა აღმოაჩინო, რომელიც სიახლე იქნება და გვინდა, ეს მიმართულება შევინარჩუნოთ. ახლა ჩვენი ნამუშევრები, ნატურალისტურთან ახლოსაა, სამომავლოდ შეიძლება ვიზუალურად განსხვავებული სტილის ფიგურები შევქნათ და მასალაც მრავალფეროვანი გამოვიყენოთ, თუმცა, იდეა იგივე დარჩება და მის გარშემო ბევრი ექსპერიმენტისა და სიახლის საშუალება გვაქვს.

 

ანა კალანდაძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი