logo_geo
„მასეთი ნათესავი არცერთ ნათესავს არ უნდა“ - რა მოხდა ბინაში, სადაც დედა-შვილი მკვდარი იპოვეს
- +

7 თებერვალი. 2017. 00:13


 


31 იანვარს, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, დედა-შვილის გარდაცვალებას უარყოფს გორგაძეების ნათესავი. „პრაიმტაიმთან" საუბრისას, ნონა ჩხაიძე აცხადებს, რომ მის ნათესავს, ამირან გორგაძეს კუჭი აწუხებდა და მისი სიკვდილი შესაძლოა, გულის უკმარისობა გამხდარიყო.


„გაყინვა გამორიცხულია, შუქის გამორთვამდე არიან გარდაცვლილები. შუქი რომ ჩართეს, გამათბობელი ჩაირთო. ვფიქრობ, ჯერ კაცი გარდაიცვალა. კუჭი მაწუხებსო, ამბობდა ხოლმე. ვუთხარი: ამირან, ექიმთან წაგიყვან-მეთქი და არა, მე კოსმოსში მიმკურნალებენო. წინააღმდეგობას ვერ გაუწევდი. ვინც არ იცის, ვერ გაიგებს. დღეს იატაკზე სისხლიანი ნაღებინები შევნიშნე. დედა მწოლიარე იყო, ალბათ, წამოდგა შვილის დასახმარებლად და წაიქცა",-განაცხადა ჩხაიძემ.


როდის დადგა გარდაცვალების ზუსტი დრო, უკავშირდება თუ არა ეს დრო ელექტროენერგიის შეწყვეტის თარიღს და ვინ არის პასუხისმგებელი ტრაგედიაზე? უბედური შემთხვევის დეტალებით „პრაიმტაიმი" დაინტერესდა.


როგორც გამოცემა წერს, გარდაცვლილ ჯანიკო გორგაძეს ორი შვილი ჰყავდა, მათ შორის ერთი გარდაცვლილი ამირან გორგაძეა. შვილებს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ და მედიკამენტური მკურნალობის კურსს გადიოდნენ. გარდაცვლილ ჯანიკო გორგაძის მეორე შვილი 2016 წლის სექტემბერში აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს და ამ დრომდე იქ რჩება.


„ამ ძმებს ფსიქიკური პრობლემები ჯარის შემდეგ დაეწყოთ. ამირანი, რომელიც გარდაიცვალა, ძალიან დიდი ხანია მკურნალობდა, წამლებს იღებდა და დაწესებულებაშიც წვებოდა ხოლმე სამკურნალოდ. სახლში მაშინ მიდიოდა, როცა კარგად ხდებოდა. უფრო ხშირად შალვა იყო ოჯახში, მაგრამ ბოლო დროს აგრესიული გახდა. ძმები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ექიმებს ვთხოვე და შალვა საავადმყოფოში დააწვინეს",-აღნიშნა ნონა ჩხაიძემ.


76 წლის ჯანიკო გორგაძე, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ აქტიური ქალი იყო. ამის შესახებ როგორც მეზობლები, ისე ბათუმის მერიისა და ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენლები საუბრობენ. ის სარგებლობდა ყველა იმ დახმარებითა და შესაძლებლობით, რომელსაც ბათუმის მერია და აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველებს აძლევდნენ. როგორც აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, ოჯახი, როგორც სოციალურად დაუცველი, შემწეობის სახით, თვეში 150 ლარს იღებდა. დედა პენსიონერი იყო და 180 ლარი ერიცხებოდა. ერთი შვილი, პირველი ჯგუფის ინვალიდობისთვის, შესაბამის დახმარებას - 180 ლარს იღებდა, ხოლო მეორე ბიჭი მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო და სახელმწიფო 100 ლარს უხდიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი იღებდა ელექტროენერგიის ვაუჩერსაც, როგორც სოციალურად დაუცველი, სარგებლობდა ბათუმის მერიის პროგრამებით, მათ შორის, უფასო სადილით.


როგორც სტატიის ავტორი წერს, ოჯახის შემოსავალი თვეში ექვსას ლარს შეადგენდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ოჯახი სადილსაც და მედიკამენტებსაც უფასოდ იღებდა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მათ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეეძლოთ. მეზობლებმა გარდაცვლილი დედა-შვილი ბოლოს 15 იანვარს ნახეს.


„ხშირად მივდიოდი მათთან, ხან ცხელი საჭმელი მიმქონდა, ხან ის, რაც სჭირდებოდათ. ბოლოს ოთხ იანვარს ვიყავი მათთან, მას შემდეგ არც მივსულვარ და არც დამირეკავს. მეზობელმა მითხრა, რომ სულ ბოლოს 14-ში იყო მათთან, „პეროგი" მიუტანა, ამირანმა კარი გამიღოო, მადლობა გადაუხადა და კარი გაიხურა. 14-15-ის შემდეგ არის ეს ყველაფერი მომხდარი", - განაცხადა ნონა ჩხაიძემ.


„პრაიმტაიმის" წყაროს განმარტებით, „იქამდე, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, ბევრი კითხვის ნიშანია, ვიზუალური დათვალიერებით ამბობენ, რომ ბიჭი დედასთან შედარებით, ადრეა გარდაცვლილი. დედა ლოგინად არის ჩავარდნილი დ, სავარაუდოდ, ადგა, ვინმესთვის დასაძახებლად და კართან არის გარდაცვლილი. მე იქ დავინახე მობილური და შესაძლებელია, ამ მობილურით ვინმესთვის დაერეკათ, ეს ფაქტიც არ ფიქსირდება. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და დანამდვილებით ვერაფერს იტყვი",- აცხადებს გამოცემასთან საუბრისას წყარო.


გარდაცვლილი ქალბატონის ლოგინად ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმს" ოჯახის ნათესავი ნონა ჩხაიძეც უდასტურებს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოში უარყოფენ.


„დეიდაჩემი დიდი ხანია ლოგინში წევს, წამოჯდებოდა ხოლმე და ცოტას გაივლიდა, ბიჭები უვლიდნენ. მარილები ჰქონდა და ამიტომ იწვა",- აღნიშნა ჩხაიძემ.


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ერთი გარემოებაა საინტერესო. გარდაცვლილის აქტიურობის ფონზე, მისი გაუჩინარება ძნელი შესამჩნევი არ უნდა ყოფილიყო. მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში, ის არ უნახავთ უფასო სასადილოში, მას არ წაუღია შვილის მედიკამენტი, რომელსაც ის ყოველთვიურად იღებდა, არ გამოჩენილა სამეზობლოში. ამის მიუხედავად, არავინ დაინტერესებულა, სად წავიდა დედა-შვილი. არც სოციალური მუშაკსა და არც უფასო სასადილოს ადმინისტრაციას არ დაუსვამს კითხვა, სად არის მათი მუდმივი ბენეფიციარი. არც ოჯახის ყველაზე ახლო ნათესავს, ნონა ჩხაიძეს დაურეკავს მათთვის 4 იანვრის შემდეგ.


აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სოციალურ მუშაკს ბენეფიციარის მონიტორინგს, თუ ოჯახში არასრულწლოვანი არ არის, კანონი არ ავალდებულებს. აჭარის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი ეკა ზოიძე ხაზს უსვამს სოცმუშაკების მიერ მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით არსებულ ხარვეზებს და აღნიშნავს, რომ სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერება ამ მიმართულებით აუცილებელია.


„ჩვენ ვახორციელებთ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. სტაციონარში 150 პაციენტი გვყავს, რომელთაც სულ 2 სოციალური მუშაკი ემსახურებათ. რაც შეეხება ამბულატორიას, იქ სოციალური მუშაკი არ გვყავს. გარდაცვლილი სწორედ ამბულატორიულ მომსახურებას იღებდა. სოციალურ მუშაკს არ აქვს ვალდებულება, ყურადღება მიაქციოს და გაარკვიოს, რატომ არ მოვიდა ბენეფიციარი და არ წაიღო მისი კუთვნილი წამალი. ეს ხარვეზია, რომელიც უნდა გამოსწორდეს. სულ 10000 ადამიანი აღირიცხება ამბულატორიაში, აქედან 300 აქტიურია. 2 სოციალური მუშაკი ამხელა საქმეს ვერ გასწვდება. უფრო მეტი სოციალური მუშაკი უნდა ჰყავდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს, არა მარტო ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის, არამედ სხვა ჯგუფებისთვისაც",-განაცხადა აჭარის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორიმა ეკა ზოიძემ.


სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ამ მიმართულებით ჯერჯერობით მუშაობა არ მიმდინარეობს. ნონა ჩხაიძე კი ამბობს:


„მასეთი ავადმყოფი, ჩემო კარგო, არც ერთ ნათესავს არ უნდა", -განაცხადა ნონა ჩხაიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი