logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: მხოლოდ შვილის გადარჩენაზე ვფიქრობდი...
- +

7 თებერვალი. 2017. 01:13




2006 წლის სექტემბერში იგორ გიორგაძის თანამებრძოლები და მათ შორის, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ნიკოლეიშვილი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააპატიმრეს (სულ 30 კაცი). გიორგაძის მიერ შემნილი მოძრაობა „ანტისოროსის" სხვა ლიდერებისთვის ხელი არ უხლიათ, მხოლოდ ნიკოლეიშვილს შესთავაზეს თავისუფლების სანაცვლოდ აღიარებითი ჩვენების მიცემა და რიგით წევრებს მიუსაჯეს პატიმრობა (ისინი ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ ამნისტიის შედეგად). და მაინც... რა მოხდა სინამდვილეში? მაია ნიკოლეიშვილი expressinfo-თან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში დეტალებს იხსენებს.


„ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც ჩემთან ერთად იყო მალხაზ გულაშვილის მოძრაობაში და იქ ვერაფერი გავაკეთეთ, ერთ დღესაც მითხრა, იგორ გიორგაძე ისეთი არ არის, როგორიც გგონია, ის პატრიოტი კაცია, უბრალოდ შავი პიარის გამო აქვს სახელი გაფუჭებულიო. ამავე პიროვნებამ შემომთავაზა გიორგაძესთან შეხვედრა. მართლაც ჩავედი მოსკოვში, შევხვდი, მართლაც განათლებული ადამიანია, ამას ვერ წაართმევ... ვესაუბრე, მომენტიც გამოვიყენე, ინტერვიუ გავაკეთე და მერე ერთ-ერთ გაზეთში დავბეჭდე. მე ასევე მინდოდა, ინტერვიუები გამეკეთებინა ვასაძესთან, ჭაჭიასთან და სხვა ქართველებთან. ჯერ ერთი, მომენტი გამოვიყენე და მეორეც - მინდოდა, გამეგო, რას ფიქრობდნენ ეს ადამიანები. ამის შემდეგ იგორ გიორგაძემ შემომთავაზა, ჩვენ მოძრაობა "ანტისოროსს" ვქმნით და აქ ჩაებიო. სწორედ მაშინ გამოაცხადა სოროსმა, საქართველოში ექსპერიმენტი ჩავატარეო და ამის გამო გაღიზიანებულიც ვიყავი. იმ პერიოდში ძალიან აქტუალური იყო იეღოველების თემა, ეკლესიის დარბევა და ასე შემდეგ. "ანტისოროსის" დამფუძნებლები ვიყავით მე, ელიზბარ ჯაველიძე, მაია თოფურია და სხვები, საკმაოდ გრძელი ჩამონათვალია. სიმართლე გითხრათ, ამ მოძრაობაში ბევრი არაფერი გაგვიკეთებია, იყო რაღაც აქციები, ცოტა წავიმუშავეთ, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა მაინც არ გვიცდია.

 

2006 წლის სექტემბერია, უკვე გადაწყვეტილი მაქვს იგორ გიორგაძის მოძრაობის დატოვება, მაგრამ ამას ოფიციალურად არ ვაცხადებ. ასევე, ჯერ კიდევ აგვისტოში იგეგმება "ანტისოროსის" ლიკვიდაცია და მე უნდა გადავიდე სხვა საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომელსაც გიორგაძესთან არ აქვს არავითარი კავშირი. ამ ადამიანთან მე მქონდა რაღაც კითხვები, რაღაც საჩოთირო მომენტები, პასუხები ვერ მივიღე და არც გარეთ გამოტანა მინდოდა. ჩვენ ერთმანეთს ვშორდებოდით არც მტრებად, არც მეგობრებად. 3 სექტემბერი ჩემი მეუღლის დაბადების დღეა, პანტიანში, პატარა სახინკლეში შევიკრიბეთ. ამ სოფელში აგარაკი გვაქვს. მაშინ ჯერ კიდევ იგორის მიერ გამოყოფილი დაცვა მყავდა, რომელსაც ვიღაცამ პროვოკაცია მოუწყო და მე ჩავდექი შუაში. რა თქმა უნდა, ეს რაღაცაზე აშკარად მიანიშნებდა, პროვოკაცია წამოვიდა უცხო სუფრიდან. 5 სექტემბრის საღამოს ვამჩნევ, რომ პანტიანში მანქანების ზედმეტი მოძრაობაა. სახლში ჩემთან ერთად არიან მეუღლე და 11 წლის გოგო. დაღლილები ვართ, ვიძინებთ... უცებ ბავშვი მაღვიძებს: დედა, დედა, უკვე აქ არიან! ვახელ თვალებს, ვხედავ, კარში დგას ნიღბიანი კაცი, რომელსაც მოშვერილი აქვს ავტომატი. დილის 5 საათია, გარეთ ბნელა. მე ვეუბნები - ბავშვი არ შემიშინოთ! მე ყაჩაღი მგონია. არა, ჩვენ პოლიციიდან ვართო. მერე ვხედავ, უკან სხვებიც დგანან. აგაშენათ ღმერთმა, მე ყაჩაღები მეგონეთ-მეთქი.

 

თურმე მთელი ღამე ალყაში ვყოფილვართ. მეზობელს ბავშვი ჩამოუყვანია ეზოში, ტუალეტში და ეგრევე დასდგომიან ავტომატიანები, სასწრაფოდ შებრუნდით სახლშიო. არ ვიცი, ის 50 კაცი რომ გამომკიდებოდა, დაბლა დიდგორის ველია, ვერსად ვერ გავიქცეოდი. მეუბნებიან, ჩაიცვიო. შემოდის ვიღაც ქალი, პროკურორი, რომელიც მიცხადებს: თქვენ ბრალი გედებათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში! არ ვიცი, ეს რა იყო, ვერ აღვწერ, ასეთი რაღაცა ხომ ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია? ის კი არა, ყოველთვის ვაკონტროლებდი, სადმე ინტერვიუში უბრალო მოწოდებაც კი არ გამპარვოდა. ხშირად ჯემალ გოგიტიძეს ვაფრთხილებდი, არ გინდა ასეთი მუქარები, ამას ვიღაცა ცუდად შემოგვიტრიალებს-მეთქი. მოკლედ, იცი, როგორ ვარ? გაბრუებული, გაშტერებული, ვსვამ ერთ მუჭა "ვალიდოლს", მაგრამ მაინც ვერ ვწყნარდები. იწყებენ ჩხრეკას. უცებ მოედო ეს ხალხი ყველგან, რაღაცებს არკვევენ. უკვე ვფიქრობ, რაღაცას ჩადებენ. როცა ამბობენ, არაფერიაო, საწყლად ვპასუხობ: დიდი მადლობა, რომ არაფერი ჩამიდეთ-მეთქი. დღეს გამოდიან ეს ნაძირალები და ყვირიან, ზრდილობიანად მოგვექეცით, დემოკრატიას საფრთხე ექმნებაო... დილის 5 საათზე 11 წლის ბავშვის თვალწინ რომ დედას ბორკილებს ადებენ და სადღაც მიჰყავთ, ამას რა ჰქვია? ოჯახში რომ 50 ნიღბიანი შედის გათენებისას, შეუმჩნევლად და ბავშვს ავტომატს უშვერს, ამას რა ჰქვია?!

 

მანქანაში რომ ჩამსვეს, იქ იყო 15 ნიღბიანი. შეიძლება იმ ბიჭებს მართლა ეგონათ, რომ სახელმწიფო გადამტრიალებელს აპატიმრებდნენ, მაგრამ ვინც დაგეგმა, იმ ნაძირალამ ხომ იცოდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო? მოგვიანებით მეზობლებმა მითხრეს, ალყაში რომ იყავით, ვიცოდით, მაგრამ ვერ გაგაგებინეთო. თუ გამაგებინებდნენ, რა? თურმე ერთდროულად ხდება ყველგან, თბილისში 30 ოჯახს აწიოკებენ. ჩამოვყავარ თბილისში, მივდივართ ძველი თბილისის პოლიციაში, სადაც ერთი საათის განმავლობაში მიზის ნიღბიანი და მიყვირის: ძლივს დალაგდა სიტუაცია, თქვენ კიდევ რუსეთი გინდათ, რას აკეთებთო?! ბიჭო, შენ მასწავლი სამშობლოს სიყვარულს-მეთქი?! ამის შემდეგ მივდივართ ფურცელაძის ქუჩაზე, "ანტისოროსის" ოფისში, ახლა იქ იწყებენ ჩხრეკას. ისევ მარტო ვარ, ისევ უამრავი ნიღბიანი, ისევ არაფერი. ბოლო-ბოლო, მაჩვენეთ დოკუმენტი, რა უფლებით აკეთებთ ამ ყველაფერს-მეთქი? მაჩვენეს რაღაც ფურცელი, რიგში ჩემი საცხოვრებელი სახლია, ისიც უნდა გაჩხრიკონ. ამ დროს მსვამენ მანქანაში, აქეთ-იქიდან მისხდებიან უფორმოები, როგორც ჩანს, ოპერთანამშრომლები და მივდივართ საბურთალოზე. არავინ არაფერს არ მიხსნის. იცით, რამხელა დღე იყო? ძალიან გაიწელა დრო. უკვე საღამოს 5 საათია, შევდივართ ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკში, ქავთარაძის ქუჩაზე. მსგავსი რამ ამერიკულ ფილმებშიც არ მინახავს: უზარმაზარი ტერიტორია, დგას უთვალავი შავფორმიანი და ნიღბიანი ადამიანი ქანდაკებასავით, "მასკებით", ავტომატებით. ბევრი მანქანები, ჩართული "სირენები"... მაღლა აიხედავ და დაფრინავენ ვერტმფრენები. დრო ისე უცნაურად იწელება, ვერ ვხვდები, რა ხდება, აქ აღარ ვარ. წინა მანქანაში შემთხვევით ვხედავ მაია თოფურიას ქერა ნაწნავს. უკვე ვხვდები, რომ დედამიწაზე ვარ, რეალობას ვუახლოვდები. ამ დროს მოდიან, მივყავარ... ხომ შეიძლებოდა, პირდაპირ ჭიშკარში შევსულიყავით? არა, შენობას ვუვლით, უცებ "სპეცნაზი" ხმაურობს, მე ცუდად ვხდები, ვეხვეწები, ერთ ხელზე ბორკილი შემხსენით-მეთქი. მერე მაგდებენ ისევ მანქანაში, "სირენას" რთავენ და კივილ-კივილით მივდივართ მოდულის შენობაში. თურმე ტროლეიბუსების პარკში ყველა მოგვაგროვეს და მოდულში უნდა მიგვიყვანონ, სადაც ტელევიზიები გველოდებიან. ეს იყო დათრგუნვის მიზნით გაკეთებული.

 

ვზივარ ოთახში, გადის რამდენიმე საათი, არავინ მოდის, არავინ მელაპარაკება. ჩავყავარ საკანში, სადაც ერთი ქალი ზის. მინდა, დავიძინო და აღარ გავიღვიძო, კოშმარში ვარ. ეს ქალი მიყვება, ოსეთიდან ნარკოტიკები გადმომქონდა და დამაკავეს, შენ რაზე ზიხარო? რა ვიცი, ჯანდაბა, პოლიტიკის გამო-მეთქი. ლაპარაკი არ მინდა. ამ დროს იწყებს: იეღოვა კრძალავს, ქალს პოლიტიკაში რა უნდაო? მოკლედ, მიკითხა ლექციები იეღოვაზე და მერე წაიყვანეს. შემოიყვანეს მაია. საერთოდ, ერთ საქმეზე ორი ადამიანი ერთად არ უნდა იჯდეს, მაგრამ რაკი ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი, ამას აღარ აქცევენ ყურადღებას. ამ დროს პიროვნება აღარ ხარ, შუქს გითიშავენ, ათას რაღაცას იგონებენ, რომ გაგანადგურონ. კოვზს გაძლევენ, ჯამს, მერე ამ კოვზით აკაკუნებ, რომ ტუალეტში გინდა, მოდის კაცი, მიჰყავხარ, გდარაჯობს. ერთი იყო, დერეფნის ბოლოში წიგნები დავინახე და ვთხოვე, მომეცით-მეთქი. მომიტანეს, ვკითხულობ, ბედის ირონია, ავტორს ვერ ვიხსენებ... სამხრეთ აფრიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი წერს, როგორ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას. მაინც ვკითხულობ, რომ არ მოვკვდე... ვსვამ წყალს და თან ვლოცულობ. სამი დღის შემდეგ მოდიან და მეუბნებიან, იცით, რა? სჯობს, აღიაროთ, თქვენი შვილი მოსკოვში მარტოა, მანქანით სიარული უყვარს...

ამ დროს მე ვიცი, ვისთან მაქვს საქმე, ყველაფრის მკისრებელთან. ამის მერე მინდა, საკუთარ შვილს ხელი მოვკიდო, დავინახო და უკვე მზად ვარ, საკუთარ დახვრეტაზეც კი მოვაწერო ხელი. შვილი ჩამომიყვანეს, ვნახე და ისევ გადამიტრიალდა, ისევ უარს ვამბობ აღიარებაზე. ეტყობა, რაღაც პიროვნული კიდევ მქონდა შერჩენილი. თუმცა ხელახალი მუქარა და ისევ გაიარა ამ ყველაფერმა. გავყავარ, შემოვყავარ, დღეში ცხრაჯერ მეუბნებიან, რომ უნდა ვაღიარო.

 

მაიას არავინ არაფერს ეკითხება, ბრალი წაუყენეს და მორჩა. როდესაც მე ბრალდება გამაცნეს, ხელი არ მოვაწერე, მაშინ ეკა ბესელიას ვეხვეწებოდი, მხარში დამიდექი-მეთქი, ისიც მზად იყო, მაგრამ მავანთა საუბრებმა ყველაფერი არია. იქ ისეთი პიროვნული რაღაცებიც იყო, ამაზე ჯერ ლაპარაკი არ მინდა... მაშინ მხოლოდ შვილის გადარჩენაზე ვფიქრობდი. შემოდის გამომძიებელი და მეუბნება: აი, ამას ისწავლით, გაიზეპირებთ და ჩამაბარებთ. ვგიჟდები, რა უნდა ვისწავლო? გამთენიისას მაიას ვეუბნები, მეტი აღარ შემიძლია, მორჩა შენი მაია ნიკოლეიშვილი, უნდა ვაღიარო-მეთქი. მახსოვს, მაია გაოგნდა, ვერ გაიგო, რა ხდებოდა. ისევ მოდის გამომძიებელი, "ტუპოე ლიცო", ჩამაბარეო... კარგით, რაა, დამანებეთ თავი, ჭკუიდან ნუ გადამიყვანეთ-მეთქი. მამშვიდებს... ქალბატონო მაია, თქვენ კი არა, ქურდებიც აღიარებენ ხოლმე, გავა დრო და მადლობას მეტყვითო.

ჩემი აღიარებით ბრალი არავისთვის დამიმძიმებია, სულ რომ თავი მომეკლა, ეს საქმე მაინც ასე დამთავრდებოდა, მაგრამ იმას განვიცდი, რა მოხდა, რატომ გავყტდი ოდესღაც ასეთი უშიშარი ადამიანი? შემდეგ მხვდება პროკურორი და მეუბნება: ქალბატონო მაია, თქვენ კიდევ ერთი რაღაცა უნდა გააკეთოთ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, თქვენ უნდა თქვათ, რომ შეკრებაზე სახელმწიფო გადატრიალების გეგმას ელიზბარ ჯაველიძე და ირინა სარიშვილი არ დაეთანხმნენ. კითხვა არ მქონდა, მივუბრუნდი ადვოკატ იასონ ბესელიას და ყურში ჩავჩურჩულე, ხედავ, რა ხდება-მეთქი? შემიყვანეს, ორი კამერა იწერდა, რაც მავიწყდებოდა, ვკითხულობდი და ეს გავიდა ეთერში. მანამდე გამომძიებელი მიმტკიცებდა, თქვენ აღიარებთ თუ არა, ეს ხალხი მაინც წავა ციხეში, მათი ჩვენებები და აღიარებები არავის აინტერესებს, 18 მოწმე გვყავს, თქვენი საკითხი მერაბიშვილთან არის შეთანხმებული, მიშას ჩამოსვლას ველოდებითო. მიშა მართლაც არ იყო საქართველოში, ელოდებოდნენ, იქნებ სხვა ხასიათზე ჩამოვიდესო? მივდივართ სასამართლოში, გზაში მიკითხავენ ნოტაციებს: ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ თქვენი ჩვენება დამაჯერებელი არ იყო, ახლა უნდა შეეცადოთ, რომ ილაპარაკოთ დამაჯერებლადო. მე ვიმეორებ ყველაფერს გალიიდან, შემიფარდეს გირაო და წამოვედი სახლში. მითხრეს, ამ გირაოსაც ჩვენ მივხედავთო.

 

ერთ დღეს მეუღლე მეუბნება, ერთი ნახე, ეს რა ქაღალდები გიყრია მაგიდაზეო? ვიწყებ გადაქექვას და ვხედავ, ერთ ფურცელზე გაკეთებულია ქსეროასლი, დახატულია რაღაც ტერიტორია, იქვე მიწერილია პლიუსები, მინუსები და ზემოდან აწერია: "კოდორის ხეობა". ხატზე დავიფიცებ, ეს ფურცელი მანამდე არ მინახავს, რა უნდოდა ჩემთან კოდორის ხეობის გეგმას?

ბატონ ელიზბარს პატივს ვცემ, როგორც უჭკვიანეს ადამიანს. ირინა სარიშვილთან თავიდანვე ცუდი დამოკიდებულება მქონდა. ეგ ის ქალია, რომელიც გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ჩვენთან მოვარდა და ისტერიკა დაიმართა, გამოკვლევები არ ჩაატაროთ, შეურაცხყოფა არ მიაყენოთო. გამოკვლევები მაინც ჩავატარეთ. ბოლოს მე დავაყენე საკითხი, "ანტისოროსში" სარიშვილმა ფეხი არ მოადგას-მეთქი. აი, მაშინ იგორ გიორგაძემ შექმნა ფონდი და მას ჩააბარა. მე თუ ვინმეს გადარჩენას ვისურვებდი, ესენი იყვნენ მაია თოფურია და თემურ ჟორჟოლიანი. სარიშვილის გადამრჩენი ნამდვილად არ ვიყავი. როგორც კი დამაპატიმრეს, მან დაიწყო პროვოკაციები, გადატრიალება რომ დაეგეგმა ვინმეს, მე დავეთანხმებოდიო. მერე რაღაცები გააშარჟა ტელევიზიით, ეს იყო განუწყვეტელი ტალახის სროლა ჩემი მისამართით. ბოლოს იქამდეც კი მივიდა, რომ ოფისში თავის მძღოლს ჩააცვა კაბა, სათვალე გაუკეთა, ვითომ მე ვიყავი და სპექტაკლი მოაწყო.

 

ჩემი თავი საკმაოდ უშიშარი მეგონა. ჩემები მხედავდნენ, როგორ ვკვდებოდი... მამაჩემმა მითხრა: შვილო, მე ვიცი, ჩვენს ოჯახს რაც დაემართება, მაგრამ ჯანდაბას, წადი საქართველოდან და სადაც იქნები, იქიდან ილაპარაკე სიმართლეო. გადავწყვიტე, გადავსულიყავი რუსეთში ან აფხაზეთიდან, ან კიდევ ოსეთის მხრიდან შვილებთან ერთად. დავუკავშირდი ჯემალ გოგიტიძეს, მარტო ის მინდოდა, რომ რუსეთის საზღვარზე დეპორტაცია არ გაეკეთებინათ. თან პირობა წავუყენე, ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდეს ირინა სარიშვილმა-მეთქი. ორი დღის მერე მომდის ირინას მესიჯი: "მაია, გავიგე, ამერიკელ ადვოკატებთან შეხვედრა გდომებია. ძალიან კარგი ადამიანები არიან". აი, აქ დამთავრდა ყველაფერი... მივწერე, შენ ჩემთვის მესიჯი არ უნდა გამოგეგზავნა, ბოლო-ბოლო, ვინ ხარ-მეთქი? გამოდის, ჩამიშვეს, ჩემი წასვლის შესახებ ინფორმაცია სწორედ იქ მივიდა, სადაც არ უნდა მისულიყო. ადრე თუ იგორ გიორგაძესთან კითხვის ნიშანი მქონდა, აქ უკვე წერტილი დავსვი. მე ძალიან ვუთანაგრძნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც ციხეში მძიმე წლები გადაიტანეს, მეც ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, რომ მივეცი აღიარებითი ჩვენება. თუმცა ვიმეორებ, არც სხვა შემთხვევაში შეიცვლებოდა რამე", - აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი